ვანის სახარება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანის სახარება – ვანის ოთხთავი, XII-XIII სს. სახარება-ოთხთავის გიორგი მთაწმიდლისეული ქართული რედაქციის ხელნაწერი. შესრულებულია ლამაზი ნუსხურით ორ სვეტად. შეიცავს 274 ფურცელს (241-ე ფურცელი ამოვარდნილია), თითო სვეტში 21 სტრიქონია. ხელნაწერის ზომაა 29X21 სმ, ნაწერი სვეტისა – 19X5, 2. სათაურები, აბზაცის დასაწყისი და ზოგჯერ ცალკეული სიტყვების პირველი ასოები შესრულებულია მთავრულითა და ოქრომელნით. მდიდრულადაა შემკობილი ევსების „10 კანონის“ შემცველი კამარებით, მახარებელთა სურათებითა და მინიატიურებით. ხელნაწერის მომხატველია ბერძენი მიქაელ კორესელი, გადაწერილია თამარის სამეფო კარის დაკვეთით ვინმე იოვანეს მიერ ქ. კონსტანტინოპოლთან ახლომდებარე რომანას ქართველთა მონასტერში. ანდერძიდან ჩანს, რომ ცნობილ მოღვაწე ბერს ზაქარიას ათონის მთაწმიდის მონასტრის დიდ წიგნსაცავში მოუძიებია ოთხთავის გიორგი მთაწმიდელისეული ავტოგრაფი. იგი ჯერ შატბერდელ სტეფანე ხუცს გადაუწერია, შემდეგ კი – იოვანეს.

თითოეულ სახარებას უძღვის მოკლე უწყება და თავების ტექსტი: მათესას – 76, მარკოზისას – 57, ლუკასას – 96, იოანესას – 36. ეს თავები ტექსტის შიგნითაც მეორდება სათანადო ადგილებში. ხელნაწერში დაცულია ბევრი მინაწერი და გიორგი მთაწმიდლის ცნობილი ანდერძიც.

ორთოგრაფია-ფონეტიკიდან ვანის სახარებას ახასიათებს უჱ დაწერილობა ნაცვლად უე-სი: ტყუჱობასა, უკუმ, ს ასიმილაციით იცვლება შ-დ სისტემებრ ჯ ჭ ჩ-ს წინ: შჯის, ჰშჩანთ, მოშჭრიდეს…; ჰ პირის ნიშანი შენახულია მხოლოდ ხ-ს წინ: ჰხადის…, ზმნის ვნებითი გვარის ფორმებში უვინო დაწერილობაა: ცხონდების და ა. შ.

ვანის სახარება ერთხანს (XIV-XV სს.) დაცული ყოფილი მესხეთში, შორათის მონასტერში, შემდეგ (XVIII ს.) – ვანში, 1889-იდან კი – გელათში, საიდანაც ვუკ. ბერიძეს ჩამოუტანია თბილისში. ამჟამად ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (A-1335). ტექსტი გამოკვლევითურთ გამოსცა ი. იმნაიშვილმა 1979.

კ. დანელია


ლიტერატურა

  • ყაუხსიშეილი თ. ზოგი ქართული ხელნაწერის ბერძნული მინაწერები- „მიმომხილველი“, II, თბ., 1951; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A კოლექცია), ტ. 4, თბ., 1954; მაჭავარიანი ე. „ვეანის ოთხთავის დეკორაციული მორთულობა – „ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, 1960, ტ. 2;
  • აბულაძე ი. „ქართული წერის ნიმუშები“. პალეოგრაფიული ალბომი, თბ., 1973; ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია. ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ი. იმნაიშვილმა, თბ., 1979.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები