მძიმე (სასვენი ნიშანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მძიმე (,) – სასვენი ნიშანი, რომელიც იხმარება:
1. შერწყმული წინადადების ერთგვაროვანი წევრების, რთული თანწყობილი წინადადების შემადგენელი მარტივი წინადადებების უკავშიროდ შესაერთებლად, ანდა რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მთავარი და დამოკიდებული წინადადებების მიჯნაზე (როგორც უკავშირო, ისე კავშირიანი შეერთებისას). მაგ. „ჩემს სახლ-კარზედა არც დღე, არც ღამე / აღარ ვფიქრობდი, არ ვღონდებოდი“ (ი. ჭავჭავაძე); „ლუარსაბი ჯერ კიდევ სიზმრის ამბავში იყო და ხმა არ გასცა, დარეჯანი წამოჯდა და მხოლოდ მაშინ დაინახა, რომ ლუარსაბი… უძრავადა გდია“ (ი. ჭავჭავაძე).
2. განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების, მათ შორის /ჩართულის, დანართისა და მიმართვის გამოსაყოფად: „წყალნი, მთით დაქანებულნი,/ ალმასებრ უფსკრულს ცვივიან“ (გ. ორბელიანი); „გამოჩნდა ქალი ლამაზი, / შავის ტანსაცმლით მოსილი“ (ვაჟა-ფშაველა); „სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად“ (ნ. ბარათაშვილი); „დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო!? (ი. ჭავჭავაძე); „ხან წინ მიუძღვის, ხან – გვერდზე, მხარდამხარ…“ (ვაჟა-ფშაველა)
3. იხმარება ამა თუ იმ წიგნის, ნაწარმოების, სტატიისა და ა. შ. გაფორმებისას: ავტორის, სათაურის, გამომცემლობის, გამოცემის ადგილისა და დროის შესახებ ცნობების ერთმანეთისაგან გასამიჯნავად. მაგ., ა. შანიძე, ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ,, 1953.
4. ტირესთან ერთად იხმარება ავტორისეული სიტყვებისა და პერსონაჟთა მეტყველების გასამიჯნავად. მაგ.: „–მე აღარა მესმის-რა, – უთხრა ძმამა, – ამ საცოდაობამ გამაშტერა“ (ი. ჭავჭავაძე).

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები