მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშები (1972)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მიუნხენის ოლიმპიური თამაშები (1972)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონაწილეთა აღლუმზე დელეგაციები გერმანული ანბანის მიხედვით გამოვიდნენ

მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1972 წელს (26 აგვისტო - 11 სექტემბერი) მიუნჰენში.

  • მონაწილე ქვეყანა 121
  • სპორტსმენი 7,134 / 1,059 ქალი / 6,075 კაცი
  • სპორტის სახეობა 21
  • მედლების კომპლექტი 195

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: მარკ სპიცი (ცურვა, აშშ) 7
ქალებში: შეინ გოულდი (ცურვა, ავსტრალია) 3,1,1

ბერლინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მიუნხენი გახდა მეორე გერმანული ქალაქი, რომელმაც ოლიმპიურ დედაქალაქად წოდების პატივი მოიპოვა. თუ მაშინ, 1936 წელს, ბერლინში ეს ყველაფერი ნაცისტური, მილიტარისტული რეჟიმის პირობებში ხდებოდა, ამჯერად, დასავლეთ გერმანიის ხელისუფლება გერმანიას, როგორც ახალ, თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანას წარმოაჩენდა. მიუნხენის თამაშებმა, მონაწილე ქვეყნების რაოდენობით და გათამაშებული მედლების სიმრავლით ყველა რეკორდი მოხსნა.

Miunxenis olimpiadis plakati.PNG

ქვეყანათა აღლუმზე დელეგაციები გერმანული ანბანის მიხედვით გამოვიდნენ. მათ შორის თერთმეტი ქვეყანა - ალბანეთი, დაგომეა (1980 წლიდან - ბენინი) გაბონი, ჩრდილოეთ კორეა, ლესოტო, მალავი, საუდის არაბეთი, სომალი, სვაზილენდი, ტოგო, ზემო ვოლტა (1988 წლიდან - ბურკინა ფასო) ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად წარდგა. ქმერის რესპუბლიკის სახელით ერთადერთხელ გამოჩნდა კამბოჯა. თამაშებში როდეზიის მონაწილეობის შემთხვევაში ბოიკოტით იმუქრებოდნენ აფრიკული ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებდნენ როდეზიის სახელმწიფოებრიობას. მუქარამ გაჭრა - თამაშების გახსნამდე ოთხი დღით ადრე სოკ-მა როდეზიას მონაწილეობის უფლება არ მისცა.

ოლიმპიადის საწყისი 11 დღე წესით და რიგით წარიმართა და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა 5 სექტემბრის დილას ოლიმპიურ სოფელში დატრიალებული ტრაგედია. პალესტინის ტერორისტული ორგანიზაცია „შავი სექტემბრის” 8 წევრის მალულად შესვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და შემდეგ დახოცეს ისრაელის გუნდის 11 წევრი (5 სპორტსმენი, 4 მწვრთნელი და 2 მსაჯი). დაიღუპა ერთი პოლიციელი, სპეცოპერაციისას მოკლეს ხუთი ტერორისტი.

ისტორიაში „მიუნხენური სასაკლაოს” სახელით შესული მოვლენიდან 34 საათში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ევერი ბრენდეჯმა თქვა: „თამაშები უნდა გაგრძელდეს!” და თამაშები განახლდა.

5 სექტემბრის დილას ოლიმპიურ სოფელში პალესტინის ტერორისტული ორგანიზაციის „შავი სექტემბრის“ 8 წევრი შეიპარა. ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს და შემდეგ მოკლეს ისრაელის დელეგაციის 11 წევრი

დამყარდა ათეულობით ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდი. რეკორდული იყო ამერიკელი მოცურავის მარკ სპიცის მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობაც. მიუნხენამდე არასდროს ყოფილა, რომ ვინმეს ერთ ოლიმპიურ თამაშებზე 7 ოქროს მედალი მოეპოვებინოს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თითოეული მედალი მსოფლიოს რეკორდებით იყო მოგებული, სპიცის მიღწევა მეტ ბრწყინვალებას იძენს.

5 და 10 ათას მეტრზე რბენაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა ფინელმა ლასე ვირენმა. ამასთან, 10 ათას მეტრზე ასპარეზობის მე12 წრეზე ვირენი წაიქცა, მაგრამ წამოდგა და ფინიშის ხაზი მსოფლიოს რეკორდით (27 წუთი და 38,4 წამი) გადაკვეთა. 3 ოქროს მედლის მოპოვებით მედია-ვარსკვლავი გახდა საბჭოთა ტანმოვარჯიშე ოლგა კორბუტი. ამასთან, პირველად ასეთი რანგის ასპარეზობაზე, შემდგომში „კორბუტის მარყუჟის” სახელით ცნობილი ურთულესი ელემენტი შეასრულა.

ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა ორთაბრძოლები ამერიკელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ დენ გეიბლმა, რომელმაც მუხლის ტრავმის მიუხედავად, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გზა ისე გაიარა, ქულაც არ დაუკარგავს. გეიბლი იმითაც არის ცნობილი, რომ კარიერის განმავლობაში ერთადერთხელ აქვს წაგებული.

საარაკო გამოდგა საკალათბურთო ტურნირი. აშშ-ის ნაკრების 63-მატჩიანი წაუგებელი ოლიმპიური სერია შეწყდა. ამერიკელები დრამატულ ფინალში სსრკ ნაკრებთან (50:51) დამარცხდნენ. გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვით ზურაბ საკანდელიძეს და მიხეილ ქორქიას.

დასავლეთგერმანელი ლისელოტ ლინსენჰოფი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ცხენოსანთა პირად (წვრთნა) ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიგო.

ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, ფიცი დადო ოფიციალურმა პირმა. გარდა ამისა, მიუნხენში პირველად გამოჩნდა ოფიციალური ოლიმპიური თილისმა - ტაქსას ჯიშის ძაღლი, სახელად „ვალდი”.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები