ჟალეთის ბაზილიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟალეთის ბაზილიკა

ჟალეთის ბაზილიკა – (ინგლ. Zhaleti Basilica), ჟალეთის IX-X სა-უკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ადგილობრი მოსახლეობა მას წმ. გიორგის ხატს უწოდებს. მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყარაულოს ჩრდილო-აღმოსავლეთით.

გეგმაში წაგრძელებული, ბურჯების ორი წყვილით სამ ნავად გაყოფილი ოთხკუთხა ეკლესია ადგილობრივი ქვითა და კირის ხსნარითაა ნაგები, ხოლო ცალკეული კონსტრუქციული და დეკორაციული ელემენტებისთვის შირიმია გამოყენებული. ბაზილიკა აღმოსავლეთით ღრმა ბემიანი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა განთავსებული. ეკლესიას შესასვლელები სამხრეთი და დასავლეთი მხრიდან აქვს გაჭრილი. ამავე ფასადებზეა მიშენებული ვიწრო გარშემოსავლელიც. ინტერიერში, აღმოსავლეთ ბურჯებს შორის რიყის ქვით აგებული სექსაგონიაა (ექვსკუთხედი), კუთხეებში კარგად გათლილი შირიმის ქვის მრგვალი სვეტებით. ნაგებობას აღმოსავლეთი და დასავლეთი მხრიდან მიდგმული აქვს ქვის საფეხურები. სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო ჯვრისთვის.

XX საუკუნის სამოციან წლებში, ძეგლის გაწმენდითი-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების დროს (ხელმძღვანელი ნ. ქადეიშვილი), ბაზილიკის გვერდზე, აღმოჩენილი იქნა სანათლავი, რომელიც წარმოადგენს მაგარი ჯიშის ერთი ქვიშაქვისგან გამოთლილ დიდი ზომის (85x60x45 სმ) ოთხკუთხა ფორმის ყუთს. მისი გარე სამი კედელი მორთულია რელიეფებით. ყველაზე მნიშვნელოვანი რელიეფია ერთ-ერთ კედელზე წარმოდგენილი ნათლისღების სცენა. იგი ოთხფიგურიანი კომპოზიციაა ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლის, ორი ანგელოზისა და ბოლნური ჯვრის გამოსახულებით. სხვა რელიეფებიც სხვადასხვა კომპოზიციებისგან შედგება. VIII-IX საუკუნეების ეს სანათლავი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია და ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ეკლესიაში, საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც, სავარაუდოდ, ქვის ჯვარი უნდა ყოფილიყო აღმართული. ჯვრის ერთი, ჩუქურთმებიანი ფრთაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები