თედიაშვილი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან თედიაშვილი

ლევან თედიაშვილი – დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში – გ. 17 თებერვალი, 2024. — საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, სპორტსმენი. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (82 კგ, 90 კგ, 100 კგ). ოლიმპიური თამაშებისა XX (მიუნხენი) და XXI მონრეალი ოლიმპიური თამაშების XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ - თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ - სამბოში (1973). მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1978), მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78). სსრკ-ის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) და VI სპარტაკიადის ვერცხლის პრიზიორი (1975), სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1971, 73, 74) და მეორე (1969, 77, 80)) პრიზიორი. ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში (ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი იყო 82 და 90 კგ-ში, ევროპის ჩემპიონი -100 კგ). სსრკ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების (1973) ჩემპიონი.

სარჩევი

განათლება

თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1971).

სამუშაო გამოცდილება

  • კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული (1993-95);
  • ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი (1999);
  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №11 საგარეჯოს ოლქი, ფრაქცია სმკ-ს თავმჯდომარის მოადგილე;
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999- 2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლიდან.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ქართველ ფალავანთა შორის

სპორტული კარიერა

ერთ უცხოელ ჟურნალისტს ლევან თედიაშვილისთვის უკითხავს - როდესმე თუ დამარცხებულხარო. როგორ არა, თანაც არაერთხელო – უპასუხია ლევანს. მაშინ, იმ უცხოელს კითხვა შეუტრიალებია: ისეთ მოჭიდავეს თუ იცნობ, ერთი ბრძოლაც რომ არ წაუგიაო. კი, ვიცნობ, ეგეთი მამაჩემი ქიტესა იყოო – დაუფიქრებლად უთქვამს ლევანს. ჟურნალისტი შემცბარა, მამათქვენი ეგეთი მაგარი ყოფილა, მე კი მასზე არაფერი მსმენიაო. ლევანს ეშმაკურად ჩაუღიმია: მამაჩემს არასოდეს უჭიდავია და ამიტომაც არც არასოდეს წაუგიაო. ლევან თედიაშვილი ჭიდაობისა და მოსწრებული სიტყვა­პასუხის კაცია – ალალი და გულღია.

მოგება­წაგებას რაც შეეხება, 1971­76 წლებში ლევანმა შინ თუ გარეთ, უკლებლივ ყველა ბრძოლა მოიგო, მრავალწლიანი სპორტული კარიერის განმავლობაში კი შვიდასამდე ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა გაუმართავს და მხოლოდ ორჯერ დამარცხებულა. მართალია, ჭიდაობაში რეკორდები ოფიციალურად არ აღინუსხება, მაგრამ თედიაშვილის ანგარიშზეა რამდენიმე დღემდე განუმეორებელი შედეგი: 1974 წელს, სტამბოლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლევანმა სამ წამში მოუგი შვეიცარიელ რაფაელ მარტინეტის. ერთი წლით ადრე, თეირანში, თედიაშვილი ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რამდენიმე დღეში კი იქვე გამართული სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ლევანი მსოფლიოში ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც სამ სხვადასხვა წონაში მოიპოვა უმაღლესი სპორტული ტიტულები.

ყველაფერი დაიწყო საგარეჯოში, სოფელ გეგმოუბნის საჭიდაოზე. ლევანის პირველი მწვრთნელი იყო ვალერიან მეკოკიშვილი, მერე კი თბილისში ჩამოიყვანეს და „ჭიდაობის პროფესორად“ აღიარებულ ვახტანგ ბალავაძეს მიაბარეს. ლევანი ამბობს – მე რომ მოჭიდავე გავხდი, ბალავაძის დამსახურება უფროა, ვინემ ჩემიო. თავად ბატონი ვახტანგი კი ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს: „1970 წლის 31 დეკემბერს საახალწლო სუფრაზე მეგობრები ჩემს სახლში შევიკრიბეთ. ლევანიც ჩვენთან იყო. გვერდიგვერდ ვისხედით. უცებ ჩემსკენ გადმოიხარა და მეუბნება — თუ არ მიწყენთ, დაგტოვებთ და ფალავანთა კლუბში წავალ, ახალ წელს იქ შევხვდებიო. რატომ? — გავიკვირვე მე. დაცდილი მაქვს, მინდა ჩემპიონი გავხდე და იმიტომო. გამეღიმა: აა, თუ ჩემპიონობა გინდა, მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდე­მეთქი. დილით დამირეკა და მომიყვა, როგორ ეძინა ფალავანთა კლუბის ხალიჩაზე და როგორ ჭიდაობდა სიზმარში. ვკითხე, მერე რა ქენი, ყველას თუ აჯობე, ჩემპიონი თუ გახდი­მეთქი. კიო, მიპასუხა, წელს ჯერ საკავშირო ჩემპიონატს მოვიგებ, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო. ზუსტად ასე მოხდა – იმ წელს ყველაფერი მოიგო“.

ლევან თედიაშვილი არა მარტო ცხოვრებაში, სარბიელზეც ექსტრავაგანტური იყო და სხვაზე მეტად ემარჯვებოდა მაყურებლის გულის მოგება. თუმცა გულშემატკივრები გულწრფელად საყვედურობდნენ იმის გამო, რომ ხშირად ბრძოლას ისე სწრაფად იგებდა, რომ თბილისის სპორტის სასახლეში მისი ჭიდაობის სანახავად მოსულ ხალხს უკმაყოფილოს ტოვებდა. ხალასი იუმორისა და აშკარა არტისტული მონაცემების გამო იყო, რომ კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ ფილმში „ხარება და გოგია“ ლევანს გოგია კენკიშვილის როლი შესთავაზა და იმდენი უჩიჩინა, როგორც იქნა, დაიყოლია. ლევანმა ისე კარგად ითამაშა, პროფესიონალ მსახიობს შეშურდებოდა. პლანეტის ყველა დროის ერთერთი უდიდესი ფალავნის ლევან თედიაშვილის მსახიობური ნიჭი ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზეც დააფასეს და მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოქროს არჩა“ გადასცეს. რა თქმა უნდა, იმ დროისთვის ლევანს ყველა სპორტული ოქრო უკვე მოპოვებული ჰქონდა. მიუნხენის ოლიმპიადაზე ექვს მეტოქეს შეხვდა და ყველას იოლად გაუმკლავდა. მათ შორის – ამერიკელ ჯონ პეტერსონს. მერე იყო მსოფლიოს ჩემპიონის ახალი ტიტულები და მონრეალის ოლიმპიადა. მონრეალში ლევანი მთელი ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს და ოქროს მედალთან ერთად საგანგებო პრიზიც გადასცეს. მან ექვს მეტოქეს წმინდად მოუგო, ფინალში კი 5 ქულით აჯობა მიუნხენში დამარცხებული ჯონ პეტერსონის უმცროს ძმას – ბენ პეტერსონს.

1972 წლის ოლიმპიური თამაშები

82 კგ, 24 მონაწილე
1. ლევან თედიაშვილი (სსრკ)
2. ჯონ პეტერსონი (აშშ)
3. ვასილე იორგა (რუმინეთი)
I წრე ­ აშკარა უპირატესობით (17:1) მოუგო იბრაჰიმ დიოპს (სენეგალი); II წრე ­ ქულებით სძლია ტომორინ არტაგს (მონღოლეთი); III წრე ­ წმინდად (8,44; 23:0­-ზე ტრავმა) დაამარცხა კურტ ელმგრენი (შვედეთი); IV წრე ­ ქულებით გაიმარჯვა ჯონ პეტერსონთან (აშშ); V წრე ­ ქულებით სძლია პეტერ ნეიმარს (გფრ); VI წრე ­ ქულებით (5:0) მოუგო ვასილე იორგას (რუმინეთი).

1976 წლის ოლიმპიური თამაშები

90 კგ, 21 მონაწილე
1. ლევან თედიაშვილი (სსრკ)
2. ბენჯამინ პეტერსონი (აშშ)
3. სტელიან მორკოვი (რუმინეთი)
I წრე ­ წმინდად (1,47) დაამარცხა უეინ თომასი (ვირჯინიის კუნძულები); II წრე ­ სუფთად (8,27) მოუგო ფრენკ ანდერსონს (შვედეთი); III წრე ­ წმინდად (1,05) გაიმარჯვა მორის ალანთან (დიდი ბრიტანეთი); IV წრე ­ სუფთად (9,00) მოუგო ჰორსტ შტოტმაისტერს (გდრ); V წრე ­ წმინდად (4,30) სძლია ტერი პეისს (კანადა); VI წრე ­ ქულებით (7:2) დაამარცხა სტელიან მორკოვი (რუმინეთი); ფინალში ქულებით (11:5) გაიმარჯვა ბენჯამინ პეტერსონთან შეხვედრაში.

იხილე აგრეთვე

ლევან თედიაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები