მამლუქები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამლუქები, მამელუქები (არაბული – თეთრი მონა) – არამუსლიმური წარმოშობის თეთრკანიანი მეომარი მონები ახლო აღმოსავლეთის ზოგ მუსლიმანურ ქვეყანაში.

ეგვიპტეში მამლუქების პირველი შეიარაღებული ფორმირება XII საუკუნეში გაჩნდა. 1250 წელს მათ ხელთ იგდეს ძალაუფლება და 1517 წლამდე მართავდნენ ეგვიპტესა და მის მეზობელ ქვეყნებს. XIII საუკუნეში მოიგერიეს მონღოლთა თავდასხმა და სირია-პალესტინიდან განდევნეს ჯვაროსნები.

ცნობილია მამლუქების სულთნების ორი დინასტია:

  • თურქული წარმოშობის ბაჰრელები (განსაკუთრებით ყივჩაყები) (1250–1390)
  • კავკასიელი ბურჯელები, რომლებსაც ზოგადად უწოდებდნენ ჩერქეზებს (1383–1517).

სახელმწიფოს უმაღლესი მბრძანებელი იყო სულთანი.

XIII–XIV საუკუნეებში ეგვიპტე ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ახლო აღმოსავლეთში. 1517 წელს ეგვიპტე ოსმალებმა დაიპყრეს, მაგრამ მამლუქების სამხედრო ორგანიზაცია შენარჩუნდა და სისტემატურად ივსებოდა უპირატესად კავკასიიდან ჩამოყვანილი მონებით (ქართველები, ჩერქეზები, აფხაზები და სხვა).

1646 წელს მამლუქების სამხედრო-ფეოდალურმა კასტამ დაიბრუნა რეალური ძალაუფლება ეგვიპტეში და მთლიანობაში XIX საუკუნის დასაწყისამდე განაგებდა ქვეყანას.

ერაყში მამლუქთა ბატონობა დაიწყო 1749 წლიდან. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. ერაყის გაძლიერებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობით ქართველ მამლუქ ფაშებს

  • სულეიმან აბუ ლაილს (1749–62),
  • სულეიმან ბუიუქს (1780–1802),
  • ჰაფიზ ალის (1802–07),
  • სულეიმან ქუჩუქს (1807–10) და
  • დაუდ-ფაშა გურჯს (1816–31).

1829 წელს დაუდ-ფაშა სულთანს განუდგა, 1831 წლის 16 სექტემბერს იგი სულთნის ჯარებმა დაამარცხეს და ერაყიდან განდევნეს, სხვა მამლუქ ბეგები დახოცეს. ამით მამლუქთა ბატონობა დასრულდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები