სარჯველაძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ სარჯველაძე

ზურაბ სარჯველაძე – (დ. 12 მარტი 1939. სოფ. ჯუნეწერი, ლანჩხუთის რ-ნი,– გ. 17 დეკემბერი 2002, თბილისი), ენათმეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1976), სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო დარგის პრორექტორი, თსუ ძველი ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელი.

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1962). იკვლევდა ძველ ქართული ენის, ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკისა და ბევრ სხვა ლინგვისტურ საკითხს. მონოგრაფიებში „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხები“ (1975) და „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი“ (1984) პირველად არის ფართოდ გაანალიზებული ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის კარდინალური საკითხები“. ნაშრომში „ძველი ქართული ენა“ (1997. მეორე გამოცემა 2004) ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და ლექსიკის ძირითადი საკითხებია განხილული. მონოგრაფიაში „ქართული პალეოგრაფია" (თანაავტორი კ. დანელია) მრავალფეროვან საილუსტრაციო მასალასთან ერთად მოცემულია პალეოგრაფიის თითქმის ყველა ძირითადი საკითხის დაწვრილებითი ანალიზი, დიდ ადგილს უთმობდა ძველი ქართული და ქართველური ენების ლექსიკის კვლევას. ამ საკითხებს ეძღვნება მისი ნაშრომები: „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ (1995) და „ძელი ქართული ენის სიტყვის კონა“ (2001), აგრეთვე გერმანულ ენაზე გამოქვეყნებული შრომა „ძველქართულ-გერმანული ლექსიკონი“ (Hamburg: Buske 1999, თანაავტორი ჰ. ფენრიხი). ზურაბ სარჯველაძის „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (თანაავტორი ჰ. ფენრიხი) გამოქვეყნდა არა მხოლოდ ქართულად (ჯერ 1990, შემდეგ 2000). არამედ – გერმანულადაც. ეს არის ქართულ (აგრეთვე გერმანულ) ენაზე გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი. რომელშიც სათანადო მეცნიერული ინტერპრეტაციითა და მაქსიმალური სისრულით არის წარმოდგენილი როგორც მანამდე არსებული, ისე ავტორთა მიერ მოპოვებული სალექსიკონო მასალა. ზურაბ სარჯველაძის, როგორც ერთ-ერთი შემდგენლის. მონაწილეობით და რედაქტორობით მომზადდა „ქართლის ცხოვრების სიმფონია-ლექსიკონი” ტ- 1, 2 (თბ. 1986); მისი რედაქტორობით (თანარედაქტორები – მ. შანიძე. ნ. გოგუაძე) გამოვიდა აგრეთვე „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი“, თბ. 1994.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზურაბ სარჯველაძის, როგორც ტექსტოლოგის მოღვაწეობა. მისი მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა ძველი ქართული მწერლობის არაერთი ძეგლი. 1993 ზურაბ სარჯველაძის რედაქტორობით (თანარედაქტორი მ. შანიძე) გამოიცა ძველი ქართული სასულიერო მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლი წმ. იოანე ოქროპირი, „განმარტება იოანეს სახარებისა“, თარგმანი „წმ. ეფთიმე მთაწმინდელისა“, ნაწ. I-II, რომლის ტექსტის მომზადებაში თვითონაც მონაწილეობდა. ზურაბ სარჯველაძის მიერ დაარსებული (1998) სერიის –„ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის“ X ტომი – „ადიშის ოთხთავი” გამოიცა (2003) ზურაბ სარჯველაძის საერთო რედაქციით. 2004 გამოვიდა „მათეს სახარება” და „მარკოზის სახარება“ (გიორგი მთაწმიდელის რედაქცია), რომელთა ტექსტები და განმარტებები მომზადებულია ზურაბ სარჯველაძის მიერ (ე. გიუნაშვილთან ერთად).

სარჯველაძე ზრუნავდა აგრეთვე ქართული ძეგლების გამოცემაზე უცხოეთში. (1998–2001) სერიაში „ძველი ქართული ძეგლები“ გამოიცა მის მიერ გერმანულად თარგმნილი (ჰ. ფენრიხთან ერთად) „მოქცევაჲ ქართლისაჲ”, მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი”, გიორგი მცირის „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება”.

სარჯველაძის ნაშრომებისა და გამოცემების სრული ბიბლიოგრაფიისათვის იხ. თსუ-ის „ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“. 2004. ტ. 31. ზურაბ სარჯველაძეს მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი განათლების სამინისტროს (1987), ა. შანიძის სახელობის (1992), ა. ჰუმბოლდტის სახ. (1994), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (2000). გეორგ როზენის სახელობის (2001) პრემიები, ღირსების ორდენი (1998).

ა. ონიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები