ნათლისღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათლისღება. გვიდო რენი, ვენა, 1623წ.
მაცხოვრის ნათლისღება - ღვთის განცხადება აღინიშნება 6/19 იანვარს. თავდაპირველად იგი მოიცავდა ქრისტეშობის, მოგვთა თაყვანისცემის, უფლის წინადაცვეთისა და უფლის მირქმის დღესასწაულებს, ყველაფერს იოანესაგან იორდანეზე ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულამდე. თითქმის უეჭველია, რომ ეს დღესასწაული, ისევე, როგორც აღდგომა და სულთმოფენობა, არის ძველი აღთქმის ზეიმის – ნათლის დღესასწაულის ქრისტიანული დასასრული.

ახლანდელი ღვთის განცხადებით აღინიშნება პირველი გამოჩენა კაცობრივი სახით ისრაელის მესიისიესო ქრისტესი, რომელიც, ამავე დროს, არის უფლის წინასაუკუნო ძე, ერთარსი მამისა და სულიწმინდისა წმინდა სამებაში.

„რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედსა ხელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებ და სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა“ (ტროპარი)

„განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო“ (კონდაკი)

ნათლისღების ღვთისმსახურება ქრისტეშობის მსგავსადაა აგებული, თუმცა, ისტორიულად სწორი იქნებოდა თქმა, რომ პირიქით, საშობაო მსახურებაა აგებული ნათლისღების მსგავსად, რადგან იგი უფრო გვიან იქნა დაწესებული. დღესასწაულის წინ სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომელსაც მოჰყვება მწუხრი წმ. ბასილი დიდის ლიტურგიასთან ერთად, ღამისთევის ლოცვა კი შედგება დიდი სერობისა და ცისკრისაგან.

დღესასწაულის საწინასწარმეტყველო ისევ იმეორებს ესაიას სიტყვებს „ჩვენთან არს ღმერთი...“, ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა მესიის მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველებებსა და მესიის წინამორბედ იოანე ნათლისმცემელს:

„ხმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი. ყოველი ხევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად. და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ხორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ“ (ესაია, 40:3-5).

ლიტურგიაზე ჩვეულებრივი ანტიფონების ნაცვლად ისევ განსაკუთრებული ფსალმუნები იგალობება და ნათლობის საგალობელი კიდევ ერთხელ ცვლის „სამწმიდაოს”. სამოციქულო საკითხავებში საუბარია იმ შედეგებზე, რაც აქვს ჩვენთვის უფლის მოვლინებას:

„რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამასსოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან-იგი მისცა თავი თვისი ჩუენთვის, რაჲთა მიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ურჩულოებისა და განმწმიდნეს თავისა თვისისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილ თასაქმეთა” (ტიტ. 2:11-14).

დღესასწაულის განმასხვავებელი ნიშანი არის დიდი წყალკურთხევა. იგი სრულდება თვით დღესასწაულის წინა დღეს და მეორე დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ. პირველ დღეს წყალი, ჩვეულებისამებრ, იკურთხება ემბაზში, რომელიც ტაძრის შუაში დგას, მეორე დღეს კი – ახლომდებარე ბუნებრივ წყაროზე – რუზე, ჭაზე, მდინარეზე ან ზღვაზეც კი.

მსახურება იწყება განსაკუთრებული საგალობლითა და წყლის სხურებით. აუზი, რომელიც მორთულია ყვავილებითა და სანთლებით, არის ღვთის პირველქმნილი შესაქმის სილამაზისა და ამ ქმნილების ქრისტეს მიერ ცათა სასუფეველში საბოლოო განდიდების სიმბოლო.

„ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღაღადებს და იტყვის, მოვედით და მიიღეთ ყოველთა, სული სიბრძნისა, სული მეცნიერებისა, და სული შიშისა ღვთისა, რომელი გამოგვიჩნდა ჩუენ – ქრისტე;

დღეს წყალთა იგი ბუნება წმიდა იქმნების, და განახლდების იორდანე, და თვისითა ღელუათა დინებასა დააყუდებს, რამე თუ უფალსა გხედვიდა ნათლისღებად;

ვითარცა კაცი მდინარედ მოხვედ, ქრისტე მეუფეო, და მონებრივისა ნათლისღებისა გენება მიღება იოანესაგან, ცოდუათა ჩუენთათვის კაცთმოყვარე“.

შემდეგ იკითხება სამი მონაკვეთი ესაიას წინასწარმეტყველებიდან მესიანური ჟამის შესახებ:

„იხარებდ, უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი... წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ვეცხლი, მოარულთა იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ და იყიდეთ თვინიერ ვეცხლისა და ფასისა ღვინოჲ და ცმელი... უგალობდით უფალსა ... აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა. სთქუა მას დღე საშინა: უგალობდით უფალსა, ხმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიხსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი... იხარებდით და იშუებდით...“ (ესაია, 35:1-2, 55:1-2, 12:3-6). სამოციქულოს (1 კორინთ. 1:10-14) და სახარების (მარკოზ, 1:9-11) წაკითხვის შემდეგ წარმოითქმება განსაკუთრებული დიდი კვერექსი, რომლითაც სულიწმინდის მადლი მოიწვევა წყალსა და ყველა იმათზე, ვინც ამ წყალს სვამს. იგი მთავრდება მთელი სამყაროს ღმერთის სადიდებელი ლოცვით, რომელშიც მოუხმობენ იესო ქრისტეს, აკურთხოს წყალიც, ყველა ადამიანიცა და მთელი ქმნილებაც – სამყაროში თავისი მაცხოვნებელი და მაკურთხებელი ღვთაებრივი მყოფობით წმინდა, კეთილი და ცხოველმყოფელი სულიწმინდის დავანების მეშვეობით. დღესასწაულის ტროპარის გალობით მღვდელი ჯვარს სამჯერ შთაფლავს წყალში, ხოლო შემდეგ წმინდა წყალს ასხურებს ქვეყნიერების ოთხივე მხარეს (ამავე წყლით იგი აკურთხებს ხალხსა და მათ საცხოვრისს).

არსებობს მოსაზრება, რომ წყლის კურთხევა, მისი დალევის და პკურების ჩვეულება წარმართული ქმედებაა, და იგი მხოლოდ შეცდომით შემოვიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვეულება უკვე ძველ აღთქმაში არსებობდა და ქრისტიანულ ეკლესიაში მას ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა აზრი აქვს.

როცა ღვთის ძემ ადამიანის ხორცი შეისხა და შთაიფლა იორდანეს დინებაში, მასში მთელი მატერიალური სამყარო იკურთხა და განიწმინდა ეშმაკისა და ადამიანის ცოდვისაგან ნამემკვიდრევი სიკვდილის მატარებელი თვისებებისაგან. უფლის განცხადებაში მთელი შექმნილი სამყარო ისევ „ფრიად კეთილი“ ხდება, ისეთი, როგორიც დასაბამიდან შექმნა და დაინახა თავად უფალმა, როცა „სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“ (და ბად. 1:2) და როცა მასში მყოფობ და „სული სიცოცხლისა“ (დაბად. 1:30; 2:7). როცა სამყარო სიბინძურით, ხრწნილებით და სიკვდილით ივსება, უფალი ისევ იხსნის მას სულიწმინდის მადლით ქრისტეში „ახალი ქმნილების“ მოვლინებით. ამ დღეს წყლის კურთხევით მთელი სამყარო (მისი „პირველ საწყისი ელემენტი“ – წყალი) დგება კოსმიური შესაქმის, უფლის სასუფევლის კურთხევისა და განდიდების პერსპექტივაში. „ახალი ზეცა და ახალი მიწა“, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით აღგვითქვა, უკვე ჭეშმარიტად იმყოფება ჩვენთან ქრისტესა და მისი ეკლესიის საიდუმლოში.

ამგვარად, ნათლობის წყლის კურთხევა წარმართული რიტუალი კი არ არის, არამედ ადამიანის, მისი ცხოვრებისა და მისი სამყაროს ქრისტიანული თვალსაზრისით ხედვაა. ესაა ლიტურგიკული მოწმობა იმისა, რომ შექმნილი სამყაროს მოწოდება და ხვედრი არის აღვსება „ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა“ (ეფ ეს. 3:19).


წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები