ვიკელასი დემეტრიოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრიოს ვიკელასი
სოკ-ის პრეზიდენტი 1894-1896

დემეტრიოს ვიკელასი - ბერძენი მწერალი და ფილოლოგი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი.

დაიბადა ერმუპოლისში, საბერძნეთის კუნძულ სიროსზე, 1835 წლის 15 სექტემბერს. დემეტრიოსმა საბაზო განათლება დედის სახლში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სასწავლო კურსი გაიარა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მაინც თვითნასწავლად დარჩა, ადრეული ასაკიდან კი ლიტერატურისადმი ნიჭსაც ავლენდა.

17 წლის დემეტრიოს ვიკელასმა 1852 წელს საბერძნეთი დატოვა და ბედის საძიებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ხორბლით მოვაჭრე თავისი ბიძების კომპანიაში დაიწყო მუშაობა, 1866 წელს კი მდიდარ კალიოპე გერალოპულოსზე დაქორწინდა. ფინანსურმა დამოუკიდებლობამ ვიკელასს საშუალება მისცა საცხოვრებლად პარიზში გადასულიყო და ლიტერატურაში ეცადა ბედი. ფრანგულიდან და გერმანულიდან ბერძნულად თარგმნა ჟან რასინისა და გოეთეს ტრაგედიები. ასევე გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი ­„ბიზანტია და თანამედროვე საბერძნეთი“, აგრეთვე „ეგეოსის ზღვის ზღაპრების“ კრებული. თავისი ნამუშევრების წყალობით ვიკელასმა ინტელექტუალურ წრეებში სახელი და აღიარება მოიპოვა, ამასთან, ჩაერთო საზოგადოებრივ­პოლიტიკურ მოღვაწეობაში.

1894 წელს ვიკელასი ფრანგი მეგობრის, ბარონ პიერ დე კუბერტენის მიწვევით მონაწილეობდა პარიზის კონგრესში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების და თანამედროვეობის ოლიმპიური თამაშების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. კუბერტენის შეხედულებისამებრ, კარგი იქნებოდა, თუ საინაუგურაციო ოლიმპიური თამაშები 1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენის პარალელურად გაიმართებოდა. კონგრესის წევრთა განმარტებით, ექვსწლიანი მოლოდინი ოლიმპიური თამაშებისადმი ინტერესს გაანელებდა, ამიტომ აჯობებდა, თუ საინაუგურაციო ოლიმპიადა 1896 წელს ჩატარდებოდა.

დამფუძნებელი კონგრესის ბოლო სხდომაზე დელეგატების წინაშე ემოციური გამოსვლისას, დემეტრიოს ვიკელასმა ოფიციალურად წამოაყენა წინადადება პირველი ოლიმპიური თამაშების ათენში ჩატარების თაობაზე:

„როცა საქმე ეხება ოლიმპიურ თამაშებს, საბერძნეთს ხომ აქვს იმის უფლება, რომ თამაშების აღორძინების პრემიერა საკუთარ მიწაზე იხილოს? ბატონებო, როცა თქვენ ხაზს უსვამთ იმ ფაქტს, რომ ოლიმპიზმის სამშობლო ანტიკური საბერძნეთია, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ დღევანდელი ბერძნები მისი პირდაპირი შთამომავლები ვართ. თუ თქვენ თავს თვლით ჩვენი საერთო წინაპრის შვილიშვილებად, ჩვენ, ბერძნები ხომ უშუალოდ მათი შვილები ვართ. გამოავლინეთ დიდსულოვნება და დაგვიმტკიცეთ, რომ ამ საკითხში ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რომ კეთილგანწყობით მიღებულ თქვენს გადაწყვეტილებას ბერძნები სიხარულით შეხვდებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ღირსეულად აღასრულონ ის. მე ვთავაზობ დღევანდელ კონგრესს, გამოხატოს სურვილი, რომ საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების პირველი დღესასწაული ჩატარდეს ათენში".

დემეტრიოს ვიკელასის გამოსვლის შემდეგ შემდეგ, კუბერტენმა თამაშების ჩატარების ადგილად ათენი დაასახელა. ამგვარად, ათენის კანდიდატურა ერთის მხრივ, ანტიკური ოლიმპიური თამაშების სამშობლოსთან ისტორიულ კავშირს გულისხმობდა და იმავდროულად, ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებთან მემკვიდრეობას გაუსვამდა ხაზს. კონგრესმა წინადადება მოიწონა. ახლადდაარსებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი კი, კუბერტენის მიერ შემუშავებული რეგლამენტით, რაც მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელის არჩევას ითვალისწინებდა, სწორედ ვიკელასი გახდა.

ათენის I ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ დემეტრიოს ვიკელასმა სოკ­ის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ვიკელასი ათენის წარმატებით იმდენად მოიხიბლა, რომ 1897 წელს ჰავრში, მეორე ოლიმპიურ კონგრესზე ოლიმპიური თამაშების მუდმივად საბერძნეთში ჩატარების წინადადებით გამოვიდა. დელეგატთა უმრავლესობამ წინადადება არ მოიწონა. შედეგად, ვიკელასი ჩამოშორდა ოლიმპიურ მოძრაობას და საბერძნეთში დაბრუნებულმა ლიტერატურული საქმიანობა განაგრძო.

დემეტრიოს ვიკელასი თავის კოლეგებს ბოლოს ბრიუსელში, 1905 წელს სოკ­ის მესამე კონგრესზე შეხვდა, სადაც ის ათენის უნივერსიტეტს წარმოადგენდა.

დემეტრიოს ვიკელასი 1908 წლის 20 ივლისს, 73 წლისა ათენში გარდაიცვალა


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები