ჟამნი (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟამნი – შავი ჭირის გამავრცელებელი უხორცო არსებანი.

არდოტში ყვებიან: ზვიადაურთ პაპა პირველად მცხეთიდან წამოვიდა და ფშავში, მუქუში დამდგარა. იმის შვილებს ერთს ერქვა გიგა (მისგან: გიგაურნი), მეორეს – წოწკა (წოწკოლაურნი), მესამეს – ზვიადა (ზვიადაურნი).

ზვიადა წამოსულა არდოტში და სოფელთგორაზე დასახლებულა. სოფელში არ მიუშვიათ მურღვებს, ადგილობრივ მკვიდრთ. ამბობენ, ზვიადა კუდიანი იყოო. კუდიანთ წუხრას ჩამოვიდოდა და ხიდზე დაწვებოდა სასმინაოდ. ერთხელ ეშმაკების ნალაპარაკევი გაუგონია, ამა და ამ დროს ჟამნი მოვლენ საყდართთავსო (ადგილია არდოტში). ზვიადას ეს რომ სცოდნია, საკლავი მიუგებებია მათთვის. ჟამთ ერთი თეთრი ჯორი ჰყავდათ, ზედ ისრიანი ხურჯინები ეკიდა. ისრები ზოგი შავთბიანი იყო, ზოგი – წითელთბიანი, ზოგიც – თეთრთბიანი. ზვიადას ჟამნი შინ მიუყვანია. ჟამთ უთქვამთ ზვიადასთვის: ჯორი ბალახზე დააბი, ოღონდ ზედ არ შეჯდეო. ზვიადა მაინც შემჯდარა ჯორზე და, როგორც წყლიან ჯამში ჩაიხედავს კაცი, მთელი ქვეყნიერება დაუნახავს.

ჟამთ უთქვამთ: რატომ შეჯექი. რომ ამბობთ, ჟამთ დავემალებითო, სად უნდა დაგვემალოთ?

ზვიადასთვის დილით ჟამთ უკითხავთ, რომელი შვილი გირჩევნიაო? ზვიადას უთქვამს, კოჭლა მირჩევნია და თან მებრალებაო. როცა მეკითხებოდნენ, ჩემს წინ იდგნენ, მერე ვეღარ გავიგე, უკან როგორ მომექცნენო, – ამბობდა ზვიადა. – ისარი დაჰკრეს და მოკლეს ჩემი კოჭლა შვილიო. მერე გასულან საყდართან და იქიდანაც აუტეხავთ ისრების სროლა. არდოტის სახლები სიპედებით (ფიქალებით) იყო გადახურული და ქუდს რომ გააგორებდი, ხევში ჩადიოდა. ამ სიპედაზე წკრიალი გაჰქონდა თურმე ისრებს. მაშინ დაიწყო ისრით დაჭრილმა ხალხმა აკლდამისკენ სიარული. ვისაც შეეძლო, თავად მიდიოდა აკლდამაში და იქ ეგებებოდა სიკვდილს.

ერთ მურღვათ კაცს, სახელად ანთას ჟამთა დროს ტანისამოსი გაუხდია და ტიტველა გაქცეულა ხონესკენ თავის შესაფარებლად. ის ჟამნი ღვთით ყოფილან და ხონეს ჯვარს არ მიუშვიან თავის საყმოში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები