თუმანიშვილი გიორგი (1854-1920)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (1854-1920)

თუმანიშვილი გიორგი — (1854-1920), ლიტერატორი, თეატრალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. 1871-75 წწ. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1891 წ. ძმებთან ერთად ხელმძღვანელობდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“. იყო ქართული თეატრის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი და ქართული დრამატული ამხანაგობის პირველი რეჟისორთაგანი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა კავკასიათმცოდნეობის უმაღლესი კურსები და საზოგადოებრივი კლუბი. ოცი წლის განმავლობაში იყო თბილისის „საურთიერთო კრედიტის“ დირექტორი. თანამშრომლობდა ქართულსა და რუსულ პრესაში („დროება“, „ივერია“, „ობზორ“, „ვესტნიკ ევროპი“, „გოლოს“, „მოლვა“, „პორიადოკ“, „რუსსკაია მისლ“). გ. თუმანიშვილმა გამოსცა წიგნების სერია საერთო სათაურით - „Xapaктеристики и воспоминания“, რომელშიც მოცემულია მასალები ქართველ სომეხ, რუს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ. 1875 წ. „დროებაში“ დაიბეჭდა მისი შენიშვნა გ. რჩეულიშვილის „თამარ ბატონიშვილისა“ და დ. ჭონქაძის „სურამის ციხის“ გამოსვლასთან დაკავშირებით. 1876 წ. გამოაქვეყნა მოკლე მიმოხილვა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა პირველი გამოცემისა. 1878-79 წწ. გამოსცა ლიტერატურულ-პოლიტიკური „ალმანახის“ ორი ტომი. პირველ ტომში დაიბეჭდა მისი წერილიც — „შარშანდელი ქართული მწერლობის გადათვალიერება“, ხოლო მეორეში — „ეხლანდელი ქართული ჟურნალ-გაზეთების მიმართულება“. 1880 წ. გამოაქვეყნა სტატია „როგორ აიდგა ფეხი ქართულმა თეატრმა“, ხოლო 1899 — „ქართული თეატრის საქმე“.


ლიტერატურა

  • ს. ხუციშვილი, ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები, 1969 [[1]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები