პათოლოგიური ეჭვიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავადმყოფური ეჭვიანობა - არქეტიპული ბოდვითი აშლილობაა და გარდა „დევნის ბოდვითი აშლილობისა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული“, ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი საფრთხის უდიდესი რისკის მატარებელია.

არსებითი მახასიათებელი პათოლოგიური რწმენაა, რომ პაციენტის პარტნიორი მოღალატეა. ამ მდგომარეობას პათოლოგიურს უწოდებენ, რადგან ასეთი რწმენა (რომელიც ბოდვას ან ზეღირებულ იდეას შეიძლება წარმოადგენდეს) არაადეკვატურ საფუძველს ემყარება და მასზე რაციონალური არგუმენტები არ მოქმედებს. ასეთ რწმენას ხშირად თან სდევს ძლიერი ემოციები და დამახასიათებელი ქცევა, მაგრამ ეს თავისთავად არ წარმოადგენს პათოლოგიურ ეჭვიანობას. მამაკაცს, რომელმაც თავის ცოლს საყვარელთან შეუსწრო, შეიძლება უკიდურესად ძლიერი ეჭვიანობის გრძნობა დაეუფლოს და მისი ქცევაც შესაძლოა, უმართავი გახდეს, მაგრამ ამას პათოლოგიურ ეჭვიანობას ვერ დავარქმევთ. ეს ტერმინი მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ეჭვიანობა დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს და განსჯას ემყარება.

პათოლოგიური ეჭვიანობის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროა შეპერდის კლასიკური ნაშრომი (Shepherd,1961), ლანგფელდტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა (Langfeldt, 1961) და სხვა ნაშრომები (Vaukhonen, 1968; Mullen and Maack, 1985). შეპერდმა ლონდონში შეისწავლა 81 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია. იგივე გააკეთა ლანგფელდტმა ნორვეგიაში (66 პაციენტი). ვაუკჰონენმა ფინეთში 55 პაციენტი გამოკითხა, ხოლო მულენმა და მააკმა შეისწავლეს 138 პაციენტის ისტორიის ჩანაწერები.

პათოლოგიური ეჭვიანობის სიხშირე საერთო პოპულაციაში უცნობია, თუმცა ეჭვიანობის განცდა საყოველთაო მოვლენაა (Mullen and Martin, 1994). პათოლოგიური ეჭვიანობა არ არის იშვიათი ფსიქიატრიულ პრაქტიკაში და სრულ განაკვეთზე მომუშავე ფსიქიატრების უმრავლესობა ალბათ წელიწადში ერთ ან ორ ასეთ შემთხვევას მაინც ხვდება. ასეთი პათოლოგია საგულდაგულო ყურადღებას მოითხოვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ უაღრესად ამძიმებს ცოლქმრულ და ოჯახურ ურთიერთობებს, არამედ იმიტომაც, რომ შეიძლება ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავდეს.

როგორც ჩანს, პათოლოგიური ეჭვიანობა უფრო გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მაგ., გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ პათოლოგიური ეჭვიანობის შემთხვევები მამაკაცებში ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება. მიუხედავად ამისა, ზუსტი შეფარდების დადგენა ქალებსა და მამაკაცებს შორის იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რომელი ჯგუფი შეისწავლება და, რაც მთავარია, იმაზე, წარმოადგენს თუ არა ეჭვიანობა მეორად მოვლენას სხვა აშლილობასთან მიმართებაში. მაგ., სტაციონარული პაციენტების რეტროსპექტული გამოკითხვისას სოიკამ თავის კოლეგებთან ერთად ((Soyka et al., 1991) აღმოაჩინა, რომ პარანოიდული შიზოფრენიის მქონე პაციენტების შემთხვევაში ეჭვიანობის ბოდვა უმეტესად ქალებს ახასიათებთ, ხოლო ალკოჰოლური ფსიქოზის დროს ეჭვიანობის ბოდვა უმეტესად მამაკაცებს უვითარდებათ (იმ ფაქტის გათვალისწინებითაც კი, რომ ქალებთან უფრო ნაკლებად აღინიშნება ალკოჰოლური ფსიქოზი). პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებული პროგნოზი


სარჩევი

პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებული პროგნოზი

პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებული პროგნოზის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ის შეიძლება დამოკიდებული იყოს მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ძირითადი ფსიქიკური აშლილობის ბუნებაზე და პაციენტის პრემორბიდულ პიროვნულ თვისებებზე. ლანგფელდტმა (Langfeldt, 1961), რომელიც 17 წლის მანძილზე 27 პაციენტზე ატარებდა შემდგომ დაკვირვებას, დაადგინა, რომ მათგან ნახევარზე მეტს კვლავ აღენიშნებოდა მუდმივი (პერსისტენტული) ან პერიოდული ეჭვიანობა. ეს ადასტურებს კლინიცისტების ზოგად მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებული პროგნოზი ხშირად ოპტიმისტური არ არის.

ძალადობის რისკი

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ძალადობის რისკის ჯეროვანი შეფასება, არანაირ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ პათოლოგიური ეჭვიანობის მქონე ადამიანები შეიძლება საშიშნი იყვნენ (Silva et al., 1998). შეპერდის ჯგუფში 81 პაციენტიდან სამმა მკვლელობის ტენდენცია გამოავლინა. გარდა მკვლელობის მომატებული რისკისა, ანგარიშგასაწევია ასეთი პაციენტების მიერ ფიზიკური ძალადობის რისკი. მულენისა და მაკის (Mullen and Maack, 1985) ჯგუფში პაციენტების მეოთხედი იმუქრებოდა, რომ მოკლავდა ან ფიზიკურ ზიანს მიაყენებდა პარტნიორს. ამ პაციენტებიდან მამაკაცების 56%-მა და ქალების 43%-მა ან უკვე ძალადობა იხმარა წარმოსახულ მეტოქეზე ან ამის სურვილს გამოთქვამდა. შანდა (Schanda et al., 2004), რომელმაც შეისწავლა მსჯავრდებული მკვლელები ავსტრიაში, ამტკიცებს, რომ ბოდვითი აშლილობა (ქვეტიპი არ არის განსაზღვრული) დაკავშირებულია მკვლელობასთან (შეფარდებით 1:6). ასევე, არსებობს სუიციდის რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის მიერ ბრალდებული პარტნიორი საბოლოოდ გადაწყვეტს ურთიერთობების გაწყვეტას.

პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებული აშლილობები

შიზოფრენია
გუნებ-განწყობის აშლილობა
ორგანული აშლილობა
ნივთიერებების (განსაკუთრებით ალკოჰოლის)
ავადმოხმარების შედეგად გამოწვეული აშლილობა
პიროვნების პარანოიდული აშლილობა

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები