დუნეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუნეჲ (ადიღ. Дуней) – სამყარო, რომლის შემოქმედი, ადიღური მითოლოგიის მიხედვით, უზენაესი ღმერთი თჰა. მან შექმნა ქვეყნიერება – მიწა, ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ადამიანები, ყოველი სულდგმული და უსულო.

ჩერქეზული მითოლოგია, ისევე როგორც რიგი სხვა მითოლოგიები, შესაქმის კონკრეტულ აქტებს არ იცნობს. მიწის, ცის და სამყაროს სხვა ელემენტების შექმნის შესახებ მითები, თქმულებები არ შემონახულა. მაგრამ ჩვენამდე მოღწეული მითების ფრაგმენტები შესაქმის ცალკეული აქტების ნაწილობრივი აღდგენის შესაძლებლობას მაინც იძლევა. ამ მონაცემების მიხედვით, თავდაპირველად მიწა და ცა უფორმო, ამორფული, თხევადი მასა იყო. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ცისა და მიწის შექმნა გამოხატულია “пцIэн” ზმნით, რაც სითხის გამკვრივებას აღნიშნავს. წყლის სტიქიასთან ქაოსის კავშირი მითოლოგიაში უნივერსალურ მოვლენას წარმოადგენს. „გამკვრივების" გზით ცისა და მიწის ჩამოყალიბების პროცესი რიგ ტექსტებში თავისებური მდგრადი ფორმულით ხასიათდება: „როცა ცა ჯერ კიდევ არ იყო გამკვრივებული, ხოლო მიწა ის-ის იყო გამკვრივდა“ (ვარიანტი: „როცა ქვეყანა, ოი დუნეჲ, მხოლოდ იქმნებოდა, მწვანე მიწა, ოი დუნეჲ, ოდენ მკვრივდებოდა“). ამდენად, ადიღთა წარმოდგენით, ქვეყნიერება ამორფული სითხისგან იქმნება, ამასთან, ჯერ მიწა, ხოლო შემდეგ ცა ყალიბდება. შესაქმის აქტის ასეთ აღწერილობაში გვხვდება დეტალი, რომელიც ამ პროცესის თავისებურებაზე მეტყველებს, კერძოდ,ზოგჯერ ნათქვამია, რომ სამყარო რომელიღაც ბადისგან იქმნება („როცა ქვეყნიერებას ბადით ქმნიდნენ“), რაც ბოლომდე გასაგები არაა. ზოგან ბადე ცის შექმნის აღწერაშიც გვხვდება („როცა ის-ის იყო, ცა ბადის მეშვეობით ასწიეს“). გარდა ამისა, მიწის „გამკვრივების“ აქტში ცხვარიც კი მონაწილეობს: „როცა მწვანე მიწას, ოი დუნეი, ცხვრები ბეკნიდნენ“. ადიღურმა ფოლკლორმა მიკროკოსმოსის ცალკეული ელემენტების შექმნის თაობაზეც ანალოგიური ყრუ გამოძახილი შემოინახა. ესეც, ისევე როგორც მაკროკოსმოსის ჩამოყალიბების პროცესი, მითოსურ დროს განეკუთვნება. „ძველი ნართების სიმღერაში“ („Нартыжь уэрэд“) ნათქვამია:

როცა ბეშტაუს მთა, ოი დუნეჲ, ბორცვის ზომისა იყო,
როცა ბეშტაუს ტყე, ოი დუნეჲ, ბუჩქნარი იყო...
როცა მძლავრი ინდილის, ოი დუნეჲ, გადაბიჯება შეიძლებოდა...

ჩერქეზთა ფოლკლორულ ტრადიციაში იალბუზის (ოშჰამახოს) ზოგიერთი თავისებურების ახსნასაც ვხვდებით. ამ მთის ორი მწვერვალის წარმოშობა უკავშირდება ოშჰამახოზე მიჯაჭვული გმირს, ნართების წინამძღოლს – ნასრენ-ჟაჭეს, რომელსაც გულს არწივი უკორტნის. ამ ტანჯული მოხუცის სისხლის ნაკადმა ისე გადარეცხა მთა, რომ ორი მწვერვალი გაჩნდა. ადიღთა მიერ ისლამის მიღების შემდეგ, ეს მოტივი ნოეს კიდობნის შესახებ ისლამიზირებული ბიბლიური მოტივით იცვლება: მსოფლიო წარღვნის დროს კიდობანი იალბუზის მწვერვალს ორად ჰყოფს.

ადიღურმა მითოლოგიამ შედარებით კარგად შემოინახა არქაული ადამიანის წარმოდგენები სამყაროს სტრუქტურის შესახებ („ბჟეი“, „ჰედერიხე“).


ლიტერატურა

  • Нарты. Адыгский эпос. М., 1974;
  • Шортанов А. Т. Адыгская мифология. Нальчик, 1982;
  • Мижаев М. И. Космогонические мифы адыгов // Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები