ფარიკაობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ დე კუბერტენი სტუმრად პარიზის მოფარიკავეთა კლუბში. 1863 წელი

ფარიკაობა – სპორტული ორთაბრძოლის ნაირსახეობა. შეიცავს სამ დისციპლინას – რაპირით, დაშნით და ხმლით ფარიკაობას.

სარჩევი

ისტორია

საფრანგეთის მოფარიკავეთა გუნდი, რომელმაც პირველ ოლიმპიურ თამაშებზე 3 მედალი მიიღო: 2 ოქრო და 1 ბრინჯაო. ათენი 1896 წელი
ცივი იარაღით ბრძოლის ხელოვნება ეგვიპტელებისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში. ანტიკურ საბერძნეთსა და ძველ რომში ფარიკაობა სამხედრო მომზადებისა და სხეულის წრთობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად ითვლებოდა. ძველი სამყაროს ისტორიული ძეგლები მოგვითხრობენ იმდროინდელ მებრძოლთა აღჭურვილობაზე, ოსტატობაზე, ფარიკაობაში გამართულ შეჯიბრებებზე. ერთი ასეთი შეჯიბრება აღწერილია
წარწერის ტექსტი
ჰომეროსის „ილიადაში“. ცნობილია, რომ ეგვიპტის ფარაონს რამსეს III-ს ლიბიელებთან გამარჯვების აღსანიშნავად ძვ.წ. 1190 წელს მოფარიკავეთა გრანდიოზული ასპარეზობა გაუმართავს. ძვ.წ. 264 წლიდან რომში რეგულარულად ეწყობოდა გლადიატორთა ბრძოლები ცივი იარაღით. შუა საუკუნეების ევროპაში ფართოდ გავრცელდა რაინდ მოფარიკავეთა ტურნირები. გაჩნდა ფარიკაობის სპეციალური სკოლები, რომლებიც მოგვიანებით სპორტული ფარიკაობის ცენტრებად იქცა, მძიმე საბრძოლო იარაღი კი მსუბუქმა და შედარებით უსაფრთხომ შეცვალა.

1516 წელს იტალიაში გამოიცა პირველი წიგნი ფარიკაობაზე, თუმცა კლასიკური ფარიკაობის ქვეყნად საფრანგეთი ითვლება. იტალიის მსგავსად, საფრანგეთში გამოიკვეთა ფარიკაობის ორი მიმართულება – სადუელო და სპორტული. ხშირად ეწყობოდა სამეფო კარის ტურნირები, აგრეთვე შეხვედრები ფრანგ და იტალიელ მოფარიკავეთა მონაწილეობით. ფრანგმა ოსტატმა ბერნარ რენემ 1633 წელს თავის წიგნში დეტალურად აღწერა ფარიკაობის ტექნიკა, მისმა თანამემამულემ ლა ბრაუსიემ 1776 წელს გამოიგონა მავთულისბადიანი საფარიკაო მუზარადი. იმ დროისთვის საფრანგეთში არსებობდა ფარიკაობის აკადემია და მწვრთნელთა კორპორაცია. განსაკუთრებით პოპულარული იყო რაპირით ფარიკაობა. ხმლით ბრძოლის ტექნიკა მირიანის სამხედრო სკოლაში დაიხვეწა, რომში ჩამოყალიბდა ფარიკაობის ცენტრალური სკოლა, რომლის აღზრდილებიც მასწავლებლობდნენ გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და ამერიკაში. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფარიკაობას აღმზრდელობითი მნიშვნელობა მიენიჭა და სამხედრო სასწავლებლებში, გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში სავალდებულო სასწავლო საგნად იქცა.

ფარიკაობის გაკვეთილი საფარიკაო სკოლაში მერცხნივ ლევ გოლოვინია 1935

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპაში გახშირდა საერთაშორისო ტურნირები, დადგინდა ბრძოლის წესები და სპორტული იარაღ-აღჭურვილობის სტანდარტები. იმდროინდელი შეჯიბრებები ორ ეტაპად ეწყობოდა: ჯერ ამოწმებდნენ მონაწილეთა ტექნიკურ მომზადებას და, ვინც გამოცდას გაუძლებდა, საფარიკაო ბილიკზე გასვლის ნებას რთავდნენ. ბრძოლა 3-7 წუთს გრძელდებოდა და მას მსაჯთა ხუთკაციანი კომიტეტი ადევნებდა თვალს. მოფარიკავე, რომელსაც მოწინააღმდეგე ჩხვლეტას მიაყენებდა, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ და ხმამაღლა განეცხადებინა ამის შესახებ. ეფექტიანი შეტევისთვის სპორტსმენს დამატებით (საპრემიო) ქულებს უწერდნენ. დროთა განმავლობაში შეჯიბრების წესები საგრძნობლად შეიცვალა.

1936 წელს ბერლინის ოლიმპიადაზე დაშნით ფარიკაობაში პირველად გამოიყენეს ელექტროფიქსატორი, რაც რევოლუციური მნიშვნელობის სიახლე იყო. 1955 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ეს სიახლე რაპირით შეჯიბრებაშიც დაინერგა, ხმალი კი ელექტროიარაღად 1989 წლიდან იქცა.

პირველ ოლიმპიურ თამაშებში ოთხი ქვეყნის – საბერძნეთის, საფრანგეთის, დანიისა და ავსტრიის მოფარიკავეები გამოდიოდნენ. გათამაშდა მედლების 3 კომპლექტი: რაპირით ფარიკაობაში, მოყვარულებსა და მაესტროებს (ფარიკაობის მასწავლებლები) შორის და ხმლით ბრძოლაში. 1900 წელს თამაშების პროგრამას დაემატა დაშნით შეჯიბრება, შემდეგი ოლიმპიადის პროგრამაში კი რაპირისტთა გუნდური ტურნირი და ჯოხით ფარიკაობაც შეიტანეს. 1920 წლიდან მოყოლებული, კაცთა ოლიმპიური შეჯიბრება მოიცავს პირად და გუნდურ პირველობას რაპირით, ხმლითა და დაშნით ფარიკაობაში. 1924-56 წლებში ქალებისთვის ტარდებოდა მხოლოდ პირადი ტურნირი რაპირით ფარიკაობაში, 1960-დან კი – გუნდური შეჯიბრებაც ამავე დისციპლინაში. 1996 წლიდან ქალთა ასპარეზობის პროგრამაში დაშნით ფარიკაობაც შეიტანეს (პირადი, გუნდური).

ფარიკაობა საქართველოში

ოლიმპიური ჩემპიონი ნუგზარ ასათიანი სსრ კავშირისა და იტალიის გუნდების ფინალურ შეხვედრაში ტოკიო, 1964 წელი.

ქართველ მოფარიკავეებს საერთაშორისო სარბიელზე, მათ შორის – ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გამოუჩენიათ თავი. საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარით და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა.

ფარიკაობის პირველი სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა, რუსეთის ქვეშევრდომმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე, კომერციული მიზნით, 1900 წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით, თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვლადიმერ აფციაური (მარცხნივ) გერმანიის ნაკრების წევრებთან ფინალში სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე მოიგო. სეული 1988 წელი

საქართველოს მოფარიკავეები სსრკ ჩემპიონატში 1944 წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი 1948 წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – გიგა ერისთავი; ხმალი, გუნდური – ალექსანდრე ბათმანოვი). 1945 წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი თბილისელმა ალექსანდრე ადაროვმა მოიგო. სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს კაცებში ოთარ დიდებულიძემ და ბორის ბონდარევმა (1941), ქალებში – ჯულიეტა ზენაიშვილი-გიორგაძემ (1956).

გარდა თბილისისა, ფარიკაობას მიმდევრები გამოუჩდნენ ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში, გაგრაში, ზესტაფონში. 1950-იან წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის – არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება „დინამოში“ ფიზკულტურის ინსტიტუტში. აქ მუშაობდნენ შემდგომში სახელოვანი მწვრთნელები – ლევ გოლოვნია, აკაკი მეიფარიანი, ანატოლი ფიოდოროვი. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონში, რუსთავში, გაიხსნა სპეციალიზებული სპორტული სკოლა და ფარიკაობის ჯგუფები კომპლექსურ სპორტულ სკოლებში. ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავამ, რომელმაც 1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველთაგან პირველმა ასევე კოსტავამ მიიღო ოლიმპიური მედალიც (ბრინჯაო. რომი, 1960), ოლიმპიური ჩემპიონობა კი ნუგზარ ასათიანმა დაიმსახურა (ტოკიო, 1964, ხმალი, გუნდური).

1960-იანი წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. გარდა კოსტავასი და ასათიანისა, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს იური ოსიპოვმა, რევაზ ცირეკიძემ, მორის სახვაძემ, გურამ ლორთქიფანიძემ, ძმებმა – გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებმა (არჩილ გოგელია 1991-2016 წლებში სათავეში ედგა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას). ამ თაობის მოფარიკავეებს ავარჯიშებდნენ საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელები: ტრიფონ მესხი, სიმონ საყვარელიძე, შოთა დარასელია და სხვები. 1980-იან წლებში უმაღლესი სპორტული ტიტულები დაისაკუთრა რაპირისტმა ვლადიმერ აფციაურმა (მწვრთნელები – მალხაზ გაბუნია, სიმონ აჯიმამუდოვი). მან სსრკ ნაკრებთან ერთად ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1982), შემდეგ კი სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა, თუმცა მოგვიანებით გამოჩნდნენ ნიჭიერი სპორტსმენები, რომლებმაც საერთაშორისო ტურნირებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. განსაკუთრებით გამოირჩა ქუთაისელი სანდრო ბაზაძე, რომელმაც სამჯერ მოიგო ევროპის ახალგაზრდული პირველობა, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა, 2017-2019 წლებში კი ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თეოდორა კახიანმა. საერთაშორისო სარბიელზე ანგარიშგასაწევ ძალად იქცა საქართველოს ვაჟ მოხმალავეთა ნაკრები.

წესები

ორთაბრძოლა იმართება ბრტყელზედაპირიან, თანაბარზომიერად განათებულ, ლითონის ბადით დაფარულ საფარიკაო ბილიკზე, რომლის სიგრძეა 14 მ, სიგანე – 1,5-2 მ. ოფიციალური შეჯიბრების პროგრამა შეიცავს სამ დისციპლინას – რაპირით, დაშნითა და ხმლით (იგივე ესპადრონი) ფარიკაობას.

სანდრო ბაზაძემ სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე თითო მოგება-წაგებით მე-13 ადგილი დაიკავა რიო დე ჟანეიროში

სამივე სახეობის იარაღი მზადდება მტკიცე ფოლადისგან და აქვს მოქნილი პირი. რაპირა და დაშნა ბოლოვდება ბუნიკით, რაპირა იწონის არანაკლებ 500 გრამს. ღეროს სიგრძეა არაუმეტეს 90 სმ-ისა, საერთო სიგრძე – 110 სმ. ხელის მტევნის დამცავი ფარის (გარდი) დიამეტრია 12 სმ. საჩხვლეტი ზონა შემოსაზღრულია ელექტროქურთუკით. დაშნა რაპირას ჰგავს, წონა – არანაკლებ 770 გ. სიგრძე – 110 სმ, გადრის დიამეტრი – არაუმეტეს 13,5 სმ-ისა, ღეროს კვეთი – სამკუთხოვანი. ჩხვლეტა ნებადართულია სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ხმალი იწონის არაუმეტეს 500 გ-ს, პირის სიგრძეა 88 სმ, საერთო სიგრძე – 105 სმ. 15 სმ დიამეტრის გადრი რქით უერთდება ხმლის ტარს.

ნებადართულია ჩხვლეტა და დარტყმა თავზე, ხელებსა და ტანზე წელზემოთ. მოფარიკავეს აცვია მტკიცე მასალისაგან დამზადებული თეთრი დამცავი კოსტიუმი – ქურთუკი და შარვალი, ასევე თეთრი გეტრი და რეზინისძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, ახურავს ლითონისბადიანი მუზარადი. თითოეული შედეგიანი შეტევა ფიქსირდება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით. ხმლით, რაპირითა და დაშნით ფარიკაობენ კაცებიცა და ქალებიც.

პირადი ტურნირი ტარდება 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე სპორტსმენები ნაწილდებიან 5-7-კაციან ჯგუფებში და წრიული სისტემით ფარიკაობენ. ბრძოლა გრძელდება 5 ჩხვლეტამდე, მაგრამ თუ 3 წუთში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ინიშნება ე.წ. გადამწყვეტი ჩხვლეტა. მეორე ეტაპზე, პირდაპირი გამოთიშვის ტურში, მეტოქეები წყვილდებიან რეიტი ნგის შესაბამისად. ბრძოლა გრძელდება 15 ჩხვლეტამდე, ტარდება სამი 3-3-წუთიანი პერიოდი. ამ ტურის შემდეგ ფინალისტები (4 ან 8 მოფარიკავე) იბრძვიან ოლიმპიური სისტემით ჩემპიონის გამოვლენამდე.

გუნდურ ტურნირში მხოლოდ ოლიმპიურ სისტემას იყენებენ. გუნდში 3 ძირითადი და 1 სათადარიგო წევრია. პირველი წყვილი იბრძვის 5 ჩხვლეტამდე, მეორისა – 10-მდე, მესამისა – 15-მდე და ა.შ. ბოლო შეხვედრა 45 ჩხვლეტამდე გრძელდება. ბრძოლის დაწყებისას მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ დგებიან საფარიკაო ბილიკის ცენტრიდან 2-2 მეტრის დაშორებით. უფროსი მსაჯის ძირითადი ბრძანებებია: „ენ გარდე!“ (ბრძოლისათვის), „ალლეზ!“ (დაიწყეთ), „ჰალტე!“ (სდექ). რაპირითა და ხმლით ფარიკაობაში ჩხვლეტა მაშინ ითვლება, როცა დაცულია ე.წ. საფარიკაო ფაზის თანამიმდევრობა. მაგალითად, მოფარიკავემ ჯერ უნდა მოიგერიოს მეტოქის იერიში და შემდეგ მიაყენოს საპასუხო ჩხვლეტა. შემტევად ითვლება ის, ვინც მზად არის მეტოქეს პირველმა მიაყენოს ჩხვლეტა იარაღიანი გაშლილი ხელით. კომბინირებული შეტევის დროს (მეტოქის დასაბნევად შესრულებულ მოძრაობათა სერია), დაცვაზე გადასულ მოფარიკავეს შეუძლია მოწინააღმდეგეს მიაყენოს შემაჩერებელი ჩხვლეტა, თუ მიზანს შეტევის ბოლო ეტაპის დაწყებამდე მიაღწევს. ამ წესის თანახმად, მოფარიკავეთა მოქმედება გარკვეულ სცენარს (საფარიკაო ფაზას) უნდა ექვემდებარებოდეს: შეტევა, შეტევის მოგერიება, საპასუხო ჩხვლეტა, თავდაცვა.

დაშნით ფარიკაობაში ასეთი წესი არ არსებობს და ქულა ერიცხება მას, ვინც პირველი მიაყენებს ჩხვლეტას. ამასთან, თუ მეტოქეებმა ერთმანეთს ჩხვლეტა 1/25 წამზე ნაკლები ინტერვალით მიაყენეს, ფიქსირდება ორმხრივი ჩხვლეტა. მოფარიკავეს იარაღი ცალ ხელში უნდა ეჭიროს. აკრძალულია შეუიარაღებელი ხელის გამოყენება, რისთვისაც მოფარიკავე ჯერ გაფრთხილებით ისჯება, შემდეგ კი – ქულების ჩამორთმევით. ჩხვლეტის თავიდან ასაცილებლად გვერდითი ხაზის გადაკვეთისთვის მოფარიკავეს აფრთხილებენ, გამეორების შემთხვევაში კი მის მეტოქეს 1 ჩხვლეტას აძლევენ.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები