სოფელი კაჭრეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაჭრეთი – დიდი სოფელია საქართველოში, გარეკახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. გურჯაანიდან 35 კმ.

„ერთხელ – მოგვითხრობს ხალხური გადმოცემა, – კახეთს დიდძალი მტერი შემოსევია. ეს ჩვენი ჯარი ისე ცოტანი ყოფილან, რო ერთზე რატო ასი თათარი არ მოდის. მაინც არ გატეხილან და შეუტიეს ამ თათარს, მაგრამ ზღვას კოვზით ვინ დაჲლევს? ძაან გაუჭირდათ, ისე არიან დაღლილები, რო ლამის ხელი აიღონ, მაგრამ ვერც წინ წასულან, ვერც უკან გამოსულან; იმდენი არიან, როგორც ქვიშა. მაშინ წინ წასძღოლია ჩვენი სარდალი, ხმლით მიჰკაფ-მოჰკაფამს თურმე როგორც ბალახსა და თან დაუძახნია: „კაჭეთ, ბიჭებო, როგორც ერთიო! მას მერე ამ ადგილისათვის დაუძახნიათ კაჭრეთი, როცა გაუმარჯვიათ და გაკაჭეჲ მტერი“ (ლევან მიხეილის ძე ბაცანაძე, ჩამწ. ნელი ხუციშვილი).

აი, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ, რა გზით ხდება ხალხში ტოპონიმების ახსნა-განმარტება. ეტიმოლოგისტს კაჭრ-ძირში კახური სიტყვა კაჭვა („გაკაფვა“) დაუნახავს, -ეთ სუფიქსი კი რიცხვით სახელად (ერთი) გაუაზრებია.

კაჭრეთი, ისტორიული კაწარეთი, ქართულ საისტორიო წყაროებში XVII-XVIII ს.-დან მოიხსენიება: „და ვინცა ვინ წმინდის სამების ეკლესიის ყმანი იყვენით, ყველანი მოგკრიფნათ და ხაშმზედ დაგაყენათ. და ვინცა ვინ კაწარეთს მსახლობელნი იყვენით, თქვენს მამულს ვეღარა სწვდებოდით და ზემო ხაშმზე მსახლობელის კაცთ ბეითალმანი მამულები… გაგიყავით და მოგეცით“. ტოპონიმი უნდა მომდინარეობდეს ძვ. ქართული კაჭარ-სიტყვისაგან, რაც საბას მიხედვით არის: „უწყლოს ალაგს რიყის მსგავსი ქვა“. მაშასადამე, კაჭარ-ეთ-ი (–კაჭრ-ეთ-ი) ნიშნავს: „უწყლო, ნარიყალი ადგილი“. -ეთ სუფიქსი ამ არეალში კაჭარ-ის (რიყის ქვის) სიმრავლეზე მიგვანიშნებს.

კაჭრეთის წარმოშობას კ. ჰანი რატომღაც მცენარე ქაცვის სახელთან აკავშირებდა.

კაჭარი, როგორც ქვის ერთ-ერთი სახეობა, სამეგრელოშიც ყოფილა ცნობილი: „ეკის სამრეკლოს“ კედლები აგებულია კაჭარი, როგორც ქვის ერთ-ერთი სახეობა, სამეგრელოშიც ყოფილა ცნობილი: „ეკის სამრეკლოს“ კედლები აგებულია ნამსხვრევი და ადგილობრივი კაჭარის კირქვისაგან, − ნათქვამია სპეციალურ ლიტერატურაში.

დასასრულ შეიძლებოდა ტოპონიმ კაჭრეთის წარმოშობის კიდევ ერთი გზა გვევარაუდა. ქართლური ლექსიკა იცნობს სიტყვა კაჭარს რაც ნიშნავს: მაღალი და უხეში ბალახი, ამოდის ყანაში და მკას ხელს უშლის. ქართლური დიალექტის ლექსიკონში სიტყვა კაჭარი არ ჩანს; სამაგიეროდ მოტანილია კაჭახი, იმავე უხეში ბალახის, სიმინდის ხმელი ღეროების და სხვათა აღსანიშნავად. თუ ჩვენ კაჭარ||კაჭახ- სიტყვათა ამ მნიშვნელობებსაც გავითვალისწინებდით, მაშინ ტოპონიმი კაჭრეთი შეიძლებოდა ასე გაგვეაზრებინა: „ადგილი, სადაც მრავლად იზრდება უხეში, მსხვილღეროიანი ბალახი (იგივე, ლიხი, ჯოყარი).

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები