საქართველოს სამხედრო სამინისტრო (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Samxedro saministro.jpg

სამხედრო სამინისტრო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული სამხედრო მმართველობის დებულების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უზენაესი ორგანო ეროვნული საბჭო იყო, მისი აღმასრულებელ ორგანოს კი მთავრობა. ეს უკანასკნელი თავის უფლებას შეიარაღებული ძალების მიმართ სამხედრო სამინისტროს მეშვეობით ახორციელებდა.

სამხედრო სამინისტროს სათავეში იდგა სამხედრო მინისტრი - სამოქალაქო პირი. დებულების მეხუთე მუხლის თანახმად, სამხედრო მინისტრს ჰყავდა ერთი ამხანაგი (მოადგილე), იგი იყო მინისტრის უმთავრესი მრჩეველი და თუ საკითხს არ ჰქონდა პრინციპული, პოლიტიკური ან საბიუჯეტო ხასიათი, მას შეეძლო საქმის დამოუკიდებლად გადაწყვეტა.

სამხედრო სამინისტრო შედგებოდა ექვსი განყოფილებისაგან: საერთო, პირადი შემადგენლობის, გენერალური შტაბის, საადმინისტრაციო, სამხედრო სასანიტარო და სამხედრო საბეითლო განყოფილებისაგან.

საერთო განყოფილების სათავეში იდგა გენერალური შტაბის შტაბოფიცერი. მას მოვალეობას შეადგენდა სამინისტროში შემოსული ფოსტის (გარდა გენერალური შტაბის სახელზე მოსული ფოსტისა) გახსნა, განხილვა, განაწილება, მინისტრის ბრძანებებისა და განკარგულებების საბოლოო რედაქტირება. პირადი შემადგენლობის განყოფილებას სათავეში ედგა შტაბოფიცერი გენერლის წოდებით. განყოფილება განაგებდა ოფიცერთა და მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, გადაყვანა-გადმოყვანის, დაჯილდოების საქმეს.

საადმინისტრაციო/ადმინისტრაციულ განყოფილებას სათავეში ედგა უმაღლესი სამხედრო განათლების ან სათანადო ადმინისტრაციული გამოცდილების მქონე გენერალი. განყოფილება შედგებოდა 5 სექციისაგან:

1) საბიუჯეტო - განაგებდა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვას;
2) სასურსათო - ჯარის უზრუნველყოფას სურსათ-სანოვაგით;
3) საბარგო და საავეჯო - ჯარის შემოსვა-შეკაზმვისა და საბარგო საკითხებს;
4) საბინაო/სასადგომო - ჯარების დაბინავების, ყაზარმების მოწყობისა და გათბობა-განათების საკითხებს;
5) საპენსიო - სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთათვის პენსიებისა და სხვა ტიპის დახმარებების საკითხებს.

სანიტარიულ განყოფილებას სათავეში ედგა სამხედრო ექიმი. განყოფილება განაგებდა ჯარის სანიტარიულ საქმეს. სამხედრო-საბეითლო განყოფილებას სათავეში ედგა სამხედრო ბეითალი, განყოფილება შეიმუშავებდა ჯარში არსებულ საბეითლო საქმის საკითხებს.

გენერალური შტაბის განყოფილებას სათავეში ედგა გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ომის დროს ინიშნებოდა არმიის საველე შტაბის უფროსად. გენერალური შტაბი შედგებოდა ექვსი სექციისაგან: საოპერაციო; საორგანიზაციო; საარტილერიო; საინჟინრო-სატექნიკო; სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საისტორიო არქივი. საადმინისტრაციო (ადმინისტრაციული) განყოფილების საქმეს შეადგენდა სამხედრო სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის შედგენა, ჯარის ხელფასების გაცემა, კვება, შემოსვა, დაბინავება და ა.შ.

1919 წლის 29 ივლისს მიღებული შეიარაღებული ძალების მოწყობის ახალი კანონის მიხედვით, სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილება გადაკეთდა სამნეო განყოფილებად, სამხედრო სასანიტარო და სამხედრო საბეითლო განყოფილებები გადაკეთდა სექციებად და შევიდა სამხედრო სამნეო განყოფილების შემადგენლობაში. ამავე განყოფილებაში გადავიდა მანამდე გენერალური შტაბის საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები. სამინისტროს საერთო განყოფილება კი გადაკეთდა სამხედრო სამინისტროს კანცელარიად. გენერალური შტაბის განყოფილებაში დარჩა 4 სექცია: 1) ოპერატიული; 2) სამხედრო საზღვაო; 3) კანცელარია; 4) სამხედრო-საისტორიო არქივის წიგნთსაცავი.

როგორც ზემოთ მივუთითეთ, საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები სამნეო განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1918 წელს არსებული საორგანიზაციო სექცია - ოპერატიული სექციის დაქვემდებარებაში. სამინისტროში სამხედრო საბჭოსთან ასევე შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია. სამხედრო მინისტრს ასევე დაემატა ერთი მოადგილე.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებლივი აქტების კრებული, 1918-1921, თბ.,1990; ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო უწყების მიმართ, თბ., 1 აგვისტო 1919, №162.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები