ერიხთონიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათენა და ერიხთონიოსი. პელიკეს ფერწერა (ძვ.წ. 440-430 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

ერიხთონიოსი(ბერძნ.) ათენის ლეგენდარული მეფე. ჰეფესტოსა და გეას ძე. ათენას აღზრდილი.

ტროას ომის დროს ათენამ მჭედლობის ღმერთს, ჰეფესტოს სთხოვა გამოეჭედა მისთვის საბრძოლო აღსაჭურველი. ჰეფესტო შეუდგა თავის საქმეს. თანაც მოსწონდა ეს მშვენიერი და კეთილგონიერი ქალღმერთი. ათენამ განიზრახა ენახა, თუ როგორ ამზადებდა იარაღს მჭედელი ღმერთი და მისი სახელოსნოსკენ ისწრაფა. მას იქ მისვლა დაასწრო პოსეიდონმა, რომელმაც საქმით გართულ ღმერთს აუწყა: „შენს სამჭედლოში მოდის ათენა, რომელსაც ზევსის ნებით სურს, ვინმემ დაიმორჩილოს“. მღელვარებით ელოდა ჰეფესტო ქალწულ ღვთაებას და იხილა თუ არა, მძლავრ მკლავებში მოიმწყვდია. ათენა დაუსხლტა, მაგრამ ჰეფესტოს თესლი დაეღვარა მუხლისთავებზე. ჩამოიწმინდა შალის ნაგლეჯით და ზიზღით მოისროლა. ამ თესლმა გაანაყოფიერა გეა-დედამიწა. მან კი, შეშფოთებულმა იმით, რომ შესაძლოა გააჩინოს ბავშვი, რომელიც ჰეფესტომ კინაღამ ათენას ჩაუსახა, განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას მის აღზრდაში. მაშინ ათენამ გადაწყვიტა, ეზრუნა ბავშვზე. დაარქვა ერიხთონიოსი და პოსეიდონისათვის რომ არ მიეცა მისი მასხრად აგდების შესაძლებლობა, გადამალა თავის წმინდა კალათში. ხოლო ეს კალათი ჩააბარა ათენის მეფის, კეკროფსის, უფროს ქალიშვილს და უბრძანა მისი დაცვა.

კეკროფსი, ნახევრადკაცი – ნახევრადგველი, გეას ძე იყო. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათთან ერთად აკროპოლისზე ცხოვრობდა. ქალიშვილებს ცნობისწადილმა სძლია და მათ წმინდა კალათას სახურავი ახადეს. როდესაც შიგ გველისბოლოიანი ყმაწვილი იხილეს, შეშინდნენ და აკროპოლისის კლდიდან უფსკრულში გადაცვივდნენ.

ათენამ ერიხთონიოსი თავის ეგისში დამალა და ისე ზრუნავდა მასზე, რომ ყველას დედა ეგონა. გამოხდა ხანი. ერიხთონიოსი გაიზარდა, დაამარცხა დამპყრობელი ამფიქტიონი და სამეფო ტახტზე აღზევდა. მან დააწესა ატიკაში ათენას კულტი, საყოველთაო ათენური დღესასწაულები, ააგო ათენასა და პოსეიდონის საერთო ტაძარი („ერეხთეიონი“). ერიხთონიოსი, ე.წ. „კვადრიგა“, ეტლის გამომგონებლადაც ითვლებოდა და ამის გამო, როგორც ამბობენ, სიკვდილის შემდეგ ეტლის თანავარსკვლავედად გარდაისახა.

ერიხთონიოსის სახელი მიგვითითებს მითოსის ხთონურ წარმომავლობაზე („ერის“ – კარგი, ძლიერი, „ხთონიოსი“ – მიწისა, მიწიერი). ამასვე გვიდასტურებს გმირის გველისებური სახე. გეას (მიწის) შობილ ხთონურ ღვთაებებს გველის სახით წარმოსახავდნენ ძველ სამყაროში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები