სოფელი კურსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კურსები – სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთში, გელათთან ახლოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ტყიბულიდან 24 კმ-ში. სოფელი მდიდარია სამკურნალო გოგირდის წყლითა და სამშენებლო ქვა-ტეშენით.

სოფელი კურსების შესახებ სარწმუნო ეტიმოლოგია არ მოგვეპოვება. ვახუშტი ბატონიშვილი მას ყურსებ-ად მოიხსენიებს: „გელათს ზეით წყალწითელას, მოერთვის, ყურსებს, საწირის-წყალი“. როგორც ჩანს, ამ ყურსებ- ფორმამ უბიძგა ხალხს, რომ ადგილობრივ ასეთი ვერსია გაჩენილიყო: სოფელი გელათს ყურს ება (ყურის ძირში, იქვე არის გაშენებული), ამიტომ ყურსები შეურქმევიათო (გიორგი გოგოლაშვილის ცნობით).

ანეკდოტურია კ. ჰანის ვარაუდი, – სოფელს კურსები იმიტომ შერქმევია, რომ აქ ძველად ძალზე ბევრი რკინის მადნის სადნობი ქურები („горнило“) ჰქონიათ მოწყობილიო.

სავარაუდოდ შეიძლებოდა დაგვეშვა ზანური (მეგრული) სიტყვა კურზუ („შემაღლებული ადგილი“, „ბორცვნარი“), თუ დაბრკოლებას არ შექმნიდა ბოლოკიდური ხმოვნის მოკვეცის შემთხვევა. თანხმოვნის თანხმოვნად გარდაქცევა სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში უჩვეულო და მოულოდნელი არ არის. ტოპონიმი კურსები თავდაპირველად, როგორც ჩანს, -ევ სუფიქსით იყო წარმოდგენილი: კურს-ევ-ი. ამ აზრისაკენ გვიბიძგებს ის ფაქტი, რომ XVI ს-ის დასაწყისის, კერძოდ 1510 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში იმერეთის ამ რეგიონში მოხსენიებულია სოფელი კურ-ევ-ი.

„კურევში მცხოვრებნი ჭალანგირაძეები 5 კომლი, 1 კომლი კაკაბაძე და ჭალანგირაძის 3 პარტახტი დაუბრუნა ბაგრატ (იმერთა) მეფემ გელათის წმ. გიორგის ეკლესიას“.

ამას გარდა ერთობ საგულისხმო ჩანს ის ფაქტი, რომ ისტორიულ ოკრიბაში არსებობდა სოფელი კორსევი, რომლის ბგერინაცვალ ფორმად შეიძლება კურსები მივიჩნიოთ. -ევ- და -ებ სუფიქსთა ფუნქციური თანხვდომა ლიტერატურაში ცნობილია. ისიც უთუოდ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სწორედ ოკრიბის მეზობლად, დღევ. ყორნისის რაიონში (მსხლების სას. ს.) სოფლის სახელად დასტურდება ზემო და ქვემო კორსეგ-ი. საკვლევია კორს-||კურს- ძირების შინაარსი. როგორც უკვე ვთქვით, გამორიცხული არ უნდა იყოს მისი კავშირი მეგრულ კურზუ სიტყვასთან, თუმცა ამ ვარაუდის საბოლოოდ დამტკიცება გარკვეული რიგის სიძნელეებთან არის დაკავშირებული.

საკითხავია, ხომ არ არის ტოპონიმი კურსები იმ უძველესი გეოგრაფიული სახელის გადმონაშთი, რომელიც საქართველოს ისტორიაში „კურასებას“ სახით იყო ცნობილი და რომელიც „შვიდ სოფლად“ (ჰეპტა კომე) გაიაზრებოდა?


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები