ლენინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლენინი

ლენინი (ულიანოვი) ვ. ი. - რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მეთაური, სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე.

ლენინი და დამოუკიდებელი საქართველო

ვლადიმერ ლენინი (ულიანოვი), დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავიდანვე განიხილავდა კლასობრივი ბრძოლის პოზიციდან. შესაბამისად, მას მიაჩნდა რომ საქართველოში დამყარებული იყო კაპიტალისტებისა და მემამულეების ბატონობა, ქართველი მენშევიკების მეთაურობით. ამ უკანასკნელების ხელისუფლებას მხარს უჭერდნენ დასავლეთის იმპერიალისტური სახელმწიფოები. ამ იდეოლოგიური დემაგოგიის უკან იდგა რუსეთის იმპერიის მთლიანობის აღდგენის მოსურნე ველიკოდერჟავნიკი ლიდერი და მისი ბოლშევიკური ადინისტრაცია, რომელიც მიზანმიმართულად იბრძოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დასაპყრობად, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდანვე

ლენინმა დაპყრობის პირველი ცდა 1918 წლის დასაწყისში განახორციელა, როცა საქართველო ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ერთიან პოლიტიკურ წარმონაქმნში - ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის შემადგენლობაში შედიოდა. ამიერკავკასიის გასაბჭოება ლენინის ჩანაფიქრით უნდა განეხორციელებინათ ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნებულ რუსეთის არმიის ნაწილებს, რომელნიც კავკასიის გავლით რუსეთში ბრუნდებოდნენ. 1918 წლის იანვარ-თებერვალში ლენინის ეს გეგმა ჩაიშალა ამიერკავკასიის კომისარიატისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს ენერგიული ღონისძიებების შედეგად.

1918-1919 წლებში საბჭოთა რუსეთის ხელშეწყობით მომხდარი ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების ნეიტრალიზება საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო. სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებას და მის ლიდერს ლენინს საშუალება მიეცათ ამიერკავკასიის დაპყრობისათვის მიეხედათ. 1920 წლის აპრილსა და ნოემბერში მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპყრობა, ჯერი საქართველოზე მიდგა.

უკვე 1920 წლის დასაწყისში ლენინს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებას უცდიდა. 1920 წლის 17 მარტს ის გ. კ. ორჯონიკიძეს დეპეშით აძლევდა მითითებას, რომ „ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად, უაღრესად საჭიროა. მთელი ღონიძიებანი აქეთ წარმართეთ... იგივე ეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ. ჯარების გადაყვანაზე შეუთანხმდით მთავარსარდალს“. აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ საქართველოს დაპყრობის საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. 1920 წლის 3 მაისს ორჯონიკიძე დეპეშით არწმუნებდა ლენინს და სტალინს, რომ წითელი არმია 12 მაისს უკვე თბილისში იქნებოდა, თუ მას ამის ნებას დართავდნენ. მაგრამ ლენინი მოერიდა საერთაშორისო გართულებას. ჯერ ერთი საბჭოთა რუსეთი პოლონეთთან ომში იყო ჩაბმული. საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა აგრეთვე გენერალი ვრანგელი, ყირიმიდან. ასეთ ვითარებაში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა კერზონმა 1920 წლის 4 მაისს, მოსკოვს გაუგზავნა მოთხოვნა - შეეჩერებინა სამხედრო მოქმედებები ყირიმსა და კავკასიაში. ამ უკანასკნელში კერზონი საქართველოს გულისხმობდა. ამ ეტაპზე ლენინმა ორჯონიკიძეს საქართველოში შეჭრა მკაცრად აუკრძალა, მაგრამ ქვეყნის დაპყრობა რა თქმა უნდა, არ გადაუფიქრებია. ლენინი ისევ ხელსაყრელ ვითარებას უცდიდა, იგი ითხოვდა გარანტიას, რომ საქართველოს დაპყრობა არ გამოიწვევდა საერთაშორისო გართულებებს. ასეთი პოზიცია ჰქონდა მას 1920 წლის დეკემბერშიც და ჯერჯერობით გამორიცხავდა საქართველოსთან ომს. საბჭოთა ლიდერი პირველ რიგში ელოდებოდა ბრიტანეთთან მიმდინარე სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შედეგებს.

1921 წლის დასაწყისში, ლენინმა ჩათვალა რომ საქართველოსთან ომი შესაძლებელია. 26 იანვარს შემდგარმა რკპ (ბ) (რუსეთის კომუნისტური პარტიის) ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა მიიღო ლენინის მიერ დაწერილი დადგენილების პროექტი, რომელმაც ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოზე შეიარაღებული თავდასმა. თავდასხმის კონკრეტულ დრომდე უნდა ჩაეტარებინათ მოსამზადებელი ღონისძიებები. მას შემდეგ, რაც საქართველოს სამხრეთ საზღვრებში შემოიჭრნენ აგრესორები 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს და დაიწყო საომარი მოქმედებები, 14 თებერვალს რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ დაამტკიცა XI წითელი არმიის სარდლობისათვის გასაგზავნი დეპეშის ტექსტი, რომელიც ლენინის მიერ იყო შედგენილი: „ცეკა მზადაა ნება დართოს მე-11 არმიას აქტიურად დაეხმაროს აჯანყებას საქართველოში და დაიკავოს თბილისი...“ XI არმიის ნაწილები ახლა უკვე სრულიად ოფიციალურად შემოიჭრნენ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე - ეს მოხდა 15 თებერვალს, მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებები უკვე 12 თებერვლიდან მიმდინარებდა საქართველოს ჯარსა და აგრესორებს შორის. საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარეობდა საბრძოლო ოპერაციები, რომ ლენინმა სცადა დაეყოლიებინა ნ. ჟორდანია, შერიგებოდა „საბჭოების“ დამყარებას საქართველოში და დარჩენილიყო ქვეყანაში. 1921 წლის 2 მარტს ლენინი წერდა ქართველ კომუნისტებს „გამოენახათ მისაღები კომპრომისი ბლოკისათვის ჟორდანიასთან ან მის მსგავს ქართველ მენშევიკებთან“. ასეთ შემთხვევაში მოხდებოდა საქართველოს დაპყრობის ლეგიტიმაცია - ვითომ საქართველოს დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახით, რომელიც გარკვეულ მომავალში ნებაყოფლობით შევიდოდა საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციულ გაერთიანებაში. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ და მისმა ლიდერმა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, არ მიიღო დამპყრობლების შეთავაზება და საზღვარგარეთ გახიზვნა და იქ ბრძოლის გაგრძელება არჩია. 1921 წლის 25 თებერვალს ორჯონიკიძემ თავისი ცნობილი დეპეშა გაუგზავნა ლენინს, რომ თბილისის თავზე ფრიალებდა საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. საქართველოს ოკუპაცია და ანექსია მოხდა ვ. ლენინის მითითებებით, ხოლო ქართველი ბოლშევიკები, სტალინი, ორჯონიკიძე და სხვები, მხოლოდ ახალი რუსული იმპერიის ხელისუფლების მარიონეტებს წარმოადგენდნენ და მის ნებას ასრულებდნენ.

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც. (რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის შეფასებისათვი), თბ., 1991;
  • დ. შველიძე, საქართველოს ოკუპაციაში ქართველი ბოლშევიკების როლის შეფასებისათვის. კრებულში: „რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი: შედეგები და გაკვეთილები“, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 2009.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები