ტირსო დე მოლინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტირსო დე მოლინა

ტირსო დე მოლინა − (ესპ. Tirso de Molina, ნამდვ. გვარი გაბრიელ ტელიესი, დაახლ. 1583-1648), ესპანელი დრამატურგი. 400 დაწერილი პიესიდან შემორჩენილია 84 კომედია და 5 „აუტო“. იყო ლოპე დე ვეგას მიმდევარი.

ესპანური დრამატურგიიდან დიდი ლოპე დე ვეგას წასვლასთან ერთად პრინციპში ილევა აღორძინების ეპოქა და იწყება მეტად საინტერესო პერიოდი − ბაროკოს ხანა. ამ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი ტირსო დე მოლინა გახლდათ. ეს მისი ფსევდონიმია, სინამდვილეში გაბრიელ ტელიესი ერქვა. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო − კაცი, რომელმაც გაიარა კათოლიკური ეკლესიის ყველა საფეხური, გახდა ერთ-ერთი დიდი მღვდელმთავარი, ამასთანავე, წერდა და წერდა პიესებს. 400-ზე მეტი სალექსო ფორმით დაწერილი კომედიიდან, უმეტესობა დაკარგულია, მაგრამ 84 შემორჩა მსოფლიო ლიტერატურას. ამ კომედიებიდან ყველაზე გამორჩეულია „სევილიელი მაცდუნებელი (ან ყალთაბანდი) ანუ ქვის სტუმარი”.

ტირსო დე მოლინა 18 წლის ასაკიდან მერსენარიების ორდენის ბერი იყო. 1615 წლისთვის ორდენმა ის გააგზავნა ამერიკაში, ორდენის სამფლობელოებში − კუნძულ სან დომინგოზე. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ მან ამერიკის მერსენარიების ორდენის საქმეთა მთავარი მრჩევლის წოდება მიიღო. 1625 წელს ტირსო დე მოლინა მადრიდიდან გაასახლეს იმ მიზეზით, რომ იგი „თავის კომედიებით აურზაურს ქმნის, რომელთაც საერო სახით წერს და მაყურებელს ხიბლავს ცდუნებებითა და ცუდი მაგალითებით”. მაგრამ ეს ოფიციალური მიზეზი გახლდათ. უფრო სარწმუნოა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ტირსოს გამოსვლებით მეფის ფავორიტის − ჰერცოგ ოლივერასის წინააღმდეგ. მიუხედავად გაძევებისა, მერსენარიების ორდენი გამალებით იცავდა საკუთარ ბერს და ის ქალაქ ტრუხილიოში მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე დანიშნეს.

ბერობა ხელს არ უშლიდა ტირსოს, დაინტერესებულიყო თანამედროვეთა ყოფითი საკითხებით, ზნე-ჩვეულებებით. მისი დრამები ისტორიულ და ბიბლიურ თემებზე გვარწმუნებენ იმაში, რომ დრამატურგი ეხმაურებოდა თანამედროვე პრობლემებს. პიესები ასახავდნენ იმ საზოგადოების ცივ, ანგარიშიან და სასტიკ ცხოვრებას, რომელიც გატაცებულია ფულის იოლი შოვნით, მდიდარი საპატარძლოებით, სასიამოვნო დროის გატარებით. ტირსო დე მოლინა ესპანელი თავადაზნაურობის ზნეობრივ დაქვეითებას გვიჩვენებს. პიესებში დუელები იშვიათად გვხვდება, და ეს კანონზომიერია − ახლა კონფლიქტები ადამიანთა შორის სხვაგვარად წყდება: იმარჯვებს არა სიმამაცე, არამედ ანგარიშიანობა. ტირსო დე მოლინას კომედიებში მსახურებმაც კი დაკარგეს ის მნიშვნელობა, რომელიც მათ ლოპე დე ვეგას კომედიებში ჰქონდათ. ლოპე დე ვეგას გმირები ხშირად მოუფიქრებლად მოქმედებენ, შეცდომებს სჩადიან და მსახურნი მათ შველიან. ტირსო დე მოლინას პერსონაჟებში კი ვნებიანი იმპულსი ცივ გონებასთანაა შეჯერებული. მათ არავის რჩევა და დახმარება არ სჭირდებათ. მსახურებს, უმეტეს შემთხვევაში, ბატონები არც კი უმხელენ თავიანთ გეგმებს. გადაცმა (ტრავესტი) დრამატურგის საყვარელი სასცენო ხერხია. ხშირად გმირი ქალები მამაკაცის ტანსაცმელს იცვამენ და სხვა ადამიანად წარდგებიან. ამ ხერხის გამოყენებით, ტირსო დე მოლინა იშვიათ ვირტუოზობას აღწევს კომედიაში „დონ ხილ მწვანე შარვალი“.


ახალგაზრდა აზნაურმა დონ მარტინმა ბედის ანაბარა მიატოვა დონა ხუანა, რომელსაც სიყვარულს უმტკიცებდა და წავიდა მადრიდში − მდიდარი საცოლის საძებნელად. დონა ხუანა დაედევნება ცბიერ შეყვარებულს. როცა შეიტყობს, რომ დონ მარტინს მახეში ჰყავს გაბმული მდიდარი დონა ინესა, გადაწყვეტს: დაირქვას კაცის სახელი და ამ ხერხით მოიპოვოს ქალის კეთილგანწყობა. ამდენად, დონ მარტინის გეგმის განხორციელებას, სიუჟეტის განვითარების პარალელურად, მუდმივად ხელს უშლის უცნობი მეტოქის გამოჩენა და დონა ინესასთან ურთიერთობისას მისი ჩარევა. პიესის ფინალში დონ მარტინი იძულებულია თავი დამარცხებულად აღიაროს და დონა ხუანას ცოლობას სთხოვს. მიზნის მისაღწევად დონა ხუანა ყველაფერზე წამსვლელია. ანგარიშს არავის უწევს და ერთმანეთს მრავალ ადამიანს უპირისპირებს. ყოველივე ამის მიღმა, ჩვენ ვხედავთ ღრმად შეურაცხყოფილ ადამიანს, ტანჯულ ქალს, რომელსაც საკმაო ჭკუა და სიმამაცე ყოფნის, რათა საკუთარი თავი დაიცვას.

ტირსო დე მოლინა დიდი მხატვრული სიმართლით ასახავდა რა ესპანეთის იმდროინდელ ზნე-ჩვეულებებს, როგორც ეკლესიის მსახურს, მიაჩნდა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების უწესრიგობის მთავარი მიზეზი ადამიანის „ცოდვიანი“ ბუნებაა. დრამატურგს სურდა ეჩვენებინა ესპანელი აზნაურის სახე − ტიპაჟი, რომელიც, როგორც კი განთავისუფლდა შუა საუკუნეების დოგმებისგან, დაადგა უსულგულო პრაქტიციზმის გზას. სიყვარულისა და ეჭვიანობის საკითხებით დაკავებული ტირსო დე მოლინას ქალი პერსონაჟები საუცხოოდ ერკვევიან ყიდვა-გაყიდვის საქმეში და „პრაქტიკულ ენაზე“ საუბრობენ. სოციალურ საკითხებთან მიმართებაში პრაქტიკული და ანგარიშიანი ქმედებებით ხასიათდებიან ასევე მამაკაცი პერსონაჟები.

დონ ხუან ტენორიო ისტორიული პერსონაჟია. ის დიდგვაროვანი გახლდათ. მამამისი − ალონსო ტენორიო − პორტუგალიის დედოფლის, მარიამის, ერთ-ერთი ფავორიტთაგანი და, იმავდროულად, ფლოტის ადმირალი იყო. აი ასეთ სახელოვან ოჯახში დაიბადა და იზრდებოდა დონ ხუანი, რომელსაც არამარტო მექალთანეობით, არამედ დუელიანტობითაც გაეთქვა სახელი. არაერთი ჩხუბისა და კონფლიქტის წამომწყები, თქვენ წარმოიდგინეთ, მკვლელობის ჩამდენიც კი, ამავე დროს, განათლებული, ელვარე და მეტად საინტერესო ახალგაზრდა კაცი იყო. ეს ყველა დანაშაული დონ ხუან ტენორიოს მხოლოდ იმიტომ შერჩა, რომ კასტილიის მეფე პედრო I-თან მეგობრობდა. ამ უკანასკნელს თავიდან პედრო I სასტიკს უწოდებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა თავისი მტერი გაანადგურა და აღარავისთვის იყო სასტიკი, პედრო I სამართლიანი დაარქვეს.

მეფე აყოლილი იყო მეგობარ დონ ხუანს. ისინი ერთად ჩადიოდნენ უამრავ სისასტიკეს − აუპატიურებდნენ გლეხის ქალებს, რქებს ადგამდნენ დიდგვაროვნებს და მათ ცოლებთან ერთად გართობას ეძლეოდნენ. ყველაფერი ეს იოლად გამოსდიოდათ, მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ უნდა შეჩერდე... ტენორიოსთვის საბედისწერო გამოდგა დონა ანას, კალატრავის ორდენის კომანდორის, გონზაგო ალოიას, ქალიშვილთან ტრფობა.

კალატრავის ორდენი დიდი ორდენია, დაახლოებით ისეთი, როგორიც ტამპლიერების ორდენი. ეს გახლდათ მეომარი მღვდლების ერთობა და სწორედ ამ ორდენის გამორჩეული წევრი იყო გონზაგო. ის ასაკოვანი გახლდათ, თორემ დონ ხუანი ასე ადვილად ვერ დაამარცხებდა. ბოლოს და ბოლოს, კონფლიქტი მაინც მოხდა და დონ ხუან ტენორიოს შემოაკვდა კომანდორი, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი. მეფე ისევ დუმდა − ყველამ იცოდა, ის თავის ფავორიტს ასე ადვილად არ გაწირავდა. ამიტომაც შურისძიება ორდენის წევრებმა, სხვა კომანდორებმა, გმირებმა, რაინდებმა დაგეგმეს.დონ ხუანს ახალგაზრდა ქალის სახელით გაუგზავნეს წერილი. ტენორიო არ შეაბრკოლა ეკლესიაში დანიშნულმა პაემანმა (ქალმა ის ფრანცისკელთა ტაძარში დაიბარა) და მივიდა იქ. როგორც ამბობენ, ბერებმა ჩამოაგდეს კომანდორის ქვის ქანდაკება, რომელიც ტენორიოს დაეცა და სულიც განუტევა. გავრცელდა ჭორი, რომ კომანდორმა თავად მოკლა დონ ხუანი.

რა არის ამ ისტორიაში ტყუილი და რა მართალი, ვერასდროს გავიგებთ. მაგალითად, გაურკვეველია, შემთხვევის ადგილას კალატრავის ორდენი იმყოფებოდა თუ ფრანცისკელი ბერები? ნამდვილად მოხდა კი ეკლესიის ცნობილი ეპიზოდი, თუ თავად ხალხმა შეთხზა? ისეთი ცნობაც არსებობს, რომ ტენორიომ მოინანია ცოდვები და მონასტერში წავიდა... საინტერესოა, რომ 20 წლის შემდეგ ისტორიულ წყაროებში, მართლაც ჩნდება ვინმე დონ ხუან ტენორიო, რომელიც ეპისკოპოსია. და არის თუ არა ეს იგივე კაცი, ჩვენთვის უცნობია. ტენორიოს გვარიდან მრავლად ვხვდებით გამორჩეულ პირებს და მათ შორის მართლაც შეიძლება ყოფილიყო როგორც მექალთანე, ასევე ეპისკოპოსი.

ეს ისტორია პირველმა სწორედ ტირსო დე მოლინამ გამოიყენა თავის პიესაში „სევილიელი მაცდუნებელი”. აქ ლაპარაკია სწორედ იმ ამბავზე, რომელზეც ჩვენ ზევით გვქონდა საუბარი. მისი სიუჟეტი მარტივია, ცოტა არ იყოს, კომედიის ჟანრისთვის ზედმეტად მორალისტურიც. პიესაში ვხვდებით ადგილებს, რომლებიც პირდაპირ ლოცვაში გადასულ ადგილებს, რაც ძალიან საინტერესოა. ამ ჩვენთვის ნაცნობი მომენტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დონ ხუანი კომანდორის საფლავის ქვაზე ამოიკითხავს, რომ კომანდორი შურსიძიებს თავის მკვლელზე, რაზეც ტენორიოს გაეცინება, წვერში წაავლებს ხელს, მოქაჩავს და სადილზე დაპატიჟებს. კომანდორი ესტუმრება და თვითონაც გადაიპატიჟებს სასაფლაოზე. იქ მივა დონ ხუანიც და სადილის შემდეგ ორივე ერთად დაინთქმება საიქიოში. ასეთია პიესის შინაარსი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ავტორის მიერ პიესაში გამოყვანილი დონ ხუან ტენორიო ჯერ კიდევ ისტორიულ ორეულს ჰგავს. ამასთან, კომედიაში ხშირია მორალისტური გადახვევები. ტექსტმა ისეთი ინტერესი გამოიწვია სახელოვნებო წრეებში, რომ იმთავითვე ითარგმნა იტალიურ ენაზე. განახლებული იტალიური ვერსიის ავტორია ჯილი ბერტო. მან დაამატა კომიკური ელემენტები, გამორიცხა ყოველივე კათოლიკური, მათ შორის ლოცვებიც, და პიესაში უფრო მეტი მოქმედება შეიტანა. როგორც ჩანს, მსახურის როლი იტალიელებმა გაამძაფრეს. ბოლოს და ბოლოს დონ ხუან ტენორიოს უჩვეულო თავგადასავალმა საფრანგეთამდე ჩააღწია და ისტორიამ დონ ხუან ტენორიოზე თავისი მთავარი ავტორი − მოლიერი იპოვა...

ტირსო დე მოლინას კომედიაში „სევილიელი მაცდუნებელი“ დონ ხუან ტენორიო თავის მსხვერპლებს იმორჩილებს არა მხურვალე ვნებათაღელვის სიძლიერით, არამედ ცრუ დაპირებებით, მოტყუებით. ეს პიესა დონ-ჟუანიზმის იდეაზეა. დონ-ჟუანი ქალის ხორციელი მშვენების თაყვანისმცემელია და ამქვეყნიურ ბედნიერებას ქალის ხორციელ დაუფლებაში ხედავს. დონ-ჟუანი გრძნობადობის განთავისუფლების სიმბოლოა. რელიგიური ნორმების დარღვევა დონ-ჟუანის ხორციელი ტრფობის უსაზღვრო მისწრაფებაშია გამოხატული, მაგრამ გრძნობადობა მისთვის თვითმიზანი არ არის. ეს არის საშუალება თავისი ძალის გამოვლენისა. მისი მთავარი მიზანია − დატკბეს თავისი უსაზღვრო თავისუფლებით. გააკეთოს ყოველივე, რასაც მოისურვებს. ამა თუ იმ ქალის დაუფლება, მერე მისი მივიწყება და ახალი „მსხვერპლისკენ“ სწრაფვა − დონ-ჟუანისთვის აუცილებელი დამახასიათებელი თვისებაა.

ტირსო დე მოლინას დონ ხუანი უპირისპირდება ფეოდალურ მორალსა და საზოგადოებაში გაბატონებულ თვალთმაქცობას. იგი ცდილობს მიიღოს ყველაფერი, რაც ბუნების მიერაა ნაბოძები და რაც ცხოვრების ასკეტურმა წესმა ადამიანს წაართვა. ავტორი გმირს უკიდურეს ეგოიზმში ადანაშაულებს. ადამიანი, რომელიც უმაღლეს ღირებულებად და მოქმედების ერთ-ერთ ორიენტირად პიროვნულ სურვილებსა და მისწრაფებებს გაიხდის, როგორც პიროვნება განწირულია. ამიტომ დრამატურგმა უარი თქვა დონ ხუანის ხსნაზე. ლოპე დე ვეგას გლეხებისგან განსხვავებით, ტირსო დე მოლინას შემოქმედებაში გლეხები ღვთისმოშიში, თავისი ბატონების ერთგულები არიან. ტირსო დე მოლინას პიესები ობიექტურად უჩვენებდნენ თავადაზნაურობის ზნეობრივ დეგრადაციას, მკვეთრ ანტაგონიზმს სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები