მინდორაშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ მინდორაშვილმა პეკინის ოლიმპიურ
თამაშებზე ყველა მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო

რევაზ მინდორაშვილი — დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს, სოფელ კოლაგში (გურჯაანის რაიონი), ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (84 კგ), 2008 წლის პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშებს ჩემპიონი, 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე – XIII ადგილი. მსოფლიოს ჩემპიონი (2005), ვიცე-ჩემპიონი (2006) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2003). ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 08) და მესამე პრიზიორი (2002). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (2005). 2013-16 წლებში იყო საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით 2012 წლის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი.

რევაზ მინდორაშვილი

2008 წლის ოლიმპიური თამაშები

84 კგ, 20 მონაწილე
1. რევაზ მინდორაშვილი (საქართველო)
2. იუსუპ აბდუსალამოვი (ტაჯიკეთი)
3. ტარას დანკო (უკრაინა)
3. გიორგი კეტოევი (რუსეთი)
I წრე ­ ისვენებდა; II წრე ­ ქულებით (6:5) მოუგო დავით ბიჩინაშვილს (გერმანია); III წრე ­ ქულებით (4:0) სძლია არუთინ იენოკიანს (სომხეთი); ნახევარფინალში წმინდად (3,51) დაამარცხა გიორგი კეტოევი (რუსეთი); ფინალში ქულებით (9:3) გაიმარჯვა იუსუპ აბდუსალამოვთან (ტაჯიკეთი) შეხვედრაში.

რევაზ მინდორაშვილს ზუსტად 32 წელიწადი დასჭირდა კოლაგის ნახერხმოყრილი საჭიდაო წრიდან პეკინის ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე გზის გასავლელად. მიდიოდა ამ ძნელ გზაზე ნამდვილი კახელი – დინჯი, სიტყვაძუნწი, მაგრამ მიზანდასახული, ძლიერი ნებისყოფის, უაღრესად მშრომელი ბიჭი და გზადაგზა ლამაზი მოგონებებივით კრეფდა კარიერის ეპიზოდებს – ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მედლებს. მათ შორის – ოქროებსაც. ყოველი დიდი წარმატების მერე მუდამ ის აგონდებოდა, სოფლის საჭიდაო არენაზე სულ პატარას დიდი ბიჭები ხელს რომ დაავლებდნენ და გახურებულ წრეში შეაგდებდნენ საჭიდაოდ. სწორედ ასე დაიწყო მინდორაშვილის პირველი ნაბიჯები დიდ სპორტში, ასე თავისთავად, ბუნებრივად მიიღო პირველი ნათლობა.

მტკიცე ხასიათი, რაც მუდმივად სავარჯიშოდ ექაჩებოდა, მოჭიდავისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემები და ვარჯიშის დიდი სურვილი – ამ თვისებებით დააჯილდოვა ის ბუნებამ, თორემ ნიჭიერებით არავისგან გამოირჩეოდა.

იმის მიუხედავად, რომ მინდორაშვილი პეკინში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ამ ტიტულების გარდა ზურგს მრავალი სხვა ჯილდოც უმაგრებდა, პირველხარისხოვან ფავორიტად არ მიიჩნეოდა. ასეთად უფრო თბილისში გაზრდილი, მაგრამ მერე რუსეთში გადასული გიორგი კეტოევი ეგულებოდათ. გარდა იმისა, რომ ოლიმპიადის წინ ფიზიკურად ჩინებულად მომზადებულმა და ტექნიკურ­ტაქტიკურად ფრიად განსწავლულმა კეტოევმა დამაჯერებლად მოიგო ორჯერ ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს პირველობა, მინდორაშვილმა რა­მდენიმე პრინციპული შეხვედრა წააგო მასთან. მათ შორის, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალიც. მაგრამ მინდორაშვილის პროფესიონალიზმი და ხასიათის სიმტკიცე სწორედ გადამწყვეტ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამოვლინდა – მან შეძლო ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, საკუთარი ნერვების გაკონტროლება, რამაც ნახევარფინალში ფავორიტთან ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა. ამას მოჰყვა ფინალური ბრძოლა ტაჯიკეთის სახელით მოჭიდავე დაღესტნელ იუსუპ აბდუსალამოვთან. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მინდორაშვილის უტეხი ხასიათი, საკუთარი შესაძლებლობების და ძლიერი მხარეების მაქსიმალურად გამოყენების უნარი. ჩვენმა ფალავანმა მართლაც შავი დღე აყარა მეტოქეს, რომელიც შეხვედრის მსვლელობისას ისე დაღალა და მოქანცა, საავადმყოფოში წასაყვანი გახდა.

იხილე აგრეთვე

რევაზ მინდორაშვილი

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები