კუდიანთ წუხრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუდიანთ წუხრა – კუდიანთა ღამე ფშავ-ხევსურეთში; დგებოდა დიდმარხვის ბოლო კვირის ოთხშაბათს; უქმობდნენ (ნაოფლარი კუდიანების იქნებაო) და სახლიდან არაფერს გასცემდნენ; საღამოს ოჯახის უფროსი აიღებდა ჯამით ნახშირს, მარჯვენა ხელში დაიჭერდა დანას, დაივლიდა საცხოვრებლის კუთხე-კუნჭულს და ყველაფერს, რაც სახლში ებადა (ავეჯს, ტალავარს, ლოგინს, იარაღს და სხვ.), დანით მოჭრილ ნახშირს მიაყრიდა, თან იტყოდა: „ჟვარი გეწერას, ქრისტემ დაგდოს ბეჭედი!" დაღამებულზე კუდიანების შიშით, ყველა სახლში იკეტებოდა, მხოლოდ ოჯახის უფროსი ხუთი ნიგზუარით (მუგუზლით) ხელში სახლს ირგვლივ შემოუვლიდა, ერთ ნიგზუარს პირჩაღმა გაისვრიდა, მეორეს – პირაღმა, მესამეს – მარცხნივ, მეოთხეს – მარჯვნივ, მეხუთეს კი – ცისკენ და ყოველ გადაგდებაზე ამბობდა: „გრიაიიი, გრი კუდიანთ. ამაგის მეტიმც ნურა მიგაქვთ ჩემი სახლისა, ქვისაი, ხის მეტი! თავისა შასვით და შაჭამეთ!“ ამის შემდეგ, მთელ სოფელში ატყდებოდა თოფის გრიალი და ძახილი: „ამაგის მეტიმც ნურა მიგაქვთ ჩემი სახლისა, ქვისაი, ხის მეტი! თავისა შასვით და შაჭამეთ!“ შემდეგ შინ შევიდოდნენ, კარებს ჩაკეტავდნენ, პირჟვარს გადაიწერდნენ და იტყოდნენ: „ქრისტემ დაგდვას ბეჭედი!“ ნავახშმევს დაწოლის წინ აუცილებლად პერანგის საყელოს შეიხსნიდნენ, რათა მძინარეთათვის კუდიანებს გულ-ღვიძლს არ ამოეცალათ.

ამ ღამით, მესმინაეს გარდა, კარში არავინ გავიდოდა, რადგან კუდიანები დაწყევლიდნენ და მოკლავდნენ.


იყვნენ დედა და მისი ქალიშვილი ორივე კუდიანები. ქალი გათხოვილი იყო და კუდიანთა საღამოს თავისი ქმრით მოსულა მამისახლში. ღამით ყველა კუდიანი ვალდებული ყოფილა, რომ ვინმე გამოეღვიძლა, უფრო თავისი ნათესავი, და სხვა კუდიანებისთვის მიეტანა მისი ღვიძლი. ღვიძლს შეუმჩნევლად ამოაცლიდა და უცაბედად მოკვდებოდა გამოღვიძლული ადამიანი. იმ ღამეს სიძემ და ცოლის ძმამ წაიქეიფეს და, დასაძინებლად რომ წავიდნენ, სიძემ ღილები გაიხსნა და პირჯვარიც გადაიწერა. ცოლის ძმა კი ნასვამი ყოფილა და დავიწყებია ეს წესები. ცოლის ძმას დაეძინა, სიძეს კი ისევ ეღვიძა, როცა ცოლს და სიდედრს, თავად კუდიანებს, კუდიანები მოუვიდნენ და მოსთხოვეს ადამიანის ღვიძლი. მაშინ დედამ უთხრა თავის ქალიშვილს: ადი ჭერხოში, ან შენი ძმა გამოღვიძლე, ან შენი ქმარი და ღვიძლი მოიტანეო. ქალი დაემორჩილა, ავიდა ჭერხოში, ნახა, რომ მის ქმარს ღილიც გახსნილი აქვს და პირჯვარიც გადაწერილი. მის ძმას კი არც ერთი წესი არ ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ქალს ძმა დაენანა და ვერ გაბედა მისი გამოღვიძვლა, ჩამოვიდა და დედას უთხრა: ჩემს ძმას არც პირჯვარი გადაუწერია და არც ღილი გაუხსნია. ქმარი რომ ყოფილიყო, გამოვღვიძლავდი და ძმის გამოღვიძვლა ვერ გავბედეო.

დედა გაუწყრა: რა ძმა და ქმარი, წადი და ჩქარა გამოღვიძლეო. ქალი დაღონდა, მაგრამ დედამ საშველი არ მისცა და გამოაღვიძვლინა ძმა და თავისი შვილი. ამ დედა-შვილის მოქმედებას სიძე ყურს უგდებდა და, ცოლის ძმა რომ გამოღვიძლეს და კვდომა დაიწყო, სიძემ ამოიღო ხანჯალი და ცოლსა და სიდედრს თავზე დაადგა: ორივეს დაგხოცავთ, თუ არ გატყდით და ეს ცოლისძმა არ გამიცოცხლეთო. კუდიანი დედა-შვილი შეშინებულან. დედას უთქვამს შვილისათვის: მიდი, თხა გამოღვიძლე და შენს ძმას მისი ღვიძლი ჩაუდევიო. გამოუღვიძლავს თხა, თხა იმავ წამს მომკვდარა, ღვიძლი თავის ძმისთვის ჩაუდვია და მორჩენილა. მერე გატეხილან და ბევრი რამ უამბნიათ კუდიანებზე. კუდიანი თუ გატყდებოდა, ჩვეულებრივ ადამიანად იქცეოდა და კუდიანობის წესებისა აღარაფერი ეცოდინებოდა. გატეხა ის იყო, რომ იტყოდა: მე კუდიანი ვარ, გავტეხილვარო. ამის თქმის შემდეგ მოშორდებოდა კუდიანური სული და დარჩებოდა სუფთა ადამიანი.


ლიტერატურა

  • ალ. ოჩიაური. ქართული ხალხური დღეობების კალენდარი. თბ., 1988, გვ. 137;
  • ბ. გაბუური. ჴევსურული მასალები // ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული. I-II. თბ., 1923-1924, გვ. 149-150.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები