სამხედრო მეცნიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მეცნიერება - ცოდნის სისტემა, კანონების, ომის სამხედრო-სტრატეგიული ხასიათის, მისი თავიდან აცილების გზების, შეიარაღებული ძალების მშენებლობის, ამ ძალების და ქვეყნის საომრად მომზადების, შეიარაღებული ბრძოლის წარმოების ხერხების შესახებ. ომს, როგორც რთულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენას, სწავლობს ბევრი საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერება. სამხედრო მეცნიერების ძირითადი საგანია შეიარაღებული ბრძოლა ომში. იგი იკვლევს შეიარაღებული ბრძოლის პრობლემებს, ითვალისწინებს მისი მიმდინარეობის და შედეგის დამოკიდებულებას მეომარი მხარეების ეკონომიკური, მორალურ-პოლიტიკური, მეცნიერულ-ტექნიკური და სამხედრო შესაძლებლობების თანაფარდობაზე. ასევე მის ფორმებს, სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მომზადებისა და წარმოების ხერხებს. გარდა ამისა:

  • შეიარაღებული ძალების შემადგენლობას, ორგანიზაციას და ტექნიკურ აღჭურვას;
  • მხედრული სწავლების, აღზრდის, ომისათვის მოსახლეობის და სამობილიზაციო რესურსების მომზადების პრობლემებს;
  • მშვიდობიანობის და ომიანობის დროს ჯარების (ძალების) მართვის (ხელმძღვანელობის) შინაარსს, ფორმებს და მეთოდებს;
  • ომისა და შეიარაღებული ბრძოლის ურთიერთდამოკიდებულებას პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან, აგრეთვე მათ გავლენას შეიარაღებული ძალების

მშენებლობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ უზრუნველყოფაზე, მომზადებასა და საბრძოლო გამოყენებაზე.

სამხედრო მეცნიერების შინაარსსა და მიმართულებას განაპირობებს სამხედრო დოქტრინა; თავის მხრივ, მისი დასკვნები და რეკომენდაციები გამოიყენება სამხედრო დოქტრინის შემუშავების დროს. სამხედრო მეცნიერებამ, რომელიც უძველეს დროში ჩაისახა, განვითარების რთული გზა განვლო. ისტორიის ადრეულ ეპოქაში გაჩნდა პირველი სამხედრო-ისტორიული და სამხედრო-თეორიული შრომები. ომებისა და ბრძოლების შესწავლის, მათი ანალიზის საფუძველზე ძველი საბერძნეთის, ძველი რომისა და ძველი ჩინეთის ისტორიკოსებმა, მწერლებმა, მხედართმთავრებმა, ფილოსოფოსმა მეცნიერებმა შექმნეს ნაწარმოებები (სამხედრო ლაშქრობების მატიანეები, ტრაქტატები, დარიგებები), რომლებშიც ჩამოყალიბდა რეკომენდაციები ომის და ბრძოლების მომზადებისა და წარმოებისათვის. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა ძველი საბერძნეთის სამხედრო თეორეტიკოსების – ჰეროდოტეს, ფუკიდიდეს, ქსენოფონტეს, პოლიბიუსის შრომები.

ფეოდალიზმის ეპოქაში ევროპისათვის დამახასიათებელი იყო შეზღუდული მიზნების და მასშტაბების ომები, რომლებსაც მცირერიცხოვანი არმიები აწარმოებდნენ. ამან განაპირობა უძრაობა სამხედრო-თეორიული აზროვნების განვითარებაში. სამხედრო ცოდნის განვითარების გზაზე თვალსაჩინო ნაბიჯი გადაიდგა ფეოდალიზმის ნგრევისა და ბურჟუაზიული ურთიერთობების ჩასახვის პერიოდში. ამ დროის სამხედრო თეორეტიკოსებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ნ. მაკიაველის, რომელმაც ტრაქტატში „ომის ხელოვნება“ (1521) ჩამოაყალიბა ომის წარმოების პრინციპები და თავისი ეპოქის სამხედრო ხელოვნების განვითარების კანონზომიერება. XVI–XVII საუკუნეებში შემუშავდა სამხედრო წესდებები, რომლებშიც ასახულია ომების გამოცდილება და რეგლამენტირებულია სამხედრო ურთიერთობები. ერთ-ერთი პირველი წესდება შექმნა მორიც ნასაუელმა ნიდერლანდში.

XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა მასობირვი არმიები, გაჩნდა და ამოქმედდა შეიარაღებული ბრძოლის ახალი საშუალებები: ტანკები, თვითმფრინავები, სწრაფმსროლი ზარბაზნები, ტყვიამფრქვევები, წყალქვეშა ნავები. შეიცვალა საომარი მოქმედებების მასშტაბები და ხასიათი, რამაც განაპირობა ახალი ნახტომი სამხედრო-თეორიული აზროვნების განვითარებაში. ამ დროს გერმანელ სამხედრო თეორეტიკოსებს შორის გამოირჩეოდნენ კ. გოლცი და ა. შლიფენი. საფრანგეთში სამხედრო თეორეტიკოსი მარშალი ფ. ფოში შრომებში „ომის პრინციპების შესახებ“, „ომის წარმოების შესახებ“ და „მოგონებებში“ საომარი მოქმედებების ძირითად ხერხად ამკვიდრებდა შეტევას. ინგლისელი და ამერიკელი თეორეტიკოსები (ფ. კოლომბი, ა. მეხენი და სხვები) შეიარაღებულ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს მიაკუთვნებდნენ სამხედრო-საზღვაო ძალებს და ზღვაზე ბატონობა მიაჩნდათ მოწინააღმდეგეზე გამარჯვების აუცილებელ პირობად.

I-მა მსოფლიო ომმა ახალი ბიძგი მისცა სამხედრო მეცნიერების განვითარებას. იგი ხელს უწყობდა იმ კანონზომიერების გამოვლენას, რომელიც ასახავს ომის წარმოების დამოკიდებულებას პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, აგრეთვე სახელმწიფოს ზურგის მდგომარეობაზე. ომის დროს შეძენილ იქნა დაჯგუფების, საარმიო შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების, აგრეთვე საზღვაო ოპერაციების მომზადების და განხორციელების, საერთო-საჯარისო, საზღვაო და საჰაერო ბრძოლის ორგანიზაციის გამოცდილება. დიდი განვითარება პოვა პოზიციური თავდაცვის გარღვევის თეორიამ. ამავე დროს, არ იყო სრულად გადაწყვეტილი გარღვევის განვითარების პრობლემა ოპერატიული და სტრატეგიული მასშტაბით.

ომებს შორის პერიოდში იქმნებოდა მრავალმილიონიანი არმიები. ვითარდებოდა შეიარაღებული ძალების ყველა სახეობა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სატანკო ჯარებსა და ავიაციას. შეიარაღებული ძალების ფართო მოტორიზაციის გავლენით XX საუკუნის 20-30-იან წლებში გაჩნდა „მექანიზებული (სატანკო) ომის“ და „საჰაერო ომის“ თეორიები.

II მსოფლიო ომის დროს შეიარაღებული ძალების საომარი მოქმედებების ძირითად სახეობად გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში თეორიული დასაბუთება პოვა სტრატეგიულმა შეტევამ მექანიზებული არმიებისა და ავიაციის დიდი ძალების გამოყენებით. II მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო მეცნიერება დასავლეთის ქვეყნებში კიდევ უფრო განვითარდა. ეს განაპირობა მეცნიერულ-ტექნიკური ბაზის ზრდამ, შეიარაღებული ბრძოლის ახალი მძლავრი საშუალებების, უწინარეს ყოვლისა, ბირთვულ-სარაკეტო იარაღისა და მასობრივი დაზიანების სხვა საშუალებების გაჩენამ. თანამედროვე სტრუქტურაში განასხვავებენ: სამხედრო მეცნიერების ზოგად საფუძვლებს (ზოგად თეორიას), სამხედრო ხელოვნების, შეიარაღებული ძალების მშენებლობის, სამხედრო სწავლებისა და აღზრდის, შეიარაღების, შეიარაღებული ძალების მართვის, სამხედრო ეკონომიკისა და ლოგისტიკის, შეიარაღებული ძალების სახეობების თეორიას. აგრეთვე, სამხედრო (ომების) ისტორიის შესაბამის თავს. სამხედრო მეცნიერების თითოეულ შემადგენელ ნაწილს აქვს თავისი სტრუქტურა, რომელშიც ცოდნის შესაბამისი დარგის საფუძვლების გარდა შეიძლება გამოიყოს რამდენიმე თავი (კერძო თეორია).

სამხედრო მეცნიერების ზოგადი საფუძვლები (ზოგადი თეორია) მოიცავს ლოგიკურ-მეთოდურ და ზოგად-თეორიულ პრობლემებს. მათ განეკუთვნება სამხედრო მეცნიერების საგანი, სტრუქტურა, ამოცანები, შიდა და გარე კავშირები; მისი კატეგორიების და მეთოდების სისტემის განსაზღვრა; შეიარაღებული ბრძოლის, შეიარაღებული ძალების მშენებლობის კანონების და კანონზომიერების, სამხედრო საქმის, როგორც ომის ზოგადი კანონების სპეციფიკური გამოვლინების, სხვა მოვლენებისა და პროცესების კვლევა. სამხედრო ხელოვნების თეორია მოიცავს სტრატეგიული, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის თეორიებს. სტრატეგიის თეორია იკვლევს ომის სამხედრო-სტრატეგიულ ხასიათს, სტრატეგიული მასშტაბის შეიარაღებული ბრძოლის კანონებს, პრინციპებსა და ხერხებს. ოპერატიული ხელოვნების თეორია სწავლობს შეიარაღებული ძალების სახეობების ოპერატიული გაერთიანებების საერთო-საჯარისო (საერთო-საფლოტო) ერთობლივი და დამოუკიდებელი ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადებისა და წარმოების ხერხებს. ტაქტიკის თეორია სწავლობს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების მიერ ბრძოლის მომზადების და წარმოების საკითხებს. ამის შესაბამისად იგი მოიცავს საერთო-საჯარისო ბრძოლის ტაქტიკის თეორიას. ასევე შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობებისა და სპეციალური ჯარების ტაქტიკის თეორიას.

შეიარაღებული ძალების მშენებლობის თეორიის კვლევის საგანია:

  • ჯარების და ფლოტის ძალების საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონის უზრუნველყოფა საბრძოლო ამოცანების შესრულებისა და მობილიზაციისათვის;
  • შეიარაღებული ძალების ყველაზე მიზანშეწონილი ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა;
  • შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, ტექნიკური აღჭურვის, რეზერვების მომზადების პრინციპებისა და მეთოდების დასაბუთება;
  • სამხედრო კადრების მომზადების და მათ მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სისტემის განსაზღვრა;
  • ჯარების სამსახურის ორგანიზაცია და სამხედრო დისციპლინის განმტკიცება;
  • ჯარების (ძალების) დაბინავება მშვიდობისა და ომიანობის დროს და სხვა.

სამხედრო სწავლების და აღზრდის თეორია ამუშავებს ოპერატიული და საბრძოლო მომზადების, მეომრებისათვის მაღალი მორალურსაბრძოლო თვისებების გამომუშავების, სამხედრო სამსახურის პროცესში მათი მხედრული აღზრდის, ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების) და შენაერთების გაერთიანების ფორმებს და მეთოდებს. მისი მიზანია მათი მაღალი ბრძოლისუნარიანობის და საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა. შეიარაღების თეორია ამუშავებს მეცნიერულად დასაბუთებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს თავდაცვითი მშენებლობის გარკვეულ ეტაპებზე შეიარაღებულ ძალებში ერთიანი სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის გასატარებლად. შეიარაღების თეორიის რეკომენდაციები და დასკვნები უზრუნველყოფენ საჭირო მეცნიერულ მიდგომას იმ პროგრამებისა და გეგმების რეალიზაციისადმი, რომლებიც ეხება თანამედროვე სახელმწიფოს შეიარაღებას გონივრულ დონემდე. შეიარაღებული ძალების მართვის თეორია იკვლევს იმ მუშაობის კანონზომიერებებს, პრინციპებსა და მეთოდებს, რომელსაც სარდლობა, შტაბები და ჯარების (ძალების) მართვის სხვა ორგანოები ეწევიან საბრძოლო მოქმედებების (ოპერაციების) მომზადების დროს, აგრეთვე მშვიდობისა და ომიანობის დროს ჯარების (ძალების) საბრძოლო სწავლების, ცხოვრებისა და საქმიანობის ხელმძღვანელობისათვის. შეიარაღებული ძალების სამხედრო ეკონომიკის და ლოგისტიკის თეორია იკვლევს იმ მატერიალური საშუალებების ხასიათს, მოცულობას, დაგროვების და მოხმარების ხერხებს, რომლებიც საჭიროა შეიარაღებული ძალების საქმიანობის უზრუნველყოფისა და პროგნოზირებული ომის წარმოებისათვის. ასევე საომარ მდგომარეობაზე ქვეყნის გადაყვანის სამხედრო ასპექტებს, ეკონომიკის მდგრადობის ამაღლების გზებს ომიანობის დროს. შეიარაღებული ძალების სახეობების თეორია იკვლევს ამ სახეობების მომზადების და გამოყენების საფუძვლებს. სამხედრო ისტორია სამხედრო მეცნიერების საგნის ფარგლებში სწავლობს სამხედრო აზროვნების, სამხედრო ხელოვნების, შეიარაღებული ძალების შეიარაღების და სამხედრო საქმის სხვა დარგების ისტორიას.

სამხედრო მეცნიერება, სხვა მეცნიერებებთან ერთად სწავლობს სამოქალაქო თავდაცვის პრობლემებს. შეიარაღებული ბრძოლის ხასიათის შეცვლას შედეგად მოჰყვა სამხედრო მეცნიერების და საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების კავშირ-ურთიერთობის გაფართოება. ასევე მათში სამხედრო პრობლემატიკის გამოყოფა და ცოდნის იმ სპეციალური დარგების ჩამოყალიბება, რომლებიც ემსახურებიან ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების, ჯარების (ძალების) ბრძოლისუნარიანობისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების ამოცანების გადაწყვეტას. საზოგადოებრივი მეცნიერებების დარგში შეიარაღებული ძალებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამხედრო სამართლის თეორიას, სამხედრო ფსიქოლოგიას, სამხედრო პედაგოგიკას და სხვა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სფეროში სამხედრო პრობლემატიკის განვითარებას შედეგად მოჰყვა ისეთი სპეციალური სამხედრო მეცნიერებების გაჩენა, როგორიც არის:

  • სამხედრო გეოგრაფია;
  • სამხედრო კარტოგრაფია;
  • სამხედრო გეოდეზია;
  • სამხედრო ტოპოგრაფია;
  • სამხედრო ჰიდრომეტეოროლოგია;
  • სამხედრო ნავიგაცია;
  • სამხედრო მედიცინა და სხვა.

ტექნიკური მეცნიერების სფეროში გამოვლინდა ცოდნის დარგები, რომლებსაც სამხედრო-ტექნიკურ მეცნიერებას უწოდებენ. ისინი, ყველა სხვა ტექნიკური მეცნიერების მსგავსად, გამოყენებით მეცნიერებებს წარმოადგენენ და იკვლევენ ტექნიკურ პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული სამხედრო მოთხოვნილებებთან. მათ რიცხვს განეკუთვნება სამხედრო კავშირგაბმულობის, სამხედრო რადიოელექტრონიკის თეორიები, სამხედრო კიბერნეტიკა, ბალისტიკა; სროლის, ბომბტყორცნის თეორიები და სხვა. სამხედრო მეცნიერება და სხვა მეცნიერების სამხედრო თავი (პრობლემატიკა) შეიძლება მთლიანობაში განხილულ იქნეს როგორც ცოდნის ურთიერთდაკავშირებული სისტემა. სამხედრო მეცნიერება სამხედრო მშენებლობის ყოველ ეტაპზე ხელმძღვანელობს სამხედრო დოქტრინის პრინციპული დებულებებით და დასკვნებით. ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა ყოველმხრივ და ღრმად იქნეს გამოკვლეული ომის და მშვიდობის პრობლემები თანამედროვე ეპოქაში. ასევე შემუშავდეს რეკომენდაციები ომის თავიდან აცილების და ქვეყნის საიმედო თავდაცვის უზრუნველყოფისთვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები