ნინო ჩხეიძე (მსახიობი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო (ნუცა) ჩხეიძე

ჩხეიძე ნინო (ნუცა) პლატონის ასული (დ. - 12.X.1881, ქუთაისი - გ. - 14.VIII.1963, თბილისი) - მსახიობი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა 1881 წლის 12 ოქტომბერს, ქუთაისში. მამა, პლატონ ჩხეიძე, ვექილი იყო, დედა - ევგენია ნიკოს ასული ქორქაშვილი კი სცენისმოყვარე. სწავლა ოჯახში დაიწყო. წერა-კითხვა კოტე მესხის დებმა, ეფემია და ნინო მესხებმა შეასწავლეს. სკოლაში არასოდეს უსწავლია, რადგან მამა ბავშვის გიმნაზიაში სწავლის წინააღმდეგი იყო. იზრდებოდა თეატრალურ წრეში, იყო თვითგანვითარებული. უფროსი და მარიამი (მაშო) კოტე მესხის დასში თამაშობდა. ამიტომ ბავშვობიდანვე ნინოს დაინტერესება თეატრით შემთხვევითი არ იყო. 1894 წელს პირველად გამოვიდა ქუთაისის სცენაზე. ვლ. მესხიშვილის გასტროლის დროს დაიდგა „დამნაშავის ოჯახი“. სპექტაკლში ემმას როლი შეასრულა, მისი დის, მარიამის, ავადმყოფობის გამო როლი ნინოს მისცეს. სპექტაკლის ნახვის შემდეგ წარმატება ვლ. მესხიშვილმა უწინასწარმეტყველა.

1894 წელს ქუთაისის თეატრად ქალაქის ცენტრალურ ბაღში აღმართული პავილიონი ითვლებოდა, რომელიც ამავე წელს დაიწვა. კოტე მესხმა ქუთაისის მსახიობებისაგან ახალი დასი შექმნა და თბილისში გაემგზავრა. ამ ამხანაგობასთან ნინოსაც მოუხდა თამაში დიუმას პიესაში „ცოდვის შვილი“. იმ გაზაფხულს შესრულებული როლებით იმდენად მიიქცია თეატრალური საზოგადოების ყურადღება, რომ შემოდგომაზე თბილისის დრამატული საზოგადოების მიწვევით გამოდიოდა. დასს ლადო მესხიშვილი რეჟისორობდა. თბილისის დრამატული საზოგადოების დასში იმხანად ასაკოვანი მსახიობი, ავალიშვილის ქალი შედიოდა, რომლის ნაცვლად მთავარ როლზე საზოგადოება ნინოს ჩართვას ითხოვდა. ამის შესახებ წერილები პრესაშიც დაიბეჭდა. 1896 წელს უკვე ქუთაისში, ლადო მესხიშვილის დასში იყო, ქალის დრამატული როლების შემსრულებლების არყოფნის გამო ნინოს მთავარი როლები შეხვდა. ასრულებდა დეზდემონას, კორდელიას როლებს. მესხიშვილის დასთან ერთად ნინო ბათუმში, ფოთში, სოხუმში, ბაქოში, ყარსში მოგზაურობდა და თამაშობდა. 1897 ვასო ბალანჩივაძემ დადგა „უბედური ნაბიჯი“, რომელშიც ვარვარა პეჩორინას როლი შეასრულა. ეს სპექტაკლი ნინო ჩხეიძის წარმატებული სასცენო მოღვაწეობის დასაწყისად მიიჩნევა. თუმცა, ამ დროს დაეღუპა დედა და სცენისმოყვარე და მარიამი, 2 წლით ადრე - მამა. დარჩა უსახსროდ, ორ ძმასა და დასთან ერთად. 1903-1904 წლებში თბილისში გადავიდა, ვ. აბაშიძის, კ. მესხისა და კ. შათირიშვილის რეჟისორობის დროს. 1904 წელს ჯვარი დაიწერა რეჟისორ მ. ქორელზე. 1905 წელს თბილისის დასმა მუშაობა შეაჩერა. 1905 წელს ავადმყოფობის გამო მეუღლესთან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც ხუთი თვე ცხოვრობდა. იქ გაუჩნდათ შვილი მედეა. 1906 წლის მაისის თვეში ქმარ-შვილით თბილისში დაბრუნდა. 1906-1909 წლებში თბილისის დასში თამაშობდა. 1909 ქუთაისში გადავიდა, სადაც 10 წლის განმავლობაში მსახურობდა.

1918-1919 წლებში მისი შემოქმედებით იმდროინდელი პერიოდული გამოცემები აქტიურად დაინტერესდა. ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მისი არაერთი ფოტო და წერილი მის შემოქმედებაზე. მისი ჩანახატი შეასრულა შალვა ქიქოძემ - „გაწყვეტილი სიმი - ელენე“. იყო არაერთი პოეტის მუზა, მასზე ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1918 წელს ქუთაისის სცენის პარალელურად, 12 სპექტაკლში ითამაშა თბილისის სცენაზე. 1919 წლის 1 ივნისს სასცენო მოღვაწეობის 25 წელი შეუსრულდა. მისი იუბილე ჯერ დასავლეთ საქართველოს სცენაზე აღნიშნეს, შემდეგ კი თბილისში, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ღონისძიებების ჩატარებაზე უნდა ეზრუნა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააჯილდოვა.

  • 1921-1922 წლებში იყო ჭიათურის თეატრის მსახიობი.
  • 1922-1925 - 1938-1948 წლებში თბილისში, თეატრში მოღვაწეობდა,
  • 1925-1926 წლებში - ბათუმის თეატრის სცენაზე,
  • 1927-1928 წლებში - თბილისის მუშათა თეატრში.

1927 წლიდან იღებენ ფილმებში: 1930 წელს „საკანი 79“ (რეჟისორი შ. ბერიშვილი), „ნახვამდის“ (რეჟ. მაკაროვი), 1936 წელს სიკო დოლიძის ფილმში „დარიკო“ და სხვ. ავტორია წიგნისა „მოგონებები“, რომელიც 2-ჯერ გამოიცა. ქართულ სცენაზე შექმნა 300-მდე როლი: ზეინაბი, მარგარიტა გოტიე, მაგდა, ნორა, მედეა, ქეთევანი, დეზდემონა, კორდელია და სხვა. 1946 წელს გადაუხადეს სასცენო მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი არქივი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

სალომე ჭანტურიძე

ჯილდოები

  • 1941 საბჭოთა მთავრობამ „შრომის წითელი დროშის ორდენი“
  • 1950 ლენინის შრომის წითელი დროშის ორდენი.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა, წ. II, რედ. ი. მოისწრაფიშვილი, 2012;
  • ს. ასლანიშვილი, ნინო ჩხეიძის ასული, ჟურ. „ხელოვნება“, 1919, №2;
  • ჟურ. „თეატრი და მუსიკა“, 1919, №1;
  • ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №6, №15;
  • გაზ. „ერთობა“, 1918, №119;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1920, №755;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №77.

იხილე აგრეთვე

ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექცია

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები