ვოცეკი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოცეკიალბან ბერგის ოპერა, გეორგ ბიუხნერის დრამის ვოიცეკის მიხედვით დაიწერა. ოპერის სცენარზე მუშაობა ბერგმა 1917 წლის ზაფხულისთვის დაასრულა და ამავე წელს დაიწყო მუსიკის შექმნა. ოპერის პრემიერა 137 რეპეტიციის შემდეგ შედგა ბერლინში, 1925 წლის 14 დეკემბერს და დიდი წარმატება მოუტანა ავტორს.

გეორგ ბიუხნერის დრამა ბერგმა თითქმის უცვლელად გამოიყენა, მაგრამ, ამავე დროს, კომპოზიტორმა მნიშვნელოვანი დამატებითი შტრიხებით გაამდიდრა მთავარი გმირების, ვოცეკის და მარის სახეები. ასე, მაგალითად, ვოცეკის სახეში ხაზგასმულია არა მხოლოდ სასოწარკვეთილი, ღარიბი დენშჩიკის ღრმა სულიერი განცდები, არამედ მისი შერყეული გონება, პერსონაჟის ქვეცნობიერი სამყარო. ბიუხნერთან შედარებით უფრო მრავალპლანიანია მარის სახეც. ერთი მხრივ, იგი წარმოდგენილია როგორც მოსიყვარულე დედა და ღვთისმოშიში ადამიანი, ხოლო მეორე მხრივ, მისი სახე დეფორმირებულია ვნებისა და შიშის ზეგავლენით.

ოპერა ვოცეკი სამაქტიანი კომპოზიციაა, რომლის თითოეული მოქმედება ხუთი სურათისგან შედგება. სურათები ერთმანეთში attacca, საორკესტრო ინტერლუდიების მეშვეობით გადადიან და, ამასთანავე, კონტრასტულად უპირისპირდებიან ერთმანეთს. კონტრასტი თანდათანობით სულ უფრო მატულობს და მწვერვალს მესამე მოქმედებაში აღწევს. სურათებს შორის კონტრასტის ზრდის დინამიკა საშუალებას გვაძლევს ამ ნაწარმოების დრამატურგია პირობითად განვსაზღვროთ როგორც „მარაოსებური“ (თ. ადორნო), რაც არა მხოლოდ „ვოცეკისთვის“, არამედ ბერგის სხვა ნაწარმოებებისთვისაცაა დამახასიათებელი (მაგალითად, ლირიკული სიუიტა).

ოპერის გასაოცარ დრამატურგიულ მთლიანობას ხელს უწყობს, ასევე, გამჭოლი განვითარების პრინციპი და ლაიტმოტივური სისტემა. აღსანიშნავია, აგრეთვე, მუსიკალურ ენაში მიკროელემენტების, ცალკეული ინტონაციების მნიშვნელობა, რომლებიც, როგორც წესი, თან სდევენ ტოტალური მნიშვნელობის ლაიტთემებს. ამასთანავე, ეს ლაიტთემები ერთი საწყისი ელემენტიდან ამოიზრდებიან, კერძოდ, მოტივიდან „Wir arme Leut“ („ჩვენ, ღარიბი ხალხი“ ოპერის პირველი მოქმედების პირველი სურათიდან (ვოცეკის პარტია. იხ. კლავირი, ც. 135+1 ტ.)

მოტივის გამომსახველობა და ექსპრესია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ოპერის მუსიკალური ენის ტიპს. იგივე მოტივი, მისი შებრუნებული ვარიანტი, საფუძვლად უდევს მარის თემატიზმს (იხ. მარის ნანა I მოქმედების II სურათიდან), მის დეფორმირებულ ინტონაციებზეა აგებული ორივე სცენა დუქანში, სადაც ეს მოტივი ვალსის და ლენდლერის წყარო ხდება. ამგვარად, ოპერის თემატური კავშირები ძალზე მჭიდროა, რთული და მრავალფეროვანი, და ყოველი ახალი თემა, რომელიც საწყისის ტრანსფორმირების გზით წარმოიშობა, დამოუკიდებლად არსებობს და ზოგიერთ შემთხვევაში უპირისპირდება კიდეც მას. ამ უკანასკნელ თავისებურებაში ვლინდება ოპერის ერთგვარი „თემატური სიმბოლიზმი“. ვაგნერის მსგავსად, ბერგი ტექსტის საკვანძო ფრაზებს ლაიტმოტივებს უკავშირებს. მათი ძირითადი დანიშნულებაა გარკვეულ სცენურ სიტუაციაში ხაზი გაუსვას ნაგულისხმევ არსობრივ კავშირებს.

ამგვარად, ბერგი, შონბერგის მსგავსად, უპირატესობას ანიჭებს ვოკალური პარტიის ინტერვალური სტრუქტურის ერთიანობას, მელოდიური ნახაზის მოქნილობას, რომელშიც აირეკლება უნატიფესი ნიუანსებიც კი. შესაბამისად, ოპერაში მრავალი განსხვავებული ხასიათის მქონე პერსონაჟის მოქმედების გამო, კონფლიქტური დრამატურგია უკვე ინტონაციურ დონეზე იკვეთება. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია საკუთრივ ვოკალური ინტონირების ხერხთა მრავალფეროვნება, რომელთა დიაპაზონი უზარმაზარია – არაინტონირებული მეტყველებიდან, მუსიკალური (ინტონირებული) მეტყველების სხვადასხვა ნაირსახეობათა გავლით, სრულყოფილ სიმღერამდე. ამ თვალსაზრისით ბერგი, ცხადია, ვაგნერის და შონბერგის უშუალო მემკვიდრეა.

„ვოცეკში“ ბერგის მიერ გამოყენებულმა მჭიდრო თემატურმა კავშირებმა, რომლებიც მუდმივად ურთიერთქმედებენ და ერთმანეთზე ძლიერ გავლენას ახდენენ, რთული ამოცანის წინაშე დააყენა კომპოზიტორი. იგულისხმება მუსიკალური მასალის განვითარების ასეთ პირობებში მკაფიო, გაწონასწორებული მუსიკალური კომპოზიციის შექმნა. ამ ურთულესი დრამატურგიული ამოცანის გადაწყვეტისთვის კომპოზიტორი, ერთი მხრივ, ცალკეულ, მნიშვნელოვან მომენტებში მიმართავს ტონალობას (უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ტონალობა f-moll, მაგალითად, III მოქმედების I სურათში და d-moll, მაგალითად, ე. წ. საორკესტრო რეკვიემში, ინტერლუდიაში III მოქმედების IV და V სცენებს შორის), ხოლო მეორე მხრივ, გამჭოლი განვითარების პრინციპს, საოპერო ჟანრის ისტორიაში პირველად, ინსტრუმენტული ფორმების ლოგიკას უკავშირებს. ბერგი აქ მიმართავს როგორც კლასიციზმის, ისე ბაროკოს ეპოქისთვის ტიპურ ჟანრებს და ფორმებს.


Voceki.JPG























ოპერა ვოცეკში მუსიკალური სტრუქტურის ასეთი მკაცრი ორგანიზების მიუხედავად, თავად ავტორი აღნიშნავდა, რომ მისთვის უმთავრესია ძირითადი იდეის გადმოცემის სიცხადე და უბრალოება, რეალიზების გზების და საშუალებებისგან დამოუკიდებლად. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მსმენელი არ მიაქცევს ყურადღებას ფუგებს, ინვენციებს, სონატებს, ვარიაციებს და პასაკალიებს, მაგრამ ყველა შეიგრძნობს ოპერის მთავარ იდეას, რომელიც სცილდება ვოცეკის ბედს. ნაწარმოების კომენტარს ავტორი ამ სიტყვებით ამთავრებს: „და მე მჯერა, რომ ამას მივაღწიე!“

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები