საზოგადოებრივი საქონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზოგადოებრივი სექტორი - ((public goods), ის საქონელი და მომსახურება, რომლებსაც სახელმწიფო მოაქცევს არასაბაზრო სექტორში, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი ეკონომიკური სივრცის არქონა და ბაზრის უუნარობა. ეს გამოწვეულია როგორც პოლიტიკური, სოციალური და სხვა მიზეზებით, ისე საბაზრო მექანიზმის მოქმედების საზღვრების შეზღუდვით. საზოგადოებრივი საქონელი გამოირჩევა ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: განუყოფლობა, მოხმარების კოლექტიური ხასიათი, მაღალი სოციალური დანიშნულება და საკუთრების სახელმწიფო ფორმის უპირატესი ხვედრითი წონა. გარდა ამისა, იგი თითქმის ყველა მომხმარებლისათვის თანაბრად ხელმისაწვდომია, რაც მისი მითვისებისას გამორიცხავს მეტოქეობას, ე.ი. ერთი ინდივიდის მიერ საზოგადოებრივი საქონლის მოხმარება არ ზღუდავს მის მოხმარებას სხვა ინდივიდის მიერ.

მოხმარების ხასიათიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი საქონელი, ისევე როგორც კერძო საქონელი, იყოფა ინდივიდუალური და კოლექტიური მოხმარების საქონლად. პირველს მიეკუთვნება, მაგალითად, სახელმწიფო სავაჭრო მონოპოლიების საქონელი (მარილი, თამბაქო და სხვ.), ხოლო მეორეს სოციალურ-კულტურული მომსახურება, სახელმწიფო მმართველობის, უშიშროების ორგანოების (ეროვნული თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, სახანძრო დაცვის) მომსახურება, ეროვნული საინფორმაციო სისტემა, ერთიანი ენერგეტიკული სისტემა, კომუნიკაციის ეროვნული ქსელი, ფუნდამენტური მეცნიერება, ამინდის ეროვნული სამსახური, ეროვნული პარლამენტი და სხვ.

საზოგადოებრივი საქონლის მთელი დიაპაზონი შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს: პირველ კატეგორიას შეადგენს წმინდა საზოგადოებრივი საქონელი, რომლის შინაგანი სპეციფიკაც გამორიცხავს მიწოდების საბაზრო ფორმას. მისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი საქონლის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი. წმინდა საზოგადოებრივი საქონლის ეკონომიკური მითვისების ფორმაა სახელმწიფო საკუთრება და, შესაბამისად, საყოველთაო უფასო სარგებლობის იურიდიული უფლება. მასზე საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სახელმწიფოს პრეროგატივაა. მეორე კატეგორიას ეკუთვნის შერეული საზოგადოებრივი საქონელი, საქონელი რომელიც ძირითადად ექცევა საბაზრო მექანიზმის გავლენის ქვეშ, მაგრამ მისი მიწოდებისას ბაზარი ავლენს თავის არასრულყოფილებას. მას ახასიათებს საზოგადოებრივი საქონლის ისეთი ნიშნები, როგორიცაა მოხმარების კოლექტიური და თანაბარი ხასიათი, მაღალი სოციალური დანიშნულება, მაგრამ არ ახასიათებს მოხმარებისაგან განუყოფლობა, რის გამოც ზოგჯერ კერძო საქონლისკენ გადაიხრება. ამიტომ შერეული საზოგადოებრივი საქონელი (განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვ.), ერთი მხრივ, ქმნის ეკონომიკის არასაბაზრო სექტორს, რომელიც არ ექვემდებარება ბაზრის კანონებს და მოსახლეობას ეძლევა უფასოდ ან დაბალი, დოტაციური ფასით, მეორე მხრივ კი, წმინდა საბაზრო ურთიერთობაში ჩაერთვის და ბაზრის კანონებს ემორჩილება. ამრიგად, მის მიმართ გამოიყენება მითვისების როგორც უფასო, ისე ფასიანი ფორმა. ამ შემთხვევაში ბაზარი არასრულყოფილია, ანუ შედარებით უუნაროა და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი გამოიხატება ისეთი პრობლემების გადაჭრით, რომელთა მიმართაც საბაზრო მექანიზმი უძლურია.

განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში ეფექტიანად გამოიყენება შერეული საზოგადოებრივი საქონელი, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივისა და კერძოს თანაარსებობასა და ამ უკანასკნელისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერასა და დახმარებას. მესამე კატეგორიას შეადგენს ის საქონელი და მომსახურება, რომლისთვისაც, მისი თავისებურებებიდან და ბაზრის ტერიტორიული შეზღუდულობიდან გამომდინარე, ბუნებრივი მონოპოლია გარდაუვალია. ამასთან, თეორიულად ის კვაზისაზოგადოებრივი საქონელია. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ენერგო-, თბო-, წყალ - და გაზმომარაგება, - სარკინიგზო მიმოსვლა, საფოსტო, სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირგაბმულობა და სხვ.

საზოგადოებრივი საქონლის ეს კატეგორიები მთლიანობაში ქმნიან მკვეთრად გამოხატულ სპეციფიკურ სახეს, რომელიც მათ კერძო საქონლისაგან განასხვავებს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები