კერზონი ჯორჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ კერზონი

კერზონი ჯორჯ ნათანიელ - (11.I.1859, კედელსტონი - 20.III.1925, ლონდონი), ინგლისელი ლორდი, კონსერვატორი პოლიტიკოსი და დიპლომატი. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინდოეთის მეფისნაცვალი. კედლსტონის გრაფი.

ბიოგრაფია

დაიბადა ინგლისელი არისტოკრატის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ვიქსენფორდის სკოლაში. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბალიოლის კოლეჯი. 1886 წელს გახდა პარლამენტის წევრი. 1888-1889 წლებში იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში, მათ შორის საქართველოში, შემდგომ კი - სპარსეთში, ინდოჩინეთში, ბირმაში, კორეაში, ავღანეთსა და პამირში. მოგზაურობის შემდეგ გამოსცა წიგნი ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის შესახებ, რითაც გეოგრაფიის სამეფო საზოგადოების ჯილდო დაიმსახურა. 1891 წლიდან იკავებდა მაღალ თანამდებობებს ინდოეთის და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. 1899-1905 წლებში იყო ინდოეთის მეფისნაცვალი. იყო რუსეთის იმპერიის სამხრეთით სვლის შეჩერების პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი. 1916 წელს გახდა ლორდთა პალატის ლიდერი. იყო ანტისუფრაჟისტული ლიგის მეთაური, ეწინააღმდეგებოდა ქალებისათვის საარჩევნო ხმის მიცემის უფლებას

1919 წლის იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში - მინისტრი. ლორდი კერზონი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში და, ზოგადად, მთელ დასავლეთში, აღმოსავლეთის ყველაზე კომპეტენტური პოლიტიკოსი იყო. პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, კერზონი კეთილგანწყობილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, მოითხოვდა ბრიტანელების მიერ ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და კავკასიის ბუნებრივი ზღუდეების დროებით დაცვას, სპარსეთისა და ინდოეთის გზებზე რუსეთის შესაძლო გასვლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. კერზონი ეწინააღმდეგებოდა კავკასიაში თეთრი თუ წითელი რუსეთის შესაძლო დაბრუნების საფრთხეს, ამ პოლიტიკის გატარებისას ბრიტანეთის მთავრობაში უპირისპირდებოდა სამხედრო მინისტრს, ბრიტანეთის მთავრობაში პროდენიკინური ფლანგის მთავარ ფიგურას უისტონ ჩერჩილს და გენერალური შტაბის უფროს ადმირალ ჰენრი უილსონს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი პოლიტიკის რეალიზებისათვის ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად კავკასიის კარგი მცოდნე და ქართველთა მეგობარი ოლივერ უორდროპი დანიშნა. 1919 წლის ბოლოს კერზონი ლონდონში შეხვდა ირაკლი წერეთელს, რომელთანაც საუბრისას არ დაუმალავს თავისი სიმპათიები საქართველოსადმი. 1920 წლის იანვარში ლორდმა კერზონმა თბილისში მყოფ ოლივერ უორდროპს გამოუგზავნა დეპეშა მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო აღიარების შესახებ, ამ აღიარების მთავარი ინიციატორი სწორედ თავად იყო. კერზონის კავკასიური პოლიტიკა გულისხმობდა ბრიტანული ჯარების მიერ კავკასიის ოკუპაციას გარკვეული პერიოდით, სანამ კავკასიის რესპუბლიკები შეძლებდნენ გაძლიერებას და ჩრდილოეთის საფრთხეებთან გამკლავებას, რაც თავისთავად დაიცავდა ბრიტანეთის ინტერესებს სპარსეთში, ინდოეთსა და ავღანეთში. საბოლოოდ კერზონის პოლიტიკა კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ბრიტანეთის მთავრობაში პრემიერ-მინისტრ ლოიდ ჯორჯის ინერტულობისა და ჩერჩილი-უილსონის სამხედრო ფრთის დომინირების გამო დამარცხდა. ბოლშევიკების მიერ ბაქოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დე იურედ აღიარებისა და ერთა ლიგაში გაწევრიანების იდეაც უარყო და სკეპტიკურად განეწყო კავკასიის საკითხისადმი. კერზონის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პოლონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1919 ომის შედეგად საზღვრის გავლება ითვლება. ის მონაწილეობდა მოლაპარაკებებში პალესტინისა და ტრანსიორდანიის მანდატის რეალიზებისა და მესოპოტამიის ოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით.

1921 მიენიჭა კედლსტონის გრაფის ტიტული. 1924 წლამდე ინარჩუნებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. 1924-1925 წლებში იყო ლორდთა პალატის ლიდერი. 1925 ავადმყოფობისა და წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ბ. კობახიძე, „საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე“, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, თსუ. 2015;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920. №9.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები