ეგევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგევსი და თესევსი. სკიფოსის ფერწერა (ძვ.წ. 475-470 წ.წ.), პარიზი, ლუვრი

ეგევსი(ბერძნ.) ათენის მეფე, კეკროფსის შვილიშვილი, პანდიონის ძე, თესევსის მამა.

ეგევსი ატიკის პირველმოსახლის, ერეხთევსის ჩამომავალი იყო. იგი ხანგრძლივად მართავდა ათენს და უბედნიერეს კაცად ითვლებოდა. როდესაც მას ეწვია ჭაბუკი თესევსი, ეგევსმა იგი თავის შვილად სცნო და მემკვიდრედ აღიარა.

იმხანად მთელი ატიკა ღრმა მწუხარებით იყო მოცული. ძლევამოსილი მეფე მინოსი ხარკს ითხოვდა: შვიდ ქალწულსა და შვიდ ჭაბუკს, რომლებიც საზარელ ხარკაცს, მინოტავროსს, უნდა შთაენთქა. მეფე მინოსმა ათენელები დასაჯა იმის გამო, რომ მათ მოკლეს მისი ძე ანდროგეოსი. და აი, მინოტავროსის მოსაკლავად კრეტაზე გაემგზავრა თესევსი. გამგზავრების წინ გმირმა აღუთქვა მამას, თუკი გაიმარჯვებდა, ხომალდის შავ აფრებს თეთრი აფრებით შეცვლიდა. თესევსმა მოკლა მინოტავროსი და ატიკის ნაპირებისაკენ ისწრაფა. მაგრამ დაავიწყდა აფრების შეცვლა. ხოლო ეგევსი ზღვის კიდესთან აღმართულ მაღალ კლდეზე იდგა და მოუთმენლად გაჰყურებდა სივრცეს. ბოლოს გამოჩნდა შავი წერტილი, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა და დიდდებოდა. ეს მისი შვილის ხომალდი იყო. ეგევსი აფრებს აკვირდებოდა. ისინი შავად ფრიალებდნენ. ეს კი თესევსის დაღუპვის მაუწყებელი უნდა ყოფილიყო. დარდმა დაჯაბნა ათენის დიდი მეუფე. მაღალი კლდიდან გადაეშვა იგი ზღვაში და ზვირთებში განუტევა სული. მეფის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყეს. დიდი პატივით მიაბარა მამის სხეული მიწას თესევსმა და ვითარცა გმირს, აღუმართა საკურთხეველი. მას შემდეგ იმ ზღვას, სადაც ეგევსი ჩაიძირა, ეგეოსის ზღვა ეწოდება.

ათენში არსებობდა ეგევსის კულტი და მის სახელზე აგებული ტაძარი (ეგეიონი).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები