სუმბათაშვილი მიხეილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუმბათაშვილი მიხეილი - (1885 - ?) - ქართველი დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში.

მიხეილ სუმბათაშვილი 1885 წლის 3 მაისს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1902 წლიდან სწავლობდა მოსკოვის საიმპერატორი ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ქიმიას ეუფლებოდა. 1905 წელს როდესაც რევოლუციის გამო, სასწავლებელი დროებით დაიხურა, მ. სუმბათაშვილი პარიზის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც სხვა საგნებთან ერთად კურსები გაიარა ცნობილ პროფესორ მოისანთან და პრაქტიკულ კურსს მის ლაბორატორიაში ეუფლებოდა. 1906 წელს საქსონიის სამთო-საინჟინრო სამეფო სკოლაში, ქალაქ ფრაიბერგში ჩააბარა გამოცდები, რომელიც 1909 წელს სამთო-ინჟინრის დიპლომით დაამთავრა. 1909-1910 წლებში ალჟირში მრეწველ საკამოდის თუთიის საბადოების დირექტორად მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებისას წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო კვლევით სამუშაოებს თავის მამულებში ეწეოდა. 1912 ქ. თბილისის მუნიციპალური მთავრობის საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ აირჩიეს, ხოლო 1913 წელს - თბილისის თავადაზნაურობის მარშლად, 1915 - კავკასიის სოფლის მეურნეობის საიმპერატორო საზოგადოების თავმჯდომარედ. პირველი მსოფლიო ომის დროს, მ. სუმბათაშვილი კავკასიისა და სპარსეთის ფრონტებზე მძლავრი რუსული კომპანიის - „ზემსტვოს“ სრულუფლებიან წარმომადგენლად მუშაობდა.

1918 წლის ოქტომბრიდან მ. სუმბათაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელია ქალაქ ბერნში (შვეიცარია). მ. სუმბათაშვილის დიპლომატიურ სარბიელზე ყოფნა მხოლოდ ბერნში მოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა. იგი იმდროინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. მ. სუმბათაშვილი ზ. ავალიშვილთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჟენევაში 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებასთან აკავშირებით. იმავე წლის ბოლოს იგი, მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად (Charge d’affaIre) გადაიყვანეს. მოგვიანებით, მ. სუმბათაშვილი სამუშაოდ პარიზში გადავიდა, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მიერ უკვე დე იურედ ცნობილ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს დესპანის თანამდებობაზე. 1921 წლის 25 თებერვალს, აკ. ჩხენკელთან და სოსიპატრე ასათიანთან ერთად, იგი მონაწილეობდა საფრანგეთის მთავრობის მეთაურ მილიერანისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალში, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მეორე ქართველი - სერგო ორჯონიკიძე რუსეთის ბოლშევიკურ ურდოებს თბილისში წითელი დროშით შემოუძღვა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მ. სუმბათაშვილი კვლავ დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად მოღვაწეობდა. ამის შემდეგ კი მისი კვალი ქრება.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

  • საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ჰარვარდის უნივ. მიკროფ. ასლები, საქ. 772;
  • Journal Illustreé (ილუსტრირებული გაზეთი), 1 ოქტომბერი, 1919 №679;
  • ლ. სარალიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წ. წ., დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, თბ., 1994;
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, „მეცნიერება“, თბ., 2003.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები