ნაკაშიძე-ანთაძე ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო ნაკაშიძე

ნაკაშიძე-ანთაძე ნინო იოსების ასული - (13.I.1872, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრ. - 2.VII.1963, თბილისი) - ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში. 1892 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშიძე. 1894 წელს დაქორწინდნენ. 1902 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „იმედი“ ჟურ. „კვალში“. მეუღლესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მოსკოვში შევიდა გერიეს სახელობის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო მეცადინეობა მიატოვა. 1899 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1903-1904 წლებში გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები: „ძიძა“, „შობა“, „დამნაშავე“. 1904 წელს მარიამ დემურიასთან ერთად გამოსცა საბავშვო ჟურნალი „ნაკადული“. 1905 წელს მონაწილეობდა რევოლუციაში, რომელსაც გურიაში აჯანყება და რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა. ამის გამო დაიჭირეს და გადასაახლეს ვიატკის გუბერნიაში, მაგრამ მალევე დაბრუნდა საქართველოში. ვერაზე დააარსა საკვირაო სკოლა მუშების ბავშვებისათვის, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და ანგარიშს, ილია ნაკაშიძე - საქართველოს ისტორიას, პეტრე სურგულაძე - ბუნებისმეტყველებას. 1910 წელს გაიხსნა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, რუსეთის განათლების მინისტრის წინააღმდეგობის მიუხედავად. ბაღისათვის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი უნივერსიტეტის) შენობაში გამოიყო ორი ოთახი. ამ საქმით აღფრთოვანებული იაკობ გოგებაშვილი საბავშვო ბაღს თვეში თუმანს უგზავნიდა. 1914 წლიდან მუშაობდა „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ. საზოგადოებასთან ჩამოყალიბებული იყო წერა-კითხვის, ლიტერატურის, ისტორიისა და გეოგრაფიის შემსწავლელი წრეები, აგრეთვე სამკერვალო, ფეხსაცმლის სახელოსნო და ასოთამწყობთა სკოლა ქალებისათვის. საზოგადოების თაოსნობით დაარსდა კოოპერატიული სასადილო. 1914 წლიდან აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად. თარგმნიდა ისეთი მწერლების საბავშვო ლიტერატურას, როგორებიცაა: ტოლსტოი, ჩარლზ დიკენსი, ანდერსენი, რაბინდრანათ თაგორი.

1910-1928 წლებში რედაქტორობდა „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს. 1921 წლიდან მუშაობდა სოციალისტური აღზრდის მთავარი სამმართველოს სამხატვრო-სალიტერატურო სექტორის გამგედ. ამავე წელს გამოსცა პირველი ფერადნახატებიანი ქართული წიგნი - ხალხური ზღაპარი „დედაბერი, ტურა და მელია-კუდიგრძელია“. შემდეგი იყო ზღაპარი „კომბლე“. 1921 წელს მისი ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საბავშვო თეატრი. პირველი საბავშვო წარმოდგენა იყო ანდერსენის „მფრინავი ზანდუკი“.

დაწერილი აქვს რამდენიმე პიესაც, მათ შორის „ვინ არის დამნაშავე?“ (1908), რომლის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. წელს 1924 აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაგა ლომიძე

ლიტერატურა

ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები