მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი დავითი

მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა)მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა, დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქ. თბილისში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა – ივანე ჭკადუა თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1955 წელს მან დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956-1978 წლებში მუშაობდა სტომატოლოგიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.

1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად.

1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამ თანამდებობაზე იყო 1984 წლამდე. 1981 წლის 8 სექტემბერს მეუფე დავითი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1984 წლიდან იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელია და მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ მოწყობილ ფორუმებში, როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი. 1983 წლის 26 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მეუფე დავითი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოებული იყო მეორე პანაღიისა და სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთის საპატრიარქოს ორდენებით.

1990 წელს მიტროპოლიტი დავითი შედიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელმაც კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მტკიცებულების სიგელი. მეუფე დავითი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი მოთხოვნილების კრებული „რწმენა“ გამოიცა 1992 წელს და მკითხველთა მოწონება დაიმსახურა. მეუფე დავითს რთულ ეპარქიაში მოუხდა მოღვაწეობა, აფხაზებსა და ქართველებს შორის გარე ძალების ინსპირირებით ადგილი ჰქონდა დაპირისპირებებს, რომელიც 1992 წელს შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. რუსეთის რეგულარულმა შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს გაგრა, გუდაუთა და შემოუტიეს სოხუმს. მეუფე დავითი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა სოხუმში ქართველობის მრავალათასიან მიტინგზე... 1992 წლის 7 ოქტომბერს მიტროპოლიტი დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა, განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. იგი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

დავითი (მიტროპოლიტი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები