მესიანი ოლივიე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლივიე მესიანი

ოლივიე მესიანი – (ფრანგ. Olivier Eugène Prosper Charles Messiaen, დ. 10 დეკემბერი, 1908 – გ. 27 აპრილი, 1992), ფრანგი კომპოზიტორი, ორგანისტი და ორნითოლოგი.

მესიანი XX საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა. მისი მსოფლმხედველობა კონცენტრირებულია მარადიულ ფილოსოფიურ-ეთიკურ პრობლემებზე, კაცობრიობის უდიდეს კულტურულ მონაპოვრებზე (ევროპულზე და არაევროპულზე), სულიერ მედიტაციაზე, რომელიც თვითშემეცნების და თვითჩაღრმავების საუკეთესო საშუალებაა, ბუნების ჰარმონიულ და ხალას სამყაროზე. კომპოზიტორი-ნოვატორი ოლივიე მესიანი მრავალი შემოქმედებითი ძიების და აღმოჩენის სათავეებთან იდგა და მნიშვნელოვნად გააფართოვა მუსიკალური აზროვნების საზღვრები. კომპოზიტორის სახელი 30-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი საფრანგეთის მუსიკალურ წრეებში და მოგვიანებით, უკვე 40-იანი წლებიდან მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

სარჩევი

ცხოვრება და შემოქმედება

კომპოზიტორის, პიანისტის, ორგანისტის, პედაგოგის და თეორეტიკოსის ოლივიე მესიანის შემოქმედება ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ნაწარმოებების კატალოგში გვხვდება საორგანო, საფორტეპიანო, საანსამბლო, საორკესტრო, კამერულ-ვოკალური, საგუნდო თხზულებები და ერთი ოპერა „წმინდა ფრანცისკ ასიზელი“. მესიანის ნაწარმოებების მთავარი განმასხვავებელი თვისებაა ღრმა შინაარსი, განუმეორებელი ინდივიდუალობა და გულწრფელი ემოციურობა.

ოლივიე მესიანი დაიბადა 1908 წელს ავინიონში. 1919 წელს მან ჩააბარა პარიზის ეროვნულ კონსერვატორიაში, სადაც 11 წელი სწავლობდა. მისი ამ პერიოდის ნაწარმოებები უკვე წარმოაჩენენ მის ძირითად შემოქმედებით მისწრაფებებს – რელიგიური თემატიკა, ინდური რიტმი, გრიგორისეული ქორალი, ფრინველთა გალობა და, ამასთანავე, ექსპერიმენტალიზმი.

30-იან წლებში შექმნილ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ამაღლება, უფლის დაბადება და სხვა თხზულებები, რომლებიც, ასევე, რელიგიურ თემაზეა დაწერილი. მესიანის რელიგიური ნაწარმოებების წყარო მუდამ წმინდა წერილის ტექსტებია, რის გამოც მის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება ერთი და იგივე თემები, სიუჟეტები და პერსონაჟები. მესიანის 30-იანი წლების ნაწარმოებები აღსანიშნავია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათში თითქმის სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული კომპოზიტორის სპეციფიკური მანერა, კომპოზიციის ტექნიკა, რომელიც მხოლოდ მცირეოდენ ცვლილებებს, უფრო ზუსტად, მცირეოდენ გაფართოებას განიცდის შემოქმედების მომდევნო ეტაპებზე. შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში ერთ-ერთი მათგანი იკავებს წამყვან ადგილს და სწორედ ეს პრინციპია ამოსავალი მესიანის შემოქმედების პერიოდიზაციისას. აქედან გამომდინარე: პირველი, ადრეული პერიოდი, 30-იან და 40-ანი წლების პირველ ნახევარს მოიცავს და რელიგიურ თემატიკასთანაა დაკავშირებული; მეორე (1945-1952 წწ) – ე. წ. ეგზოტიკური პერიოდის თემატიკას, უმთავრესად, არაევროპული კულტურების მიმართ მძაფრი ინტერესი განსაზღვრავს; მესამე პერიოდი (50-იანი წლების დასაწყისი) – ხასიათდება სხვადასხვაგვარი ექსპერიმენტით ბგერის პარამეტრების – გრძლიობის, არტიკულაციის, ტემბრის, დინამიკის სფეროში; 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან მესიანის შემოქმედებითი ინტერესების ცენტრში ბუნება, კერძოდ, ფრინველთა გალობა ექცევა, რის გამოც შემოქმედების ამ პერიოდს პანთეისტური ეწოდა; და ბოლოს, 60-იანი წლების მიწურულიდან 90-იან წლებამდე გრძელდება მესიანის შემოქმედების ბოლო, სინთეზური პერიოდი, რომელშიც გაერთიანებულია წინა პერიოდების შემოქმედებითი მიგნებები.

პირველი პერიოდი

მესიანის შემოქმედების პირველი პერიოდი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ იგი გახდა კომპოზიტორთა გაერთიანების „ახალგაზრდა საფრანგეთი“ წევრი (სხვა წევრები იყვნენ: ი. ბოდრიო, ა. ჟოლივე, დ. ლესიური), მაგრამ ამ გაერთიანებამ სულ ცოტა ხანი იარსება და ისტორიაში, უმთავრესად, სწორედ მესიანის გამო შევიდა.

1940 წელი მნიშვნელოვანი თარიღია მესიანის ბიოგრაფიაში. ამ წელს იგი გაიწვიეს ჯარში, ხოლო რამდენიმე თვეში მესიანი ტყვედ ჩავარდა და ჯერ სამხედრო ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა, შემდეგ კი, ბანაკიდან გაქცევის მცდელობის გამო, იგი გიორლიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ბანაკის არაადამიანურ პირობებში მესიანმა სულის იშვიათი სიმტკიცე გამოიჩინა: აქ მან დაწერა კვარტეტი ჟამთა დასასრულზე ვიოლინოს, კლარნეტის, ჩელოს და ფორტეპიანოსთვის.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, მსოფლიო და, კერძოდ, ფრანგული კულტურის განვითარების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი, მესიანის შემოქმედებაში აპოკალიფსური სახეების და რელიგიური თემატიკის ნიშნით წარიმართა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ომის თემას არ გამოუწვევია მისი სტილის და მხატვრული სამყაროს გარდაქმნა. კვარტეტის შემდეგ მესიანმა შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა: „ოცი ხილვა ყრმა იესოსი“ ფორტეპიანოსთვის (1944 წ), „სამი პატარა ლიტურგია“ ქალთა გუნდის და ორკესტრისთვის (1944 წ.). ამ ნაწარმოებებში დომინირებს სამი ძირითადი მხატვრული სახე – ლირიკული, რომელიც ნელი, ზოგჯერ ექსტაზური, ზოგჯერ კი საზეიმო-ჰიმნური თემებითაა წარმოდგენილი; პირქუში, გროტესკული უხეში, წახნაგოვანი თემებით გადმოცემული; ბგერწერითი – ფრინველების გალობა, ზარის რეკვა, მზის სინათლის კაშკაშა და მოციმციმე თემები.

მეორე პერიოდი

მეორე მსოფლიო ომის (ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ) და ომისშემდგომ წლებში მესიანი ინტენსიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ამავე წლებშია შექმნილი მისი თეორიული ნაშრომი – ჩემი მუსიკალური ენის ტექნიკა, რომელშიც განზოგადებულია კომპოზიტორის ნოვატორობა მუსიკალური ენის სფეროში. კერძოდ, ამ ტრაქტატში დაწვრილებითაა გაანალიზებული მესიანის ჰარმონიული ენა (დომინანტის აკორდი, რომელიც მაჟორული კილოს ყველა ბგერას შეიცავს; რეზონანსის აკორდი, რომელიც შეიცავს ობერტონული რიგის ბგერებს და კვარტული აკორდი), მესიანის მიერ შექმნილი ე. წ. შეზღუდული ტრანსპოზიციის კილოები და, რაც მთავარია, რიტმი. მესიანის რიტმული აზროვნების ბაზისს ინდური რიტმები და რიტმის და მეტრისადმი არაევროპული მიდგომა განაპირობებს (იგულისხმება რიტმული პროგრესიები). აქვე კომპოზიტორი საუბრობს დამატებითი გრძლიობის და შეუქცევადი (სიმეტრიული) რიტმების ფენომენზე.

1945 წელს დირიჟორმა სერგეი კუსევიცკიმ მესიანს შესთავაზა დაეწერა ნაწარმოები ბოსტონის სიმფონიური ორკესტრისთვის. ასე შეიქმნა ტურანგალილა-სიმფონია, რომელსაც მესიანი თავის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწარმოებად მიიჩნევდა.

მესამე პერიოდი

1949-22 წლები მესიანის შემოქმედებაში ინტენსიური ექსპერიმენტებით ხასიათდება. ამ პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში („კანტეიოჯამია“ და „ოთხი რიტმული ეტიუდი“ ფორტეპიანოსთვის, საორგანო „სამების დღის მესა“ და „წიგნი ორგანისთვის“, „შავი შაშვი“ ფლეიტისთვის და კონკრეტული მუსიკის ნიმუში ტემბრები-გრძლიობები) აისახა კომპოზიტორის სერიოზული ძიებები როგორც ტექნიკის, ისე ესთეტიკის სფეროში.

„ოთხი რიტმული ეტიუდი“ მესიანის ერთ-ერთი ყველაზე რაციონალისტური ნაწარმოებია. ეს ოთხნაწილიანი ციკლი უახლესი ტექნოლოგიური და სტრუქტურული პრინციპების (არა მხოლოდ მესიანის შემოქმედებისთვის, არამედ ომისშემდგომი ავანგარდისთვის) თავისებური ენციკლოპედიაა. აქ, კერძოდ მეორე ეტიუდში (გრძლიობების და ინტენსივობების მოდუსი), მესიანის მიერ პირველადაა გამოყენებული მუსიკალური ქსოვილის ინტეგრაციის პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო ტოტალურ სერიალიზმს.

მესიანის 50-60-იანი წლების შემოქმედებაში პანთეისტური თემა დომინირებს, რაც ისეთ ნაწარმოებებში აღიბეჭდა, როგორებიცაა „ფრინველების გამოღვიძება“ ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის (1953 წ), „ეგზოტიკური ფრინველები“ სოლო ფორტეპიანოს, ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტთა ანსამბლისთვის (1955 წ), „ფრინველების კატალოგი“ ფორტეპიანოსთვის (1956-58 წწ), „ქრონოქრომია“ სიმფონიური ორკესტრისთვის (1960 წ), საორკესტრო სიუიტა „შვიდი ჰაიკუ“ (1962 წ). ამ ნაწარმოებთა წინასიტყვაობებში კომპოზიტორი ზუსტად მიუთითებს, სად და როდის ჩაწერა ამა თუ იმ ფრინველის გალობა, მაგრამ, ამავდროულად, მესიანისთვის მთავარია არა კონკრეტულ ფრინველთა გალობის ამოცნობა (რაც პრაქტიკულად შეუძლებელია), არამედ წმინდა მუსიკალური შედეგი, მხატვრულად განზოგადებული კონკრეტიკა, რომელიც რეალობაზე გაცილებით მაღლა დგას.

ფრინველთა შესახებ მესიანი წერდა: „შესაძლოა, ფრინველები არიან ამ პლანეტის უდიდესი მუსიკოსები“. და კიდევ: „მძიმე და კაეშნიან ფიქრთა მოძალების ჟამს, როდესაც განსაკუთრებული სიმძაფრით გრძნობ ჩემს უსარგებლობას, როდესაც ენა ნებისმიერი მუსიკისა – კლასიკური იქნება ის, ანტიკური, ეგზოტიკური, თანამედროვე თუ ულტრამოდერნისტული – მხოლოდ დაჟინებული, თუმცა არსებითად ამაო ძიებათა ნაყოფად მესახება, სხვა რა გზა, და გამოსავალი არსებობს, თუ არა მიახლოება ფრინველთა გალობასთან ტყეში, მინდვრებში, მთებსა თუ ზღვის სანაპიროზე?“

სინთეზური პერიოდი

მესიანის შემოქმედების შემდეგი პერიოდი (60-80-იანი წლები) წინა წლების მიღწევების სინთეზს წარმოადგენს. უკვე „ქრონოქომიაში“ შეინიშნება სინთეზისკენ სწრაფვა, მაგრამ განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ტენდენცია გამოვლინდა სიმფონიურ პარტიტურაში „ზეციური ქალაქის ფერები“ და მესიანის შემოქმედების კულმინაციურ ნაწარმოებში, ოპერაში „წმინდა ფრანცისკ ასიზელი“. ბოლო პერიოდის ნაწარმოებებში ერთ მთლიანობადაა შერწყმული მესიანის შემოქმედების სამი ძირითადი თემა – რელიგია, ეგზოტიკა, ბუნება.

ოლივიე მესიანი XX საუკუნის მსოფლიო მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის თვითმყოფადი შემოქმედება განაცვიფრებს მსმენელს საოცარი ფანტაზიით, ინდივიდუალური მანერით. მის ნაწარმოებებში წამოჭრილი ეთიკური და ესთეტიკური პრობლემები წარმოაჩენს მას როგორც ღრმა მოაზროვნეს, რომლისთვისაც „მუსიკა – ესაა თეოლოგიის კომენტარი“.

ძირითადი ნაწარმოებების სია

  • 1917 ქალბატონი შალოტიდან, ფორტეპიანოსთვის
  • 1921 ვიონის ორი ბალადა, ხმის და ფორტეპიანოსთვის
  • 1925 მაღალი და წმინდა ზეცის მწუხარება, ფორტეპიანოსთვის
  • 1927 მოდალური ესკიზები, ორგანისთვის
  • 1928 ფუგა d-moll ორკესტრისთვის
  • 1928 სულთა გულმოწყალე მბრძანებელი, ორგანისთვის
  • 1928 ზიარების საგალობელი, ორკესტრისთვის
  • 1928 პრელუდია ორგანისთვის
  • 1928 შოტლანდიური ვარიაციები, ორგანისთვის
  • 1928-29 პრელუდიები ფორტეპიანოსთვის
  • 1930 დიპტიქი, ორგანისთვის
  • 1930 რიცხვის სიკვდილი, სოპრანოს, ტენორის, ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის
  • 1930 დავიწყებული შესაწირი, ორკესტრისთვის (ვერსია ფორტეპიანოსთვის)
  • 1930 უბრალო სიმღერა სულისთვის, ორკესტრისთვის
  • 1930 უბრალო სიმღერა სულისთვის, ორკესტრისთვის
  • 1930 სამი მელოდია ხმის და ფორტეპიანოსთვის
  • 1930/35 წმინდა ზიარების შესაწირი, ორგანისთვის
  • 1931 ბრწყინვალე აკლდამა, ორკესტრისთვის
  • 1932 მარადიული ეკლესიის გამოცხადება, ორგანისთვის
  • 1932 ფანტაზია ბურლესკი ფორტეპიანოსთვის
  • 1932 წმინდა ზიარების ჰიმნი, ორკესტრისთვის
  • 1932 თემა და ვარიაციები ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის
  • 1932-33 ამაღლება, ორკესტრისთვის
  • 1933 ფანტაზია ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის
  • 1933 მესა გუნდის და ორკესტრისთვის
  • 1933-34 ამაღლება, ორგანისთვის
  • 1934 პიესები ფორტეპიანოსთვის
  • 1935 უფლის დაბადება, ორგანისთვის
  • 1935 პიესა პოლ დიუკას ხსოვნას, ფორტეპიანოსთვის
  • 1935 ვოკალიზი ხმის და ფორტეპიანოსთვის
  • 1936 პოემები მი-ს, სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის
  • 1937 ზეიმი წყალთა მშვენიერთა, მარტენოს ტალღებისთვის
  • 1938 ზეცის და მიწის სიმღერა, სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის
  • 1938 ორი მეოთხედტონიანი მონოდია, მარტენოს ტალღებისთვის
  • 1939 უხრწნელი სხეულები, ორგანისთვის
  • 1940-41 კვარტეტი ჟამთა დასასრულზე, ვიოლინოს, კლარნეტის, ჩელოს და ფორტეპიანოსთვის
  • 1941 გუნდები ჟანა დ'არკს, გუნდის და ორკესტრისთვის
  • 1942 მუსიკა ოიდიპოსის სცენისთვის, მარტენოს ტალღებისთვის
  • 1943 რონდო, ფორტეპიანოსთვის
  • 1943 სიტყვა ამინის სახეები, ორი ფორტეპიანოსთვის
  • 1943-44 სამი პატარა ლიტურგია უფალი ჩვენთან არს, გუნდის და ორკესტრისთვის
  • 1944 ოცი ხილვა ყრმა იესოსი, ფორტეპიანოსთვის
  • 1945 ჰარავი, სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის
  • 1945 პიესა ჰობოის და ფორტეპიანოსთვის
  • 1945 ტრისტან და იზოლდა, ორგანისთვის
  • 1946-48 ტურანბალილა-სიმფონია, ორკესტრისთვის
  • 1948 ხუთი სიმღერა, გუნდისთვის
  • 1949 კანტეიოჯაია, ფორტეპიანოსთეის
  • 1949-50 სამების დღის მესა, ორგანისთვის
  • 1949-50 ოთხი რიტმული ეტიუდი, ფორტეპიანოსთვის
  • 1951 წიგნი ორგანისთვის
  • 1952 შავი შაშვი, ფლეიტის და ფორტეპიანოსთვის
  • 1952 ტემბრები-გრძლიობები, ელექტრონული მუსიკა
  • 1953 ფრინველების გამოღვიძება, ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის
  • 1955-56 ეგზოტიკური ფრინველები, ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის
  • 1956-58 ფრინველების კატალოგი, ფორტეპიანოსთვის
  • 1959-60 ქრონოქრომია, ორკესტრისთვის
  • 1962 შვიდი ჰაიკუ, ორკესტრისთვის
  • 1963 ზეციური ქალაქის ფერები, ორკესტრისთვის
  • 1963 მონოდია, ორგანისთვის
  • 1964 მოველი აღდგომასა მკვდრეთით, ორკესტრისთვის
  • 1965-69 ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, გუნდის, სოლისტების და ორკესტრისთვის
  • 1969 მედიტაციები წმინდა სამების მისტერიაზე, ორგანისთვის
  • 1971-74 კანიონებიდან ვარსკვლავებისკენ, ფორტეპიანოს და ორკესტრისთვის
  • 1975-83 წმინდა ფრანცისკ ასიზელი, ოპერა სამ მოქმედებად. 8 სურათად
  • 1986 სიმღერა მოცარტის სტილში, კლარნეტის და ფორტეპიანოსთვის
  • 1988-92 იმქვეყნიური ნათება, ორკესტრისთვის
  • 1989 ღიმილი, ორკესტრისთვის
  • 1990-91 კონცერტი ოთხისთვის, ფორტეპიანოს, ფლეიტის, ჰობოის, ჩელოს და ორკესტრისთვის
  • 1991 პიესა ფორტეპიანოს და სიმებიანი კვარტეტისთვის

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები