მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი

გიორგი - მიტროპოლიტი - (ერისკაცობაში დავით გიორგის ძე ალადაშვილი) (08.12.1850, სოფ. არბოშიკი სიღნაღის მაზრა, თბილისის გუბერნია, — 06.02.1925, იქვე) - იმერეთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი.

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლების მისაღებად პატარა დავითი ნათესავის შემწეობით ქ. ნუხაში იქაურ საქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. ერთი წლის შემდეგ გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1869-1875 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დანიშნულ იქნა თბილისის სასულიერო სასწავლებელში უმაღლესი განყოფილების მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად. 1876 წლის 9 იანვარს დაინიშნა მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად. 1876 წლის 2 მარტს სასწავლებლის ზედამხედველად. 1877 წლიდან დავით ალადაშვილი იმავე სასწავლებელში გეოგრაფიას და არითმეტიკას ასწავლიდა, იმავე წლის 15 ნოემბრიდან დაინიშნა სასწავლებლის ეკონომოსად. ორი წლის შემდეგ პირადი განცხადებით დატოვა ყველა თანამდებობა და სწავლის გასაგრძელებლად გაეშურა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით დაამთავრა 1883 წელს და დაბრუნდა საქართველოში. 1884 წლის მარტიდან იგი მუშაობდა ოზურგეთის სასწავლებლის ზედამხედველად და ქართული ენის მასწავლებლად. 1885 წლის 5 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ. 1898 წლის 22 აპრილს მიენიჭა „სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება. 1898 წლის 5 ივლისს დაინიშნა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დროებით ზედამხედველად. 1899 წლის 3 თებერვალს პედაგოგიური მოღვაწეობის 14 წლისთავზე წმიდა ანას III ხარისხის კავალერის ორდენით დააჯილდოვეს. 1899 წლის 25 სექტემბერს დავით ალადაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. მეორე დღეს აკურთხეს დიაკვნად, 1 ოქტომბერს – მღვდლად, 3 ოქტომბერს არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1900 წლის 20 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით თეკლითის დედათა მონასტერში მშენებარე ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. 1902 წლის 16 მარტს რუსეთის სინოდის განკარგულებით არჩეულ იქნა იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დაინიშნა დავით გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1902 წლის 6 მაისს წმიდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, იმავე წლის 7 ივლისს სინოდალური კანტორის შენობის სარემონტო კომისიას ხელმძღვანელობდა, 27 ივნისს სასულიერო ჟურნალ „მწყემსის“ ცენზორად, ხოლო 24 აგვისტოს ქართული „მარხვანის“ შესწორებული კომისიის ჯგუფში კორექტორად დანიშნეს. 1903 წლის 4 მარტს თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობის აშენების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, არქიმანდრიტი გიორგი შეთავსებით მუშაობდა საქართველოს საეგზარქოსოს სამხარეო სასწავლებლების კომიტეტის წევრად, საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარედ. 1905 წლის 6 მაისს წმიდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1905 წლის 29 აგვისტოს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი გიორგი გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. 25 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი კურთხევა. ეპისკოპოსმა გიორგიმ გურია-სამეგრელოს ეპარქია ჩაიბარა.

დავით ალადაშვილი პედაგოგობის პერიოდში (XIX ს. 90-იანი წლები)

1908 წლის 1 თებერვალს მეუფე გიორგი იმერეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1912 წლის 11 აპრილიდან იგი შეთავსებით გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. რუსეთის საერო და სასული ხელისუფლება აფასებდა ეპისკოპოს გიორგის ღვაწლს. ამიტომ იგი დაჯილდოვდა წმ ანას I და II ხარისხის ორდენებით.

ეპისკოპოსი გიორგი აქტიურად მონაწილე საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში. საქმიანი მიმოწერა ჰქონდა აკაკი წერეთელთან, გრიგოლ რობაქიძესთან, ივანე ჯავახიშვილთან. 1905 წლის საეკლესიო საკითხების განხილვის დროს. ეპარქიის სამღვდელოება თავისი მღვდელმთავრი მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში აქტიურობას. ეპისკოპოსი გიორგი იძულებული გახდა შეერთებოდა ეპისკოპოსების პეტრე, ლეონიდეს, ექვთიმეს ხელმოწერით რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი გასაგზავნი წერილის სულისკვეთებას, მაგრამ ავტოკეფალიის საკითხში მაინც ყოყმანობდა. 1917 წლის 12(25) მარტს მართალია მცხეთაში ჩავიდა, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაესწრო საგანგებო წირვას, ხელი მოაწერა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტს, მაგრამ იქიდან პირდაპირ ეგზარქოსის სასახლისაკენ გასწია და მოახსენა სხვა გამოსავალი არ მქონდაო. მისმა ასეთმა ნაბიჯმა იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებისა და მორწმუნეთა განრისხება გამოიწვია, საქმე იქამდე მივიდა, რომ ეპარქიამ სრული უნდობლობა გამოუცხადა მას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მას მღვდელმთავრობა შეუჩერა, ხოლო 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულმა I საეკლესიო კრებამ გადააყენა იმერეთის ეპისკოპოსის თანამდებობიდან. უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II-ის ტრაგიკულად აღსრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ 1918 წლის 1 აგვისტოდან წილკნის ეპარქიის მმართველად დაადგინა, მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაერთიანების შემდეგ (1919 წ.) 1920 წლიდან ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ეპისკოპოსი გიორგი გახდა მიტროპოლიტი.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების შემოსვლამ კიდევ უფრო დაამძიმა მიტროპოლიტი გიორგი. მან 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის წინამძღოლობიდან და გაეშვათ პენსიაზე. 1922 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი ხირსის წმიდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის 14 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. 1924 წელს დაარბიეს ხირსის მონასტერი. მიტროპოლიტი გიორგი იძულებული გახდა თავის სოფელ არბოშიკში ნათესავებთან გადასული 1925 წლის 28 თებერვალს იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს სოფელ არბოშიკის ეკლესიის გალავანში, მეუფე გიორგი იყო ფრთხილი, გაწონასწორებული კაცი, ახლობლებში „ქართველი ფუშე“.


იხილე აგრეთვე


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები