საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული ჯარის გენერალური შტაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეგულარული ჯარის გენერალური შტაბი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბი შედიოდა სამხედრო სამინისტროს დაქვემდებარებაში განყოფილების სახით. შტაბს სათავეში ედგა გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ომის დროს ინიშნებოდა არმიის საველე შტაბის უფროსად.

1918 წლის ორგანიზაციით გენერალური შტაბი შედგებოდა ექვსი სექციისაგან:

1. საოპერაციო - ამ სექციას ევალებოდა ჯარის შედგენა და ორგანიზაცია, მობილიზაცია, დაზვერვა, ჯარების გაწვრთნა და აღლუმი, ტერიტორიის დაცვა და რკინიგზის საქმე, საზღვრების დაცვა და საველე ჯარების ოპერაციები ომის დროს;
2. საორგანიზაციო - შეიმუშავებდა საკითხებს, რომლებიც შეეხებოდა ახალგაზრდების ჯარში გაწვევას, დისციპლინას, სამხედრო სკოლებს, სამსახურის წესრიგს, ჯარის შინაური ცხოვრების ვითარებას და სამხედრო გამოცემათა საქმეს;
3. საარტილერიო – განაგებდა ჯარისათვის ზარბაზნების, შაშხანებისა და სხვა საომარი იარაღისა და მასალის მიწოდების საქმეს, საარტილერიო ქარხნების, საწყობების, მსროლელთა სკოლებისა და სასწავლო პოლიგონების საქმეს;
4. საინჟინერო-სატექნიკო - სექცია უზრუნველყოფდა ტექნიკურ ნაწილებს მათთვის საჭირო მასალით და განაგებდა საინჟინრო-ტექნიკურ სკოლას;
5. სამხედრო-საზღვაო - შეიმუშავებდა სამხედრო-საზღვაო საკითხებს.

1919 წელს ჩატარდა შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია, რომლის შემდეგაც გენერალური შტაბის განყოფილებაში დარჩა 4 სექცია:

1. ოპერატიული;
2. სამხედრო საზღვაო;
3. კანცელარია;
4. სამხედრო-საისტორიო არქივის წიგნთსაცავი.

საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები სამნეო განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1918 არსებული საორგანიზაციო სექცია - ოპერატიული სექციის დაქვემდებარებაში.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

  • სცსა. ფ. 1836. აღ. 1, საქ. 176. განმარტებითი წერილი სამხედრო სამინისტროს შტატებისათვის;
  • ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო უწყების მიმართ, 1 აგვისტო 1919 წ., თბ., №162.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები