ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშები (2004)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2004 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლას ბერძნები საქმიანად მიუდგნენ, საკუთარი განაცხადი კი ოლიმპიურ ღირებულებებზე და ისტორიაზე ააგეს. მოგვიანებით, შესაბამისი მოწოდებაც შეიმუშავეს: „კეთილი იყოს შინ დაბრუნება!“

ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები გაიმართა 2004 წელს (13-29 აგვისტო), საბერძნეთის ქალაქ ათენში.

  • მონაწილე ქვეყანა 201
  • სპორტსმენი 10,625 / 4,329 ქალი / 6,296 კაცი
  • სპორტის სახეობა 28
  • მედლების კომპლექტი 301

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: მაიკლ ფელპსი (ცურვა, აშშ) 6,0,2
ქალებში: პეტრია ტომასი (ცურვა, ავსტრალია) 3,1,0

Atenis tamashebis plakati.PNG

ასწლოვანი XXVI ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ატლანტასთან წაგებული ბრძოლა ათენელებისთვის გაკვეთილი გამოდგა. ბერძენთა 1996 წლის განაცხადით, საიუბილეო ოლიმპიური თამაშები აუცილებლად სამშობლოში და თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადის დედაქალაქ ათენში უნდა ჩატარებულიყო. ამჯერად, 2004 წლის ოლიმპიადისთვის ბრძოლას ბერძნები უფრო საქმიანად მიუდგნენ, საკუთარი განაცხადი კი ოლიმპიურ ღირებულებებზე და ისტორიაზე ააგეს. მოგვიანებით, შესაბამისი მოწოდებაც შეიმუშავეს: „კეთილი იყოს შინ დაბრუნება!” ათენის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იმ წევრებმა, რომლებიც ატლანტის თამაშების გადაჭარბებული კომერციალიზაციით იყვნენ გაღიზიანებული.

XXVIII ოლიმპიადა გამორჩეული აღმოჩნდა გამარჯვებულთათვის განკუთვნილი მედლების დიზაინში შეტანილი ცვლილებით. მასპინძელთა ძალისხმევით, შეიცვალა ავერსი მედლისა, რომელსაც თამაშების პრიზიორებს 1928 წლიდან გადასცემდნენ. შეცდომა გამოსწორდა - მედალზე ამოტვიფრული რომაული კოლიზეუმი პანათინაიკოსის სტადიონმა შეცვალა.

ოლიმპიაში - ანტიკურ ოლიმპიურ სტადიონზე ბირთვის კვრაში ჩატარებული შეჯიბრებით, მასპინძლებმა ძველ თამაშებთან ისტორიულ კავშირს გაუსვეს ხაზი, ხოლო 1896 წლის ოლიმპიური თამაშების მთავარ არენაზე - პანათინაიკოსის სტადიონზე მშვილდოსნობაში ჩატარებული ასპარეზობებით - თანამედროვეობის პირველ ოლიმპიადას. ასევე, საინაუგურაციო თამაშებთან იყო დაკავშირებული მარათონელთა რბენა, რომლის მარშრუტმაც, ისევე როგორც 1896 წელს, მარათონის ბრძოლის ველიდან აიღო სტარტი და ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე დასრულდა.

ათენში ქართული დელეგაციის მედროშე იყო ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

საბერძნეთის დედაქალაქში, 1996 წლის ოლიმპიადის მსგავსად, სოკ-ის ყველა წევრი ქვეყანა წარსდგა. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, როდესაც მონაწილე ქვეყანათა აღლუმი ტრადიციისამებრ საბერძნეთით იწყება და მასპინძელი ქვეყნის გამოსვლით სრულდება, ათენში საბერძნეთით დაიწყო და მისითვე დასრულდა. მონაწილეთა შორის პირველად გამოჩნდნენ კირიბატისა და აღმოსავლეთ ტიმორის წარმომადგენლები, ხოლო იუგოსლავიამ სახელი შეიცვალა და როგორც სერბეთი და მონტენეგრო, ისე წარდგა.

ოლიმპიურ პროგრამაში შევიდა ხმლით ფარიკაობა ქალთა შორის. ოლიმპიურ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდნენ ქალი მოჭიდავეებიც, რომლებმაც მედლები 4 წონით კატეგორიაში გაითამაშეს. ოთხივე წონაში მედალოსანთა შორის მოხვდნენ იაპონელები. ჩემპიონი გახდა კაორი იჩო, რომელმაც მომდევნო 3 ოლიმპიურ თამაშებზეც გაიმარჯვა.

400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში მსოფლიო რეკორდით მოგებული ოქროს მედლით თავის უნიკალურ შედეგებს ათენიდან ჩაუყარა საფუძველი ამერიკელმა მაიკლ ფელპსმაც, რომელმაც იმავე ოლიმპიურ აუზში კიდევ ხუთჯერ იზეიმა ჩემპიონობა და ორჯერ მესამე ადგილიც დაიკავა. გარდა ამისა, ჯამში ერთ თამაშებზე მოპოვებული ნებისმიერი სინჯის 8 მედლით ფელპსმა საბჭოთა ტანმოვარჯიშის, ალექსანდრ დიტიატინის მოსკოვის თამაშების შედეგი (3,4,1) გაიმეორა.

ავსტრალიელმა მოცურავემ იან ტორპმა სიდნეის 3 ოქროს 200 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ამავე სინჯის 2 ათენური მედალიც შემატა. ჩქაროსნული გაცურვების გამო ხუთგზის ჩემპიონი უმალ „ტორპედოს~ მეტსახელით შერაცხეს. ათენში ჩემპიონობით ასევე ბრწყინვალე შედეგს მიაღწია ველორბოლაში სიდნეის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონმა, ნიდერლანდელმა ლეონტინ ვან მორსელმა, რომელიც ველოსპორტის ისტორიაში გახდა პირველი ოთხგზის ჩემპიონი ქალი. ასევე უნიკალურია ბაიდარებით 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონის, გერმანელი ბირგიტ ფიშერის მიღწევა. ათენში მოპოვებული ოქროს მედლით გერმანელი გახდა პირველი ქალი, ვინც 5 ოლიმპიადიდან თითოეულში არანაკლებ 2 მედალი დაისაკუთრა. ამასთან, ჯამში 12 მედლის მფლობელმა, 20 წლის განმავლობაში ოლიმპიური ოქრო არავის დაუთმო.

განსხვავებული გამოდგა მარათონში განვითარებული მოვლენები. ბრაზილიელ ვანდერლეი დე ლიმას, რომელიც ფინიშამდე 7 კილომეტრით ადრე რბენას ლიდერობდა, თავს დაესხა „სამყაროს აღსასრულის~ იდეით შეპყრობილი ირლანდიელი მღვდელმსახური და ტრასიდან გადააგდო. დე ლიმამ, სანამ გონს მოეგებოდა, ძვირფასი დრო და გამარჯვების შანსი დაკარგა, მაგრამ მესამე ადგილზე გასვლა მაინც მოახერხა. ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე ვანდერლეი დე ლიმას სპორტული სულისკვეთებისთვის „პიერ დე კუბერტენის მედალი!” გადაეცა.

ათენში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა, რაც ისტორიული ამბავი იყო.

გაიზარდა ოლიმპიადების ტელეაუდიტორია. თუ სიდნეის თამაშებს 3,6 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალყურს, ათენში მათმა რიცხვმა 3,9 მილიარდი შეადგინა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები