მენგსი ანტონ რაფაელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ რაფაელ მენგსი. პარნასი, ვილა ალბანის ჭერის მოხატულობა, რომი, 1761

ანტონ რაფაელ მენგსი – (Anton Raphael Mengs, 1728-1779) იტალიელი მხატვარი. ვინკელმანის უახლოესი მეგობარი და კოლეგა, მისი თანამემამულე. 1761 წელს მენგსი კარდინალ ალბანის დაკვეთით მის ახალ ვილაში დიდი გალერეის ჭერის მოხატულობას ასრულებს. მისი ნამუშევარი პარნასი, შესაძლოა, ერთგვარად ხელოვნური და პომპეზური მოგვეჩვენოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რამდენადაც კლასიცისტური სტილი თავისი სრულყოფილი სახით პირველად სწორედ ამ ნამუშევარში გამოვლინდა. წარმოდგენილი სცენა ანტიკურ მითოლოგიას უკავშირდება. საბერძნეთის შუაგულში, პარნასის მთაზე, ძველი ბერძნების რწმენის თანახმად, პოეზიის, მუსიკისა და ხელოვნების ღმერთი აპოლონი და ცხრა მუზა (ქალად პერსონიფიცირებული ხელოვანის შთაგონება) სახლობდნენ. მენგსმა თითქმის შიშველი აპოლონი კომპოზიციის ცენტრში, ვინკელმანისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანტიკური სკულპტურის, ვატიკანის კოლექციაში დაცული აპოლონ ბელვედერელის ანალოგიურ მოძრაობაში გამოსახა. ზეთისხილის რტოთი და ლირით ხელში, იგი არტისტული პოზით წარმოგვიდგება.

მის ირგვლივ მუზები და მათი დედა, დორიულ სვეტზე დაყრდნობილი მნემოსინე (მეხსიერება) შეკრებილან. მკაცრად სიმეტრიულ პირამიდულ კოპოზიციას მენგსი, ჰერკულანუმში მის მიერ შესწავლილი რელიეფების მსგავსად, სასურათე სიბრტყის პარალელურად აგებს. ვინკელმანმა პარნასს აღმატებული შეფასება მისცა, აღნიშნა რა, რომ მენგსმა ნამუშევარში ბერძნული ანტიკური ქანდაკების "კეთილშობილი უბრალოებისა და მშვიდი დიდებულების" აღბეჭდვა შეძლო. პარნასის დასრულებისთანავე მენგსი ესპანეთში მიემგზავრება, სადაც 1777 წლამდე სამეფო კარის მხატვარია. სხვა მხატვრებიც, მის მსგავსად, რომიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მიემგზავრებიან და კლასიციზმიც, ამ გზით, მთელ ევროპაში ვრცელდება.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები