ბუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სიდჰარტა გაუტამა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Buda.jpg

ბუდა - ბუდიზმის დამაარსებელი სიდჰარტა გაუტამა, რომელიც გახდა ბუდა - გასხივოსნებული. ამიტომ ბუდას მიმდევრები და თაყვანისმცემლები ბუდისტებად (გასხივოსნებულებად) იწოდებიან.

ბუდა ცხოვრობდა VI ს-ში ქრისტემდე. იგი იყო ინდოეთის ერთ-ერთი ტომის, შაკიების, უფლისწული, გაუტამას გვარიდან. მისმა დედამ - მაიამ (მაჰა-მაიამ „დიდმა მაიამ“) შვილის დაბადებამდე სიზმარში თეთრი სპილო იხილა, რომელიც ფერდში შეუვიდა. სიდჰარტაც, ასე დაარქვეს ბავშვს, დედის ფერდიდან დაიბადა. დედა კი გარდაიცვალა. სასწაულებრივი შობა დამახასიათებელია განსაკუთრებული მომავლისა და დანიშნულების პიროვნებისათვის. ასეთი იყო სიდჰარტა, რაც ნიშნავს „მოწოდების აღმსრულებელს“. მოგვებმაც უწინასწარმეტყველეს მამას: შენი შვილი მეფე გახდება, ოღონდ არა ამა ქვეყნისაო. მშობელი, ამის გამგონე, დაიზაფრა, რადგან არ სურდა, რომ მემკვიდრე რელიგიურ მოღვაწეობას შედგომოდა და ამქვეყნიურ დიდებაზე უარი ეთქვა. იგი შვილს ფუფუნებაში - საგანგებოდ მოწყობილ სასახლესა და ბაღნარში ზრდიდა, გარესამყაროსაგან იზოლირებით; ცდილობდა, მომავალ მეფეს ცხოვრების ჭირ-ვარამი და ჩრდილოვანი მხარეები არ ეხილა, წუთისოფლის ხმაურს მის ყურამდე არ მიეღწია, რომ მისგან განშორების სურვილი არ გასჩენოდა. მიუხედავად ამისა, სიდჰარტა თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. ხშირად განმარტოვდებოდა, დაჯდებოდა სადმე კუნჭულში და მიეცემოდა ფიქრებს. მამას არ ეამა ეს ფაქტი. იფიქრა: შვილი განდეგილად არ წავიდესო და სასწრაფოდ შერთო მშვენიერი ასული - იასიდორი.

მაგრამ მოხდა საბედისწერო რამ: 29 წლის იყო უფლისწული, როცა ინება და მსახურთან ერთად სრა-სასახლის გალავანს გადააბიჯა. სიდჰარტამ ოთხი „სიახლე“ იხილა, რამაც შეძრა იგი და შეცვალა მისი ცხოვრება. მას ჯერ საზარლად დაწყლულებული, სნეული ადამიანი შემოეყარა, მერე კი - წელში მოხრილი, ღრმად მოხუცი კაცი; ნახა შრომისაგან ილაჯგაწყვეტილი, მშიერი და დაგლახაკებული არსება; წააწყდა სამგლოვიარო პროცესიას, და ბოლოს დაინახა მძიმე ფიქრებში ჩაფლულ-ჩაძირული მოხეტიალე განდეგილი.

ჰკითხა მსახურს მიხრწნილ მოხუცზე: ნუთუ ასეთი დაიბადაო? - არა, ის ისეთივე ახალგაზრდა და აყვავებული იყო, როგორც შენ; მერე ბევრია მაგისთანაო? - ბევრი, ჩემო ხელმწიფევ, ასეთია ცხოვრების კანონი, ყველანი უნდა დავბერდეთო; მეცო? - დიახ, ჩემო ხელმწიფევ, შენც!

... და უფლისწულმა იმავე ღამით დატოვა სასახლე, ახალგაზრდა ცოლი, თოთო ვაჟი და განმხოლოვდა საზოგადოებისაგან; იწყო ფიქრი, თუ როგორ უნდა დაეხსნა თავი ადამიანს ბოროტებისა და სატანჯველისაგან. შვიდი წლის მანძილზე სიდჰარტა გაუტამა ამაოდ თრგუნავდა ხორცს, ამაოდ გვემდა საკუთარ სხეულს, რათა გამოესყიდა თავისი უზრუნველი და ფუფუნებიანი ცხოვრება სასახლეში; ამაოდ უკირკიტებდა წმიდა წიგნებს ამ წუთისოფლის საიდუმლოს ამოსახსნელად. ასე უშედეგოდ გრძელდებოდა თვითგვემა...

Buda 1.jpg

ერთხელ სიდჰარტა გაუტამა, რომელიც უკვე 35 წლისა იყო, მდინარე საიას ნაპირას, აშვატჰას (ლეღვის) ხის ძირას დაჯდა და დადო აღთქმა, რომ ადგილს არ მოიცვლიდა, სანამ განსხივოსნებას არ მიაღწევდა. ორმოცდამეცხრე დღეს ოთხი ჭეშმარიტება გამოეცხადა და ამის შემდეგ დაერქვა ბუდჰა, რაც: „გასხივოსნებულს“, „გამოღვიძებულს“ ნიშნავს, ხოლო ხეს, რომლის ქვეშაც ის იჯდა, ეწოდა ბოდჰი (სიბრძნის ხე). ბუდას პირველი ზრახვა იყო ხალხისათვის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც ტანჯვისგან დახსნის გზა, მაგრამ სიკვდილის ღმერთი, მარა, შეუჩნდა მას და ოთხი თუ შვიდი კვირის განმავლობაში ცდილობდა აეძულებინა იგი (ბუდა), ამ მისიაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად ბუდამ დაძლია შიში, ცდუნება და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა.

ბუდამ პირველი ქადაგება ბენარესის მახლობლად, ცხოველთა ბაღში წარმოთქვა. გადმოცემის თანახმად, მისი პირველი მსმენელები ხუთი ადამიანი და ორი ირემი იყვნენ. ქადაგება ასე დაიწყო: „ბჭენი ხსნისა დაე, გაცხადდეს ყველასათვის! ადამიანებო, განიხვენით ყურნი თქვენი და მისმინეთ მე: გზა ხსნისა ნაპოვნია! მე გმოძღვრავთ თქვენ და, თუ ჩემი სწავლის თანახმად იცხოვრებთ, მიიღებთ იმას, რისი გულისთვისაც კეთილშობილნი ჭაბუკნი ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხო ქვეყნებში გასანათლებლად. თქვენ იხილავთ ჭეშმარიტებას“. ამის შემდეგ, მომდევნო 45 წლის განმავლობაში, ბუდამ თითქმის მთელი ინდოეთი მოიარა, მრავალი მიმდევარი შეიძინა, დაარსა ბუდისტთა საკრებულოები და მამათა მონასტრები. ბუდას მოძღვრება მისმა მოწაფეებმა მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში გაავრცელეს.

ბუდა ღრმად მოხუცებული, 80 თუ 85 წლისა, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გამხდარა სოკოს კერძი, რომლითაც ერთმა ნალბანდმა უმასპინძლა. დაბეჯითებით ვერავინ ამბობს, ბუდა მოწამლეს თუ მოიწამლა. ცნობილია გიგანტური ქანდაკებები, რომლებზედაც მისი უკანასკნელი დაძინებაა აღბეჭდილი. შემორჩენილია გადმოცემა, რომლის მიხედვით მან სიკვდილის წინ ლოტოსის ფორმა მიიღო, ყველაზე ერთგული ბერების წინაშე უკანასკნელი ქადაგება წარმოთქვა, მარჯვენა მხართეძოზე წამოწვა და ხელი თავქვეშ ამოიდო. ამ დროს იგი ღრმა მედიტაციაში ჩაიძირა და პარინირვანაში (სამსარისგან საბოლოო გაღწევა.) შევიდა. მისი გვამი დაწვეს და ფერფლი რვა მოწაფემ გაინაწილა.

სიდჰარტა გაუტამა ბუდა კიდევ რამდენიმე სახელითა და ტიტულით მოიხსენიება: შაკიამუნი (შაკიების ბრძენი), ბოდჰისატვა (გასხივოსნებისკენ მსწრაფი), მაჰაპურუშა (დიადი ადამიანი), ჩაკრავარტინი (სამყაროს მეუფე), ტათჰაგატა (ჭეშმარიტების შეცნობის შემდეგ გასული), ჭეშმარიტების მფლობელი, ბჰაგავატი (ბატონი) და სხვ


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები