მესმინაე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესმინაე – ავსულთა „საუბრის“ მიმყურადებელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში. ხევსურეთში კუდიანთა ღამეს („კუდიანთ წუხრა“) რამდენიმე უიარაღო კაცი („კუდიანებ იარაღიან ხალხს არ მიუდგებიან ახლოს“) სოფლის მოშორებით, მყუდრო ადგილზე, უხმაუროდ დაჯდებოდა და ავსულთა მოსვლას დაელოდებოდა; მოვიდოდნენ კუდიანები, გაშლიდნენ ტილს, გირწყილს; თუ მესმინაები გაჩქამდებოდნენ, დაწყევლიდნენ, თუ არა – დაიწყებდნენ სოფლის მოსახლეთა ბედიღბლის მოყოლას: „ეს ამაშინ მაკვდებისავ, აისივ წყლით მაკვდებისავ, ისივ ქვითავ, ისივ ზვავითავ“; წასვლისას მესმინაეთა სახელებსაც ახსენებდნენ: „ესენივ ამ სიკვდილით დაიჴოცებიანავ“.

თუშები კდინის კვირას – ავსულთა გააქტიურობის კვირას — „სმინაობის კვირასაც“ ეძახდნენ. ამ კვირის ან მომდევნო ხორცის კვირის რომელიმე დღის საღამო ჟამს სოფლის გოგო-ბიჭები (და-ძმებში კენტ რიგში დაბადებულები) რომელიმე ოჯახში შეიყრებოდნენ, ეშმაკთა სახელებს (შუშანქალი, აშურა, ჰაგუნდა, ჩეფშიტა, ზერება და სხვ.) დაირქმევდნენ, სახლიდან უკუღმა გავიდოდნენ და სოფლის განაპირას სადმე მომყუდროებულში „სმინაობად დასხდებოდნენ“; აყურადებდნენ სოფლიდან გამომავალ ხმებს: თუ ვისიმე სახლიდან ლხინის ხმა მოისმოდა, იქ იმ წელიწადს ქორწილი იყო მოსალოდნელი; აკვნის ხმას თუ გაიგონებდნენ, ბავშვი უნდა დაბადებულიყო; თუ ვისიმე სახლთან თოფი გავარდებოდა, ოჯახს უბედურება დაატყდებოდა; თუ რიჭით მარცვლეულის რჩევის ხმას გაიგონებდნენ, ოჯახში ვინმე მოკვდებოდა. ცუდის მომასწავებლად მიიჩნეოდა კედლის ან რაიმე ნაგებობის დაქცევის ხმა; კვნესის ხმა მოსალოდნელ მძიმე ავადმყოფობას ნიშნავდა. შინმობრუნებულები, როცა ამ ამბებს თავისიანებს მოუყვებოდნენ, ყველა შიშის კანკალით მოელოდა მეზობლის უბედურებას.


ლიტერატურა

  • ბ. გაბუური. ჴევსურული მასალები // ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული. I-II. თბ., 1923-1924, გვ. 150;
  • მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. თბ., 1940, გვ. 52-53;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 72-73;
  • ალ. ჭინჭარაული. ხევსურული ლექსიკონი. თბ., 2005.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები