მესამე დასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესამე დასი - საქართველოში პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1892-1893 წლებში მწერალ ეგნატე ნინოშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა.

სარჩევი

საინიციატივო ჯგუფის შეკრება

1892 წლის დეკემბერში დაბა ზესტაფონში შეიკრება ქართველ მარქსისტთა საინიციატივო ჯგუფი ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ეგნატე ინგოროყვა-ნინოშვილი, ევგენი ვაწაძე, მიხა ცხაკაია, იოსებ კაკაბაძე, რაჟდენ კალაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და ისიდორე კვიცარიძე, რომელთა მსჯელობის საგანსაც „მშრომელი ხალხის ინტერესების დაცვა“ წარმოადგენდა. კრებაზე სამოქმედო პროგრამის შედგენა ნოე ჟორდანიას დაევალა.

1993 წლის დასაწყისში ქალაქ თბილისში საინიციატივო ჯგუფი კვლავ შეიკრიბა საიდუმლო ბინაზე. შეკრებაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა სამოქმედო პროგრამის პროექტი, რომელიც კრებამ მიიღო.

სამოქმედო პროგრამა

პროგრამას საფუძვლად დაედო შემდეგი დებულებები:

„1. ნივთიერი კეთილდღეობა, როგორც დედა-ბოძი ადამიანის ცხოვრებისა:
2. თავისუფლება მთელი ერისა და თვითეული პიროვნებისა, როგორც ხელშემწყობი პირობა უმთავრესი სურვილის მისაღწევად და როგორც უახლოვესი საგანი მოწინავე დასის მოქმედებისა;
3. ეროვნული გრძნობა მთელი ხალხისა და ადამიანური უფლებანი, კაცური ღირსებანი თითეული პირისა აღზრდილი და აღორძინებული უნდა იქნას ეკონომიკურ ნიადაგზე.

შენიშვნა - ვერც ერთი ხალხი ვერ ევროპიელდება გონებით, პოლიტიკურათ, თუ ის ვერ ევროპიელდება ცხოვრებით, ეკონომიკურათ.

IV. მოწინავე ქვეყნებში (ინგლის საფრანგეთი) ამ ცვლილების ინიციატორი იყო ბურჟუაზია. უკან ჩამორჩენილ ქვეყნებში კი მუშა ხალხია, ხოლო ინტელიგენცია არასოდეს.

შენიშვნა - ხალხის ცხოვრების შეცვლა-გაუმჯობესება შეუძლია მხოლოდ ხალხს და არა მის მაღლა მდგომ ინტელიგენციას.

V. ეს ახალი ხანა ერთიანათ აშენებულია ქალაქურ ცხოვრებაზე. ეს მოქალაქეობრივი ხანაა, სოფელი ქალაქდება.
VI. ამისათვის ერის ყოველგვარ აღორძინებაში პირველ როლს ქალაქი თამაშობს. რამდენათ რაიმე საერთო საქმეს ქალაქი მეთაურობს, იმდენათ ის ძირმომაგრებულია და ცნობიერია. სოფელი ქალაქს მისდევს.
VII. ჩვენი ქვეყანა უკვე ჩადგა მოქალაქეობრივ ხანაში. ეს იხატება პატრიარქალურ წყობილების რღვევაში და კაპიტალისტურის დამკვიდრებაში. ქართველი ხალხის ცხოვრება ევროპიელდება.
VIII. გაევროპიელება წარმოებს ქართულ ნიადაგზე. ქართულ კულტურაზე, სამშობლო და უცხოეთი, საქართველო და ევროპა. ქართველობა და ევროპელობა - აი რა წერია ახალ დროშაზე. ამის ამოკითხვა და ხალხის შეგნებაში გადატანა – ჩვენი დროის ისტორიული კითხვაა“ (საქართველოს ს.-დემ. მუშ. პარტიის მოკლე ისტორია)

მესამე დასი

სოციალ-დემოკრატიული მიმდინარეობის ეს ჯგუფი „მესამე დასად“ იწოდებოდა. მესამე დასელები შემოკრებილი იყვნენ გაზეთ „კვალის“ გარშემო, რომელიც მათ გიორგი წერეთელმა დაუთმო. ჯგუფი მარქსისტულ იდეოლოგიას ეფუძნებოდა, დასაყრდენ ძალად პროლეტარიატს მიიჩნევდა და კლასობრივი ბრძოლის გაღრმავევბის გზით საზოგადოების სოციალისტურ გარდაქმნას ესწრაფვოდა.

ქართული სინამდვილის დიდი პარადოქსი იყო, რომ ამ სახელმწიფოებრიობაწართმეულ, კოლონიურ ქვეყანაში პირველი პოლიტიკური ორგანიზაცია სოციალურ თანასწორობის იდეით დაირაზმა და არა ეროვნული თავისუფლების მიზნით.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათ პარტია (რსდმპ)

სოციალ-დემოკრატიული მიმდინარეობის წრეები და ჯგუფები რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებშიც აღმოცენდა. რუსი მარქსისტების ლენინის, პლეხანოვის, მარტოვისა და სხვების ძალისხმევით, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები შეკავშირდნენ და 1903 წლის ზაფხულში იმპერიის მასშტაბით ერთიანი პოლიტიკური ძალა დააფუძნეს, რომელსაც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათ პარტია (რსდმპ) უწოდეს.

თბილისში 1903 წლის გაზაფხულზე თბილისში გაიმართა რსდმპ კავკასიის კავშირის პირველი ყრილობა სადაც დაფუძნდა რსდმპ კავკასიის კავშირი. ნოე ჟორდანიას აზრით რსდმპ კავკასიის კავშირი დემოკრატიული პრინციპის საფუძველზე უნდა შექმნილიყო, რაც ადგილობრივი ორგანიზაციების ავტონომიას ითვალისწინებდა. ყრილობამ კავკასიის კავშირის საორგანიზაციო წესდებას ლენინის მიერ შემუშავებული „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ პირინციპი დაუდო საფუძვლად.

ყრილობამ აირჩია რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტი, რომლის წევრებიც იყვნენ: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ფილიპე მახარაძე, ალექსანდრე წულუკიძე, მიხა ცხაკაია, დიომიდე თოფურიძე, მიხეილ ბოჭორიძე, არშაკ ზურაბოვი, ბოგდან კნუნიანცი.

რსდმპ კავკასიის კავშირის შექმნით „მესამე დასმა“, როგორც დამოუკიდებელმა ეროვნულმა სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ, არსებობა შეწყვიტა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები