სიურეალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალვადორ დალი. თხევადი სურვილების დაბადება, 1931-1932; ზეთი და კოლაჟი ტილოზე, 96.1.X112.3 სმ. სოლომონ რ. გუგენჰაიმის ფონდი. პეგი გუგენჰაიმის კოლექცია. ვენეცია, 1976

სიურეალიზმისაფრანგეთში 1930-იანი წლების დასაწყისში, ხელოვანებისა და მწერლების ჯგუფმა, მოდერნიზმისგან სრულიად განსხვავებული, ლოგიკისა და რეალიზმის წინააღმდეგ მიმართული მიდგომა შესთავაზეს სამყაროს. ირაციონალური, უწესრიგო, ნორმიდან გადახრილი და ზოგჯერ ძალადობრივი სოციალური ქმედებების მომცველი სიურეალიზმი, პოეტ ანდრე ბრეტონის (André Breton, 1896-1966) გონებაში დაიბადა და დადას ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენდა.

ანდრე ბრეტონი მედიცინასა და ფსიქიატრიას სწავლობდა და I მსოფლიო ომის დროს ნევროლოგიურ ჰოსპიტალში მსახურობდა, სადაც კონტუზიამიღებულ ჯარისკაცებთან ფროიდის ანალიზის მეთოდს იყენებდა. 1924 წლისთვის ბრეტონმა, რომელიც კვლავინდებურად ადამიანის გონების ახირებებით იყო დაინტერესებული, გამოაქვეყნა სიურეალიზმის მანიფესტი, რომელშიც ასახა ფროიდის კონცეფცია, რომელიც ადამიანის გონებას განიხილავდა ბრძოლის ველად, სადაც ქვეცნობიერის ირაციონალური ძალები, მუდმივად ებრძვიან ცნობიერის რაციონალურ, მოწესრიგებულ და დამთრგუნველ ძალებს. გონისაგან ცნობიერების განთავისუფლებით, ბრეტონი მიისწრაფვოდა გამოეკვლია ადამიანის ყველაზე ძირეული, ირაციონალური, აკრძალული სექსუალური სურვილები, საიდუმლო ფანტაზიები და ძალადობრივი ინსტინქტები. როგორც 1934 წელს წერდა ბრეტონი - "ჩვენ ჯერაც ლოგიკის კანონებით ვცხოვრობთ". ამ შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად, ბრეტონმა და სხვა სიურეალისტებმა სიზმრის ანალიზის, თავისუფალი ასოციაციების, ავტომატური წერის, ვერბალური თამაშებისა და ჰიპნოზური ტრანსების მეშვეობით, ქვეცნობიერის გათავისუფლების სტრატეგია შეიმუშავეს. სიურეალისტებმა შეისწავლეს "დანაშაულებრივი შეშლილობისა" და "ქალური გონების" შემთხვევები, რადგან სჯეროდათ, რომ ეს უკანასკნელი, მამაკაცის გონებაზე უფრო სუსტიც იყო და მეტად ბრეტონი ფიქრობდა, რომ 1920-იანი წლების, ომით დაავადებული საზოგადოების გაუმჯობესების ერთადერთ გზას, რაციონალურ შეზღუდვებს გამცდარი, უფრო ძლიერი სიურეალობის აღმოჩენა წარმოადგენდა.

სარჩევი

ავტომატიზმი

მაქს ერნსთი

მაქს ერნსთი. ურდო, 1927; ტილო, ზეთი, 114X146.1 სმ. სტედელეკის მუზეუმი, ამსტერდამი

რაციონალური ჩარევისგან თავისუფალი ნამუშევრების შესაქმნელად, სიურეალისტი ხელოვანები განსხვავებულ ტექნიკებს იყენებდნენ, მათ შორის ავტომატიზმს. ისინი ათავისუფლებდნენ ქვეცნობიერს და ხატებათა და ფორმათა ახალ, მოულოდნელ შეპირისპირებებს გვთავაზობდნენ. თვითნასწავლმა გერმანელმა მხატვარმა მაქს ერნსთმა (Max Ernst, 1891-1976) - ის აქტიურად თანამშრომლობდა დადაისტებთან კიოლნში, მოგვიანებით კი პარიზში ბრეტონის წრეს შეუერთდა - 1925 წელს ფროტაჟის ავტომატური ტექნიკა შეიმუშავა. თავდაპირველად ერნსტი ფანქარს ან პასტელს ტექსტურიან ზედაპირზე მოთავსებულ ქაღალდზე ახახუნებდა. მიღებული გამოსახულება მის წარმოსახვას აღვივებდა და მხატვარი ქაღალდზე შემთხვევით აღბეჭდილ ფორმებში ფანტასტიკურ არსებებს, მცენარეებს და პეიზაჟებს ხედავდა, რომლებსაც უფრო მკაფიოდ დამატებით ნახატებში გამოსახავდა. ფერწერაში ამ ტექნიკას ერნსტი გრატაჟს უწოდებდა. იგი ტექსტურიანი ზედაპირის მქონე ტილოზე დატანილი საღებავის ფენას ფხეკდა, შემდეგ კი დანახულ გამოსახულებებს, დამატებით სურათში "ამჟღავნებდა". 1927 წელს შექმნილი ნამუშევარი ურდო, კოშმარულ სცენას გვიჩვენებს, რომელშიცმონსტრები ჩვენთვის უხილავ ძალას უწევენ წინააღმდეგობას. ცხადია, ასეთი შემაშინებელი გამოსახულებების პირველწყარო I მსოფლიო ომის ის საშინელებები იყო, რომელიც ერნსტმა, გერმანიის არმიაში მსახურებისას გამოსცადა საკუთარ თავზე.

სალვადორ დალი

სალვადორ დალის (1904-1989) ფერწერული ტილოები ბევრად უფრო იოლად ამოსაცნობ ფიგურებსა და ფორმებს შეიცავს, მაგრამ მათშიც შეხვდებით გაშლეგებული ქვეცნობიერის ვიზუალურ საოცრებებს. დალი მადრიდში, სან ფერნანდოს სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა და იქ ტრადიციული ილუზიონისტური მხატვრობის მეთოდებში ოსტატდებოდა. სიურეალისტებს ის 1928 წელს, პარიზში ჩასვლისას შეხვდა. სიურეალისტურ თეორიაში თავისი წვლილი დალიმ პარანოიდალურ-კრიტიკული თეორიით შეიტანა. დალი ავითარებდა პარანოიით შეპყრობილთა არასწორად წაკითხვის, დამახინჯების, ჩვეულებრივის მცდარად გაგების შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობითაც, საკუთარ თავს ათავისუფლებდა ტრადიციული, რაციონალური აზროვნების ბორკილებისგან, შემდეგ კი თავის წარმოსახვას ხატავდა.

დალის ფერწერა რამდენიმე, საკვანძო თემაზე იყო ფოკუსირებული: სექსუალურობა, ძალადობა, მორალური ხრწნა. ნამუშევარში თხევადი სურვილების დაბადება, ჩვენ ვხედავთ ფართო, ყვითელ, ბიომორფულ ფორმას (ორგანული ფორმა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს მოგვაგონებს) - ის თანაბრად წააგავს მონსტრის სახეს, მხატვრის პალიტრასა და ქალის სხეულს - რომელიც ფონად ემსახურება ოთხ ფიგურას. თეთრებში შემოსილი ქალი იხუტებს ჰერმაფროდიტის სხეულს, რომელსაც ცალი ფეხი ჯამში ჩაუდგამს, მესამე, სანახევროდ დაფარული ფიგურა ამ ჯამს სითხით ავსებს, მეოთხე კი ქვაბულისმაგვარ ხვრელში შედის. სქელი, შავი ღრუბელი სცენის თავზე ასეთ იდუმალ კითხვას სვამს: "მითითება: გადაიყაროს ყველა ფიქალი?" (Consigne: gâcher l’ardoise totale?). დალი ამტკიცებდა, რომ მან ზუსტად ის დახატა, რაც მისმა პარანოიდალურ-კრიტიკულმა გონებამ დაბადა მის კოშმარულ წარმოსახვაში. დალის გამოსახულებები ერთგავარად, ბრეტონის დამცველად გვევლინება, რომელიც ამბობდა: "აზროვნების ჭეშმარიტი პროცესი თავისუფალია გონების ფიზიკური ვარჯიშისა და ნებისმიერი მორალური და ესთეტიკური განზრახვებისგან". ის არ ექვემდებარება რაციონალურ ინტერპრეტაციას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მგრძნობიარე გონებაში შიშს, შფოთვას და რეგრესსაც კი იწვევს.

დალის უცნაურად შთამბეჭდავი ხელოვნება შეუთანადებელ რეალობათა მოულოდნელი შეთანადებებისადმი სიურელისტურ ინტერესსაც ემყარება.

მერეთ ოფენჰაიმი

მერეთ ოფენჰაიმი. ობიექტი (საუზმე ბეწვში), 1936

სიურეალისტები ამტკიცებდნენ, რომ ახალ, უჩვეულო კონტექსტში წარმოდგენილი, რამდენიმე ერთმანეთთან შეუჯერებელი ობიექტის ურთიერთდაპირისპირებით, ხელოვანს შეუძლია ზებუნებრივი სიურეალობების შექმნა. ამის ერთ-ერთი, ამაღელვებლად დახვეწილი და ამასთან, დამცინავად იუმორისტული მაგალითია შვეიცარიელი ხელოვანის, მერეთ ოფენჰაიმის (Meret Oppenheim, 1913-1985) ნამუშევარი ობიექტი (საუზმე ბეწვში). ოფენჰაიმი ქალთა იმ მცირერიცხოვან წრეს ეკუთვნოდა, ვინც სიურეალისტებმა თავიანთი მიმდინარეობის წევრად მიიწვიეს. სიურეალისტები ქალებს თანასწორებად არ მიიჩნევდნენ და მათ საკუთარ მუზებად ან შესწავლის ობიექტებად განიხილავდნენ. პიკასო იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ამ ქანდაკების იდეა სწორედ მან მიაწოდა ოფენჰაიმს. ობიექტი შედგება ჩინური ქურციკის ბეწვით დაფარული ნამდვილი ფინჯნის, ლამბაქისა და კოვზისგან (ეს ბეწვი ბოქვენის თმასთან მსგავსების გამო შეირჩა). ნამუშევარში ჩვეული რეალობიდან ორი ობიექტია ამოგლეჯილი (ჩაის დასალევი ნაკრები და ქურციკის ბეწვი). მათი რეკონტექსტუალიზაცია ირაციონალურ, ახალ სიურეალობაში ხდება, რაც მათ გარდასახავს ზებუნებრივ ობიექტად, რომელიც სასურველიც არის და იმავდროულად, ღრმად შემაშფოთებელიც.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები