მათე მოციქული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარავაჯო, წმინდა მოციქული მათე

წმ. მოციქული მათე - ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. იყო მებაჟე (ხარკის ამკრეფი), რომელიც ქრისტეს პირველსავე მოწოდებაზე მისი მოციქული გახდა. მას კიდევ ორი ძმა ჰყავდა, წმიდა იაკობი (ალფესი) და წმიდა იუდა (იაკობისი) ანუ თადეოზი. მათ მამას ერქვა კლეოპა ანუ ალფე, ხოლო დედას - მარიამი. იგი ღმრთისმშობლის ძალიან ახლო ნათესავი იყო. წმ. მათემ ქრისტეს ამაღლებიდან მე-8 წ დაწერა სახარება ებრაელთათვის. ქრისტეს რჯულზე მოაქცია მრავალი ქვეყანა და ბოლოს კაციჭამიებთან წავიდა. შავი და მხეცური ზნის ხალხი ცხოვრობდა იქ. რამდენიმე გააქრისტიაანა, პატარა ეკლესია ააშენა და ეპისკოპოსად თავისი მოწაფე პლატონი დააყენა.

უფლის კურთხევით მოციქულმა მათემ უფლისმიერ ბოძებული ჯოხი დარგო ახლადაშენებული ეკლესიის წინ, რომელმაც ყველას თვალწინ გამოიღო შესანიშნავი ნაყოფი და ხის ძირიდან გამოვიდა წყარო, რომელშიც პირს თუ დაიბანდნენ, ყველანი ლამაზდებოდნენ. აქ მონათლა წმიდა მათემ ქალაქის მთავრის ფულვიანეს ეშმაკეული ცოლ-შვილი, რომელნიც ფიზიკურად და სულიერად გალამაზდნენ. ფულვიანეს ჯერ კი გაეხარდა ეს ამბავი, მაგრამ როცა მასიურად იწყეს მონათვლა, მაშინ წმიდა მათეს მოკვლა გადაწყვიტა. მისი ბრძანებით წმ. მათე მიწაზე ლურსმნებით დააკრეს. ფიჩხი დააყარეს და ისე წაუკიდეს მას ცეცხლი. მალე ცეცხლი ვარდად იქცა, წმიდა მათე კი უვნებელი იყო. ფულვიანემ ეს წმიდა მათეს გრძნეულებას დააბრალა, კიდევ დააწყობინა მის ზურგზე ფიჩხი, გოგირდი, კუპრი და წაუკიდა ცეცხლი, გარშემო 12 ოქროს კერპი შემოუწყო. ცეცხლმა დაადნო კერპები, ბოლოს იქიდან გამოძვრა ცეცხლის გველი და ჩასაყლაპად გამოუდგა მთავარს. მაშინ კი შეეხვეწა ფულვიანე შველას წმიდა მათეს. მან ცეცხლი შერისხა და გველიც გაუჩინარდა. ფულვიანემ დიდი პატივით მოინდომა ცეცხლიდან გამოეყვანა წმიდა მათე, მაგრამ მოციქულმა აღარ ინება, ილოცა და ლოცვაში მიაბარა სული უფალს.

მთავარმა ძვირფასი შესამოსელით შემოსა პატიოსანი და ცეცხლისაგან უვნებლად გადარჩენილი წმიდა მოციქულის გვამი, დაასვენა ოქროს ტახტზე და წარჩინებული კაცების ხელით შეასვენა თავის სასახლეში.

ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება ფულვიანეს, ამიტომ მან წმიდა მათეს ცხედარი წყალგაუვალ რკინის ჭურჭელში ჩადო და ზღვაში ჩაუშვა იმ განზრახვით, რომ თუ მათე მოციქული მართლაც ცოცხალი ღმერთის მოციქული იყო, მაშინ ამ ჭურჭელს ზღვა ნაპირზე გამორიყავდა. როცა ეს ჭურჭელი მეორე დღეს ნაპირზე იპოვეს, მაშინ კი დიდი სინანული იგრძნო ფულვიანემ და მოინათლა. ნათლობისას უფლის ხმა მოესმა ზეციდან, რომ მისთვის მათე დაერქმიათ.

ამ დღიდან მოციქულთა მიმბაძველი გახდა ფულვიანე-მათე, მღვდლადაც აკურთხეს, 3 წლის შემდეგ კი ეპისკოპოსად. ახალი ეპისკოპოსი გულმოდგინედ ქადაგებდა ქრისტეს ცხოვრებას და გარდაცვალების შემდეგ იგი წმიდა მათე მახარებელთან ერთად წარსდგა უფლის წინაშე.

წმ. მათე მოიხსენიება ახ. სტილით 12 ივლისს ყველა მოციქულთა ერთად.


წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები