ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (კუხალაშვილი), (1775, სოფ. კინჩხა, სამეგრელოს სამთავრო, – 03.04.1842), საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი. ერისკაცობის სახელი უცნობია.

იგი დაიბადა აზნაურ ნიკოლოზ კუხალაშვილის ოჯახში. ჰყავდა ძმები: პეტრე და სვიმონი. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი საირმის მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ლაზარესთან (აფაქიძე) ისწავლა. 1798 წ. გიორგი დაქორწინდა. 1799 წ. 20 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. მომდევნო წელს გარდაეცვალა მეუღლე და ახალგაზრდა დიაკონი ისევ მონასტერში დაბრუნდა თავის მოძღვართან. სამი წელი საბერო მორჩილებაში გაატარა. 1803 წ. 8 თებერვალს მიტროპოლიტმა ბესარიონმა ბერად აღკვეცა და მღვდლად დაასხა ხელი. პატიოსნებითა და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით გიორგიმ მალე გაითქვა სახელი და 1811 წ. უკვე სამეგრელოს მთავრის, ლევან V დადიანის სულიერი მოძღვარი იყო, რაც დასტურდება ლევანის მიერ გაცემული რამდენიმე წყალობის სიგელით. 1816 წ. 24 ოქტომბერს „ღირსებისა და პატიოსნებისა მისისათვის“ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა საირმისა და ნამარნევის მონასტრების (საეკლესიო წყაროებში მოიხსენიება როგორც უდაბნოები) წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა. გიორგი მთავრის ოჯახთან დაახლოებული პირი იყო. 1817 წ. ლევან დადიანმა თავის მოძღვარს, გიორგის და მის ძმას – ოქრომჭედელ სვიმონ კუხალაშვილს უბოძა უძეოდ გარდაცვლილი სულიკელა კუხალაშვილისა და მისი ძმის ნაქონი მამული და სახლ-კარი.

მღვდელ თევდორე ხოშტარიას ცნობით, გიორგი ყოფილა „კაცი მდაბალი და ნების მყოფელი მთავრისა“. ის დიდი გულმოდგინებით ცდილობდა მოსახლეობაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას და ებრძოდა ცრუ რწმენებს. ამ მიზნით ის ბევრს მოგზაურობდა თავის სამწყსოში და სახარებასა და წმ. წერილს განუმარტავდა მრევლს. ერთ-ერთ ხელნაწერ წიგნზე შემორჩენილია გიორგის მიერ გაკეთებული წარწერა: „როდესაც მე სვანეთსა ვიყავ სიტყვისა ღვთისა მქადაგებელად, მრავალნი სულნი მოვაქცინე და მრავალნი უჯერონი და სჯულის გარდამავალნი საქმენი დავარღვევინე და მე იქ შრომასა დავშთი“.

1834 წ. 24 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1834 წ. 9 ივნისს მიტროპოლიტ დავითის (წერეთელი) გადადგომასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი გიორგი დროებით დაინიშნა სამეგრელოს ეპარქიის მმართველად. 1835 წ. 19 მაისს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დანიშნეს. XVIII ს. გადაწერილ კრებულზე შემორჩენილია წარწერა, სადაც სწორედ გიორგის კურთხევაა აღწერილი: „ოდიშის არქიერათ აკურთხეს კუხიანიძე (იგულისხმება კუხალაშვილი) გიორგი, არხიმანდრიტი, ჭოინდლის მაგიერათ დასვეს წელსა ჩყლე, მაისის ით, ეს იყო მეგრელოისა მცირე კაცის შვილი, მოხნიერებული, სიონში აკურთხეს, იყო ოთხი მღუდელმთავარი: ევგენი – რუსეთისა, სოფრონიოზ – იმერეთისა, ბოდბელი... და სხვანი“. 1839 წ. გ-მ მოაჭედინა მარტვილის მაცხოვრის ხატი, რასაც თავისი წარწერით ადასტურებს: „მე ჭყონდიდელმან გიორგიმ მოვაჭედინე - ხატი ღვთისა და დავასვენე... მარტვირს... განსაძლიერებლად მთავრისა ჩვენისა ლეონ გრიგოლის ძისა დადიანისა, საოხად სულისა დედოფლისა მართასი და სადღეგრძელოდ მემკვიდრისა დავითისა, მეუღლისა მისისა ეკატერინესი... წელთა 1839, მთავრობასა ლეონისსა ოც-და-მეთვრამეტესა, ხოლო მწყემსთმთავრობასა ჩემსა მეხუთესა. შეიწყალე მხატვარი... მეუნარგია პეპუ.

გიორგი წიგნიერი და განათლებული მღვდელმთავარი იყო. იგი განუწყვეტლივ ზრუნავდა სამეგრელოს ეპარქიაში სასულიერო განათლების განვითარებისთვის. ჯერ კიდევ არქიმანდრიტობის პერიოდში ზედამხედველობას უწევდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელს, ამოწმებდა პედაგოგების როგორც განათლების დონეს, ისე ზნეობრივ მხარეს. სხვადასხვა წლებში დაწერილ მოხსენებით ბარათებში იგი წერდა: „მასწავლებლებმა, დიმიტრი კოლუბანსკიმ და გიორგი გურგენიძემ საკმაოდ უჩვენეს გულმოდგინება და მაშინ ვხედავდი მე თვით თითქმის განსხვავებითს წარმატებას მოწაფეთაგან“. პედაგოგ დიმიტრი ფომინზე კი, რომელიც 1836 წ. დაინიშნა მარტვილის სასწავლებლის მასწავლებლად, იგი წერდა: „მოსწავლეები არა თუ მიიღებენ მისგან წარმატებასა სწავლისაგან, არამედ მრავალსა უწესობასა ხსენებულის უჩიტელისაგან“. მართალია, ხასიათითა და ზნეობით მასწავლებელ ხარიტონოვს, რომელიც მარტვილის სკოლაში 1839 წ. დაინიშნა, დასაწუნი არაფერი ჰქონდა, მაგრამ გიორგის აზრით, იგი სწავლების პროცესს ვერ ხელმძღვანელობდა, ხოლო სამრევლო სასწავლებლის პირველ მასწავლებელს რომან ბორისოვს, იგივე ბერიძეს, გიორგი ასე ახასიათებდა: „მეცადინეობდა ფრიად გულმოდგინებით“.

გიორგის ლოცვა-კურთხევით ახლიდან გადაიწერა უძველესი ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის ძეგლები, რომელთა უმეტესობა დღეს კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ერთ-ერთი მათგანია 1834 წ. გადაწერილი „ფსალმუნთა თარგმანება“, რომელსაც აქვს შესაბამისი მინაწერიც: „მე... მრავალ ორდენთა კავალერის მქონეს ჩემის ხელმწიფის, დადიანის ლეონის მოძღვარმან – ლეჩხუმთ ორთავე მონასტერთა განმაშვენებელმან, საირმის და ნამარნევის უდაბნოთა მამამ და სრულიად ლეჩხუმისა და ჭყონდიდლის საეპარხიოს არხიმანდრიტმან გიორგიმ, ვიღვაწე სულთა განმანათლებელი წიგნი ესე დავითის თარგმანი და დავაწერინე ჩემგან მოყვანილს... მდივანს ბერს გრიგორის ჩემის ქაღალდით და მელნით და სრულიადის სასყიდლის მიცემით“. გიორგის გარდაცვალების შემდეგ ამ წიგნზე არის 1842 წ. 16 ოქტომბრის მინაწერიც: „ეს დავითნის თარგმანი განსვენებულის გიორგის ეპისკოპოზის იყო, და მე არხიმანდრიტმან ბესარიონმან დავსდევი მარტვილის მონასტერშიდ, სულისა მისისა საოხად და მოსახსენებლად, და ვინც ეს დავითნის თარგმანი გამოიტანოს ამ ეკლესიიდამ, შეჩვენებული იყოს სულით და ხორცით აქაცა და მერმესა მას საუკუნესა. ხობის მონასტრის არხიმანდრიტი და დროებით მენღრელიის საეპარხიოს მმართველი ბესარიონ“.

1837 წ. გარდაიცვალა ბოდბელი მიტროპოპიტი იოანე მაყაშვილი, ხოლო 1839 წ. ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი და ყოფილი რუსთველ-ნინოწმიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე). 1839-1841 წწ. აღმ. საქართველო მღვდელმთავრის გარეშე იყო დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი). 1841 წ. ნოემბერში რუსეთის წმ. სინოდი სამღვდელმთავრო კანდიდატად სამ ვაკანსიას განიხილავდა. ესენი იყვნენ: დავითგარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი), შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკიფორე (ჯორჯაძე) და სხვავის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პანტელეიმონი (ჯაფარიძე). საბოლოოდ, ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად და გორის მღვდელმთავრად არქიმანდრიტი ნიკიფორე გამოარჩიეს. მისი ხელდასხმა უნდა მომხდარიყო 1842 წ. 21 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში, მაგრამ ეს კურთხევა გადაიდო, რადგან სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი ვერ ჩამოვიდა თბილისში, რაზედაც მან წინასწარ, ამავე წლის 1 იანვარს აცნობა ეგზარქოს ევგენის და შენდობა ითხოვა: „მოწერილობასა ზედა თქვენისა მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა ჩემდამი 19-ის დეკემბრიდგან წარსულის 1841 წლისა, უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას, რომელ ადრიდგან მსურდა ხილვა და თაყვანისცემა თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა, რომლისა გამო დროისათვის კურთხევისა ეპისკოპოსად არქიმანდრიტის ნიკიფორესი ამა იანვრის 21-ს ვისწრაფდი მოსვლასა ქ. თბილისს და იმა შემთხვევისა შინა დასწრება ჩემთვის იქნებოდა ფრიად სასიამოვნო, გარნა უწინარეს ამის, მქონდა მე პატივი მოხსენებად, თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობისადმი, რომელ წარსულის ზაფხულის სიცხეებისგან დროისა მუშაობისა ჩემისა სუჯუნის წმინდის გიორგის ქვითკირის ეკლესიისა და სხვათა აწ აშენებულთა ჩემს ეპარქიაში ეკლესიებთა ხშირის მხედველობისა გამო, ჩემისა დიდად მავნებლობა შემემთხვია ცხელებით, რომლისა დროიდან აქამომდისა ვიტანჯები მით, რასა ზედა ჯრუჭის მონასტრის მიტროპოლიტი დავითი მხილველი ჩემისა სნეულებისა მოახსენებდა თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და მით ვიმედოვნებ თავსა ჩემსა, უმოწყალესო მწყემს-მთავარო, რომელ მიმიტევებთ იმ შემთხვევაში დაუსწრებლობას, ესე იგი, ეპისკოპოსის კურთხევის ზედა არქმანდრიტის ნიკიფორესი. უმორჩილესი მოსამსახურე გიორგი ეპისკოპოსი მინღრელიისა“.

1842 წ. 10 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ თხოვნა გაუგზავნა წმ. სინოდს, რათა დაერთოთ ნება ორ მღვდელმთავარს ეკურთხებინა არქიმანდრიტი ნიკიფორე ეპისკოპოსად, რაზედაც წმ. სინოდმა განაჩინა: „ეპისკოპოს გიორგის ავადმყოფობის გამო, ვრთავთ ნებას შეასრულოს კურთხევა ორმა ეპისკოპოსმა“. 1842 წ. 5 აპრილს მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა, ორი დღით ადრე კი, 3 აპრილს, მარტვილში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გიორგი. მისი ცხედარი მარტვილის საკათედრო ტაძარში, სამხრეთი კარის მახლობლად დაკრძალეს. საფლავზე არის ასეთი წარწერა: „საფლავსა ამას შინა მდებარე არის ყოვლადსამღვდელო ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გიორგი და კავალერი, რომელი მართავდა სამწყსოსა ექუს წელ და ათ თთუე და მიიცვალა წ. ჩყმბ-სა აპრილის გ-ს. ფიქალი ესე დავსდევ სამენგრელოს მემკვიდრემ დავით დადიანმა“.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №812; ფ. 489, აღწერა 1, საქმე №4251; საქმე №2185; საქმე №4631, საქმე №8038, საქმე №7452.
  • თაყაიშვილი ე., მარტვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები, წ. 2, ტფ., 1 914;
  • ტუღუში ა., ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გიორგი კუხალაშვილი, კრ., „ვლაქერნობა“, (ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გამოცემა), ზუგდი- დი, 2005;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 3, თბ., 1967.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები