ქორელი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ქორელი

ქორელი (ქორიძე) მიხეილ ფილიმონის ძე (8.XI. 1876, მილანი - 27.V.1949, თბილისი) - ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941). ცნობილი მოღვაწის, ფილიმონ ქორიძის, შვილი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ მოსკოვის ლაზარევის სახელობის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, პარალელურად მსახიობობდა. 1892 წელს საქართველოში დაბრუნდა. ჯერ თბილისში განაგრძო მსახიობობა, შემდეგ ბაქოს ქართულ თეატრში გადავიდა. 1910 წლიდან, როგორც რეჟისორი, ხელმძღვანელობდა თეატრებს და დგამდა სპექტაკლებს ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, ჭიათურასა და სხვა ქალაქებში.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პერიოდში იყო საკმაოდ აქტიური, მისი რეჟისორობით დაიდგა არაერთი სპექტაკლი, აქვეყნებდა წერილებს. მაგ., 1918 წლის 28 ივნისს სახელმწიფო თეატრში ნინო ჩხეიძის მონაწილეობით ნ. შიუკაშვილის პიესა „სულელი“ დაიდგა, რომლის რეჟისორიც მ. ქორელი იყო. 1919 წლის მარტში ჟურნალში „თეატრი და მუსიკა“ დაიბეჭდა მ. ქორელის წერილი „ჩვენი სცენის დღევანდელი საჭიროება“. 1920 წლის 18 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა, სადაც თბილისის ქართველ მსახიობთა საუკეთესო ანსამბლის წევრებთან ერთად მ. ქორელიც მონაწილეობდა. 1920 წ-ის 7 თებერვალს ქართულ კლუბში დაიდგა ნ. შიუკაშვილის „სულელი“, მიზანსცენებში მ. ქორელი მონაწილეობდა. 1920 წლის 5 მარტს ქართულ კლუბში მისი რეჟისორობითა და ქართული სტუდიის მსახიობთა წრის მონაწილეობით შალვა დადიანის კომედია „გუშინდელნი“ დაიდგა. 1920 წლის 17 მარტს გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ცნობა - თბილისში შედგა სტუდიის მსახიობთა პატარა წრე, რომელიც დროგამოშვებით გამართავს სპექტაკლებს ქართულ კლუბში. რეჟისორად მ. ქორელი მიიწვიეს.

1920 წლის 18 მარტს ქართულ კლუბში ვ. გუნიას 3-მოქმედებიანი დრამა „ივერიძის ოჯახი“ დაიდგა. რეჟისორი მ. ქორელი იყო. 1920 წლის 4 აპრილს არტისტული საზოგადოების თეატრში, ნინო ჩხეიძის მონაწილეობითა და მ. ქორელის რეჟისორობით, „მედეა“ დაიდგა. 1920 წ-ის 15 ოქტომბერს სახელმწიფო დრამის სეზონი გაიხსნა. მ. ქორელის რეჟისორობით პირველი სპექტაკლი შ. დადიანის „გუშინდელნი“ წარმოადგინეს. 1920 წლის 21 ოქტომბერს გაზ. „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა წერილი „თეატრი და ხელოვნება - ქართული დრამა“ - „დღეს, სახელმწიფო დრამის თეატრში პირველად წარმოდგენილი იქნება ცნობილი უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწისა და მწერლის ვიხნიცენკოს პიესა „სიცრუე“, დრამა 3 მოქმედებად. რეჟისორი მიხეილ.ქორელი სახელმწიფო დრამის თეატრში, მ. ქორელმა ენგელის „ზღვასთან“ დადგა.

1920 წლის მარტში ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა წერილი, სადაც 22 თებერვალს ქართულ კლუბში მ. ქორელის მიერ დადგმული „ციცინათელას“ განხილვაა მოცემული. მანვე დიდი წარმატებით განახორციელა უ. შექსპირის „მაკბეტი“, იბსენის „ნორა“, ე. ტოლერის „კაცი-მასა“, ჰ. ჰერანსის „იმედის დაღუპვა“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, შ. დადიანის „გუშინდელნი“ და სხვა პიესები. პერიოდულ გამოცემებში მ. ქორელის კარიკატურებს ხატავდა და აქვეყნებდა მიხეილ ჭიაურელი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სალომე ჭანტურიძე, მერაბ გეგია

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918, №61, 1920, №233, №234, №270;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1920, №730, №747, №770, №781, №793, №957, №981;
  • ჟურ. „ თეატრი და მუსიკა“,1919, №1;
  • ჟურ. „ თეატრი და ცხოვრება“, 1920, №8, №15.


იხილე აგრეთვე

მიხეილ ქორელი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები