კვეტერას ციხე-ქალაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვეტერას ციხე-ქალაქი

კვეტერას ციხე-ქალაქი (კვეტერა, კვეტარი, კუეტერი) − (ინგლ. Kve-tera fortress city), XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით 10 კმ-ში, მდ. ილტოს მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: შიდაციხე (გუმბათოვანი ტაძარი, დარბაზული ეკლესია, სასახლე, გალავანი, სამეურნეო დანიშნულების სათავსები) და ქვედა ციხე.

კვეტერას ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას ხელი შეუწყო ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად კახთა მეფის კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037 წწ.) დროიდან იხსენიება, თუმცა გადმოცემით (ვახუშტი ბატონიშვილი) VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

გუმბათიანი ტაძარი

1968 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე) ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ბურჯის ქვეშ გამოავლინა ადრინდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, სასახლე, გუმბათოვანი ეკლესია, ციხის წყალსაცავი, მთავარი (დასავლეთის) კარიბჭე, რვაწახნაგა კოშკი, დადგინდა წყალსადენის ტრასა. დიდი რაოდენობით აღმოჩნდა მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიფურის ნატეხები, მინის ჭურჭელი და სამაჯურები, სპილენძის მონეტა და სხვ., რაც ადასტურებს კვეტერაში საკუთარი სამეურნეო წარმოების არსებობას.

სარჩევი

შიდაციხე

ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი უჭირავს შიდაციხეს (ციტადელი), რომელიც დანარჩენი ნაწილისგან ზღუდითაა გამოყოფილი. მეორე ნაწილი (ქვედა ციხე) ბევრად უფრო დიდია (ფართობი დაახლოებით 25 000 კვ. მ). შიდა და ქვედა ციხეებს შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია. შიდაციხე გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული მრავალგვერდა (ფართობი დაახლოებით 3500 კვ.მ.) ნაგებობაა, რომლის კედლებში ჩადგმულია მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები გამაგრებული კონტრფორტებით. შიდაციხეს ორი შესასვლელი აქვს: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება. გალავანში ჩართულია ათი სხვადასხვა გეგმის კოშკი, რომლებმაც ჩვენამდე ძლიერ დაზიანებულებმა მოაღწიეს.

გუმბათიანი ტაძრის გეგმა

გუმბათიანი ტაძარი

X საუკუნის I ნახევრის გუმბათიანი ტეტრაკონქის ტიპის ტაძარი (10,5x9,8 მ) დგას ზედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი, დიდი ზომის (100x60, 100x80 სმ) ფილებით, რომლებიც სწორ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნიან. ტიპის თვალსაზრისით ის ტეტრაკონქია. გენეტიკურად კი მცხეთის ჯვართანაა დაკავშირებული და ამ თემის ვარიაციას წარმოადგენს. ტაძრის გეგმის კომპოზიციური ცენტრია გუმბათქვეშა კვადრატი, მასზე აღმართული ნახევარსფერული გუმბათით დასრულებული ცილინდრული ყელით. მკლავებს შორის, გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში გეგმით წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთ და დასავლეთ აფსიდების ბემები ჩრდილო და სამხრეთ ბემებზე ორჯერ უფრო ღრმაა, რის გამოც ჯვრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი რამდენამდე აღემატება სამხრეთ-ჩრდილოეთის ღერძს. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთ აფსიდებშია გაჭრილი. ორივე კარი გარედან მართკუთხაა, შიგნიდან – თაღოვანი. საკურთხეველში თანაბარი სიმაღლის სამი თაღოვანი სარკმელია. დანარჩენ აფისდებში კი – თითო.

გუმბათის ყელს მარტივი პროფილის სარტყელი შემოუყვება. გუმბათის ყელში ექვსი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

დარბაზული ეკლესია

გეგმით სწორკუთხა დარბაზული ეკლესია (ზომები აფსიდების გარეშე: 6,1x3,1 მ) განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მდებარეობს შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ნაშენია რიყისა და ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლები შიგნით და გარედან ბათქაშითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ორივე კარი ხის ძელებით იყო გადახურული (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). კონქით გადახურული აფსიდა ნალისებრი ფორმისაა. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ქუსლები გრძივ კედლებზეა შემორჩენილი. კედლების სისქე სხვადასხვაა (1,07-დან 2,05 მ-მდე). ეკლესიას სამხრეთიდან მცირე ზომის, გეგმით სამკუთხა მოხაზულობის სათავსი ეკვრის (შემორჩენილია 1,5 მ სიმაღლის კედლები).

სასახლე

სასახლე

სასახლე დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შედგება გეგმით მართკუთხა ორი ნაწილისგან. მათგან ერთი ორსართულიანია (16,5x9,2 მ), ხოლო მეორე, რომელიც ძირითად ნაწილზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული – ერთსართულიანი. ეს უკანასკნელი ძირითად ნაწილზე ოდნავ გრძელია. ერთსართულიან ნაწილს დასავლეთიდან მთელ სიგანეზე გეგმით მართკუთხა სამსართულიანი კოშკი ეკვრის, რომელიც მთლიანად ფარავს სასახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს. ამ კუთხეშია მოწყობილი კოშკის ერთადერთი შესასვლელი.

გალავანი

კვეტერას ციხეს გარს აკრავს რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები, მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორტები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. მისი მოხაზულობა უსწორმასწოროა და წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით (მიახლოებითი ზომებია: 308x85 მ).

ქვედა ციხეს მთის დასავლეთ-ჩრდილოეთის ფერდის ნაწილი უჭირავს. გალავნის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილი კედლების საშუალო სიმაღლე 4,5 მ-ია, სისქე – 1,1 მ. ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას შერეული რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი სიმაღლით 9 მ. კოშკი შიგნით მრგვალია და მთელ სიმაღლეზე აქვს ოსტატურად ნაგები ქვის ხვეული კიბე, რომელიც განათებულია ხუთი პატარა სარკმლით. კოშკს თავი მონგრეული აქვს. კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის კედელთან ახლოს, შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

1987-1991 წლებში კვეტერას ციხესიმაგრეს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები