პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშები (2008)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეკინის XXIX ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა ყველაზე დიდი - 4,7-მილიარდიანი ტელეაუდიტორია შემოიკრიბა, რაც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც აღინიშნა. ამ თამაშებზე დახარჯული 40 მილიარდი დოლარით, პეკინის ოლიმპიადა ყველაზე ძვირადღირებული გახდა

პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 2008 წელს (8-24 აგვისტო) პეკინში.

  • მონაწილე ქვეყანა 204
  • სპორტსმენი 10,942 / 4,637 ქალი / 6,305 კაცი
  • სპორტის სახეობა 28
  • მედლების კომპლექტი 302

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: მაიკლ ფელპსი (ცურვა, აშშ) 8
ქალებში: სტეფ რაისი (ცურვა, ავსტრალია) 3

პეკინი 2000 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველ კანდიდატთა შორის უმთავრეს ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ მეოთხე ტურში 2 ხმის უპირატესობით გამარჯვება სიდნეის დარჩა. 2008 წლისთვის ჩინელებმა თავიდან წარადგინეს პეკინის კანდიდატურა და, ამჯერად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ასეთ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური წნეხი. სოკ-ს მოუწოდებდნენ, რომ ადამიანის უფლებების დამრღვევი ქვეყანა, სადაც მედია ცენზურას გადის, ოლიმპიურ თამაშებს არ იმსახურებდა.

წარწერის ტექსტი

მიუხედავად ამისა, პეკინი გახდა ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშების მასპინძელი, რომელმაც ოლიმპიზმის ისტორიაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი - 4,7-მილიარდიანი ტელეაუდიტორია შემოიკრიბა და გინესის მსოფლიო რეკორდებში მოხვდა. გარდა ამისა, ორგანიზატორების მიერ დახარჯული 40 მილიარდი დოლარით, გახდა ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიური თამაშები, რაც კი ოდესმე ჩატარებულა (შემდგომში რეკორდი სოჭი-2014-მა მოხსნა). ამავე დროს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თამაშები. ამის დასტურია, პეკინის თამაშების ზღაპრული სანახაობა, თამაშების ორგანიზაციული მხარე, ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსები თუ ათლეტთა მიღწევები.

პეკინის თამაშებზე ბრუნეის გარდა სოკის მიერ აღიარებული ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარდგა. მათ შორის ოლიმპიური დებიუტი ჰქონდა მარშალის კუნძულებს, მონტენეგროსა და ტუვალუს, ხოლო სერბეთი ოლიმპიადებს დამოუკიდებელ გუნდად 96 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

ოლიმპიადის გახსნის დღეს დაემთხვა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, ოლიმპიადის პარალელურად, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მიუხედავად ომით გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმისა, ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ - 3-3 ოქროსა და ბრინჯაოს მედლები აიღეს და მედლების საერთო რაოდენობით 204 ქვეყანას შორის 27-ე ადგილი დაიკავეს. მოგვიანებით, დოპინგთან დაკავშირებული სანქციების შედეგად, მოჭიდავე გიორგი გოგშელიძეს ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლის მედალი გადაეცა. ვერცხლი მიიღო აგრეთვე მეოთხე ადგილზე გასულმა ძალოსანმა არსენ კასაბიევმა. 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო და გუნდური 28-ე ადგილი - ასეთია საქართველოს საბოლოო პეკინური მონაგარი (ჩვენი გუნდი ერთი საფეხურით იმიტომ ჩამოქვეითდა, რომ უშუალო კონკურენტებს ასევე შეემატათ მედლები).

XXIX თამაშებზე სახეობების მხრივ მატება არ ყოფილა, მაგრამ გამოჩნდა ახალი დისციპლინები, მათ შორის, ველოსპორტის ახალი სახეობა _ BMX, რომელიც ერთგვარი ველო-მოტო-კროსია.

ათენის თამაშების ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ფელპსი პეკინში რვაჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. გარდა ამისა, ერთ ოლიმპიურ თამაშებზე რვაგზის ჩემპიონობით მიუნხენის ოლიმპიადის ტრიუმფატორის, თანამემამულე მარკ სპიცის შედეგი გააუმჯობესა. შედეგად, თანამედროვეობის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ფელპსი გახდა პირველი ათლეტი, რომელმაც 14-გზის ჩემპიონობა იზეიმა

პეკინის თამაშებს არაერთი ვარსკვლავი ჰყავდა, მაგრამ განსაკუთრებული ბრწყინვალებით ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი და იამაიკელი მძლეოსანი უსეინ ბოლტი გამოირჩეოდნენ.

ათენის თამაშების ექვსგზის ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა 8 გაცურვაში მიიღო მონაწილეობა და რვაჯერვე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამასთან, გზადაგზა 7 მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა. გარდა ამისა, ერთ ოლიმპიურ თამაშებზე რვაგზის ჩემპიონობით თავისებური რეკორდის ავტორიც გახდა - ფელპსმა მიუნხენის ოლიმპიადის ტრიუმფატორის, თანამემამულე მარკ სპიცის შედეგი გააუმჯობესა.

პეკინის ეროვნულ საწყლოსნო ცენტრში, რომელიც თავისი ფორმის გამო „წყლის კუბის” სახელით გახდა ცნობილი, 24 მსოფლიო და 63 ოლიმპიური რეკორდი დამყარდა. მათ შორის, დაემხო ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული რეკორდიც: ბრიტანელმა რებეკა ადლინგტონმა 800 მეტრზე ფინალური გაცურვისას ამერიკელი ჯანეტ ევანსის თითქმის 20 წლის წინანდელი მსოფლიო შედეგი გააუმჯობესა და ჩემპიონიც გახდა. ასევე, საუკეთესო იყო 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაშიც. სარბენი ბილიკების სრულ ბატონ-პატრონად მოგვევლინა ჯერაც უტიტულო უსეინ ბოლტი, რომლისგანაც სხვადასხვა შეჯიბრებებზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ყველა გამარჯვებას ელოდა. ბოლტმა სპრინტერულ მანძილებზე - 100 და 200 მეტრზე რბენაში ჩემპიონობა მსოფლიოს რეკორდებით მოიპოვა, შემდეგ კი, თანაგუნდელებთან ერთად 4X100 ესტაფეტაშიც ასევე სარეკორდო შედეგით მესამე ოქროს დაეუფლა. მოგვიანებით, 2017 წლის დასაწყისში იამაიკელთა კვარტეტის ერთ-ერთ წევრი - ნესტა კარტერი დოპინგის გამოყენებაში ამხილეს, რამაც პეკინის შედეგის გაუქმება გამოიწვია. ბალახის ჰოკეიში მოპოვებული ოქროს მედლით ოჯახური ტრადიციები გააგრძელა კელერების დინასტიის წარმომადგენელმა ფლორიან კელერმა. იქამდე ბარსელონის (1992) თამაშების ოქროს და ლოს ანჯელესისა (1984) და სეულის (1988) ვერცხლის მედლებით თავი გამოიჩინეს მისმა უფროსმა ძმამ ანდრეამ და ათენის ოლიმპიადის ჩემპიონმა დამ - ნატაშამ. უფრო ადრე ბალახის ჰოკეიში კელერების წარმატებებს ბერლინის (1936) ოლიმპიური ვერცხლის მედლით საფუძველი პირველმა ჩაუყარა ბაბუამისმა ერვინმა. ბაბუისგან ესტაფეტა ჩაიბარა მათმა მამამ - მიუნხენის (1972) თამაშების ოქროს მედალოსანმა კარსტენმა.

2022 წელს პეკინი მეორედაც უმასპინძლებს ოლიმპიადას, ამჯერად, ზამთრის თამაშებს. ოლიმპიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი ქალაქი გახდება, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები