მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთავარეპისკოპოსი ლუკა

მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე)მთავარეპისკოპოსი ლუკა, ერისკაცობაში ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე, დაიბადა 1965 წლის 14 სექტემბერს თბილისში.

1982 წელს ვაჟა ლომიძემ დაამთავრა თბილისის №51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, 1984-1986 წლებში, იგი მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მან ინსტიტუტი დაამთავრა 1992 წელს.

1995 წლიდან ვაჟა ლომიძე ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილია.

1997 წლის 16 მარტს დიდმარხვის პირველ კვირას მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ექვთიმემ მორჩილი ვაჟა ლომიძე ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად ლუკა.

1998 წლის 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ლუკა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის ნოემბერში სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად აკურთხა. მღვდელ-მონაზონი ლუკა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაადგინეს.

1999 წელს დავით გარეჯობის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მღვდელ-მონაზონ ლუკას იღუმენის, ხოლო ერთი წლის შემდეგ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.

2003 წლის 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან – ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან (მახარაძე), სამთავისისა და გორის ეპისკოპოს ანდრიასთან (გვაზავა) და გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმესთან (ლეჟავა) ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი ლუკა.

2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე ლუკა დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2011 წლის 14 სექტემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ლუკა (მთავარეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები