საქართველოს შეიარაღებული ძალების ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებები (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვეითი ნაწილების შეიარაღება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ინდივიდუალური საბრძოლო საშუალებები - ქართული არმიის ქვეითი ნაწილების ინდივიდუალური შეიარაღება იყო 1891 წლის ნიმუშის მოსინის სამხაზიანი შაშხანა კალიბრი – 7,62 მმ. რომელიც იმხანად ერთ-ერთ საუკეთესო იარაღად ითვლებოდა.

ქართული არმიის ინდივიდუალურ სასროლ საშუალებებში მცირე რაოდენობით იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმოებისა და კალიბრის შაშხანები და კარაბინები: ფრანგული ლებელის სხვადასხვა მოდიფიკაცია, ფრანგული გრასი, რუსული ბერდანა, შვეიცარიული ვეტერლი, იაპონური არისაკი, ამერიკული 3-ხაზიანი ვინჩესტერები, გერმანული მაუზერი, ოსმალური არმიისათვის პირველ მსოფლიო ომის დროს წართმეული მანლიხერის, კრა-იურგენსონის და პიბოდი-მარტინის შაშხანის სხვადასხვა მოდიფიკაცია. ოფიცერთათვის განკუთვნილი იყო რევოლვერი ნაგანი 1895 წლის – 7,62 მმ, ასევე ბელგიური რევოლვერი ბულდოგი, პისტოლეტები: „პარაბელუმი” 1908 წლის, „კოლტი“ 1911 წლის და 7,6 მმ-იანი მაუზერი მოდელი 96.

რაც შეეხება ტყვიამფრქვევებს, ქართული არმია ძირითადად შეიარაღებული იყო რუსული მაქსიმის ტიპის დაზგის 1910 წლის ნიმუშის და პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ბრიტანული ლუისის ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით. ასევე შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ მცირე რაოდენობის, ვიკერსის, ჰოჩკისის, კოლტის ტყვიამფრქვევები.

საქართველოს შეიარაღებული ძალებს დამოუკიდებლობის პერიოდში არ გააჩნდა შაშხანების, ტყვიამფრქვევების და ვაზნების ის რაოდენობა, რაც საჭირო იყო შეიარაღებული ძალების მობილიზებისათვის.

1920 წლის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ შედგენილი დეტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯარის პირველი ნაწილის საჭიროების შესავსებად და 75 000 კაცის მობილიზაციისთვის სჭირდებოდა: 60-75 000 შაშხანა, 470 ტყვიამფრქვევი, 100-150 მილიონი შაშხანის ვაზნა, 25 მილიონი ტყვიამფრქვევის ვაზნა. ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარს საზრუნავს 1918-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დასავლეთის ქვეყნებში იარაღის მოპოვებას წარმოადგენდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მცირე პარტიის შემოტანა მოხერხდა 1920 წლის ზაფხულში, შემოდგომასა და 1921 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის ბოლო დღეებს ითვლიდა.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

დ. სილაქაძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება, თბ., 2017.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები