ენგრი ჟან ოგიუსტ დომინიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი. დიდი ოდალისკი, 1814; ტილო, ზეთი, 88.9X162.5 მ. ლუვრი, პარიზი

ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი – (Jean-Auguste-Dominique Ingres, 1780-1867), დავიდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოსწავლე, 1835-1841 წლებში ფრანგული აკადემიის დირექტორი იყო რომში. მხატვარი, მასწავლებელი და თეორეტიკოსი, იგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემოქმედი გახდა. ენგრი რაფაელისეულ ზუსტსა და მკაფიო ნახატს, იდეალიზებულ ფორმას და კლასიკურ კომპოზიციას სენსუალობითა და ეროტიკულობით აღსავსე სახე-ხატთან აერთიანებს და ამით რომანტიზმისა და კლასიციზმის თავისებურ ნაზავს ქმნის.

ენგრის დიდი სურვილის მიუხედავად, რომ იგი ისტორიული სურათის ოსტატად ეღიარებინათ, სახელი მან სწორედ ნიუსა და არისტოკრატი ქალების პორტრეტების შექმნით გაითქვა. ენგრმა ოდალისკის, სულთნის ჰარამხანის ეგზოტიკური მონა ქალის, თუ ხარჭის უამრავი ვერსია შექმნა. სურათში დიდი ოდალისკი ქალის მზერა გულგრილია, მაშინ, როცა მისი გველივით მოქნილი, შიშველი სხეული დაუფარავად ამჟღავნებს ეროტიკულობას. დივანის და ფარდის სილურჯე ქალის თეთრი კანისა და ლურჯი თვალების ეფექტს აძლიერებს, ხოლო დაჭმუჭნული ზეწარი ვნებიანი სხეულის კონტურებს უსვამს ხაზს. ოდალისკი "თეთრი მონის" ენგრისეული სახეა. ქალის თავსაბურავის, მარაოსა და ძვირფასი თვლებით მორთული სამკაულის ეგზოტიკური დეტალები მის ვნებიანობას ამძაფრებს. ენგრის აკადემიური ხაზი და კომპოზიციის სტრუქტურა მის მიერ მიღებული კლასიკური განათლების შედეგია, თუმცა, მოხდენილი შიშველი ქალების სახე-ხატები უფრო რომანტიზმით არის შთაგონებული.

წარწერის ტექსტი

იმის მიუხედავად, რომ ენგრს პორტრეტების ხატვა დროის კარგვად მიაჩნდა, მას შეუდარებელი უნარი ჰქონდა ბრწყინვალედ წარმოეჩინა გარეგნული მსგავსება, ზუსტად გადმოეცა პორტრეტირებულის ვარცხნილობა, ტანსაცმლისა თუ სამკაულის დეტალები, მათი ფაქტურა. იგი ნატურალური ზომის მრავალ დახვეწილ და დასრულებულ პორტრეტს ქმნიდა, თუმცა, ხშირად, მცირე ზომის ძალზე ნატიფ, ცოცხალ ნახატებსაც ასრულებდა, თანაც ძალზე სწრაფად, ერთ დღეში. მადამ დეზირე რაულ-როშეტის პორტრეტზე მშვიდი, მომხიბლავი და ელეგანტური ქალია ასახული. მარჯვენა ხელზე მას ხელთათმანი აცვია, რაც მის სოციალურ სტატუსზე მიუთითებს - თხელი ტყავის ხელთათმანები ევროპის მაღალი წრის წარმომადგენლებს ეცვათ, მათ, ვისაც ხელით შრომა არ უწევდა. საქორწინო ბეჭედი კი მარცხენა ხელზე მის ოჯახურ მდგომარეობაზე მეტყველებს. იმ დროის მოდის მიხედვითშეკერილი ბზვინვარე აბრეშუმის კაბა, მაღალი წელითა და ფუშფუშა სახელოებით, ფანქრის ზუსტი და მსუბუქი შტრიხებითაა შესრულებული. ეს შტრიხები უფრო კაბის ცალკეულ ნიუანსებზე მიანიშნებს, ვიდრე დეტალურად აღწერს მას. დიდი ყურადღება ექცევა ქალის ნატიფ სახესა და დახვეწილ ვარცხნილობას, რომელთაც ენგრი მსუბუქი შუქ-ჩრდილებით დიდი სიზუსტით გადმოსცემს.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები