უკუთქმითი წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკუთქმითი წინადადება – წინადადება, რომელშიც აზრი უარყოფითად არის გადმოცემული. უკუთქმითი წინადადება უპირისპირდება წართქმით წინადადებას (დედამ ვერ მიატოვა შვილი – შდრ. დედამ მიატოვა შვილი). უარყოფითი მნიშვნელობა გამოიხატება უარყოფითი ნაწილაკებით: არ(ა), ვერ, ნუ, რომლებიც, ჩვეულებრივ, ზმნას ახლავს („არ მიღალატო, ოცნებავ“, ვაჟა-ფშაველა; „მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს“, გ. ტაბიძე), უარყოფითი ნაცვალსახელებით: არსად, ვერსად, არასოდეს… („არავინ იძლევა პასუხს“, გ. ტაბიძე „ნუვინ ჩივის თავის უთვისტომობას“. ნ. ბარათაშვილი; „მშობელი შობილს არას მეტყოდა“, ი. ჭავჭავაძე; „გაგზავნილები არსად ჩანდნენ“). უარყოფის გასაძლიერებლად ხშირად უკუთქმით წინადადებაში უარყოფითი სიტყვაც არის და უარყოფითი ნაწილაკიც, ე. ი. არის ორმაგი უარყოფა („არავინ არ შეიბრალა“, ვაჟა-ფშაველა: „ოჰ, არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე" გ. ტაბიძე). რიტორიკულ კითხვით წინადადებაში უარყოფითი სიტყვა გამოხატავს არა უარყოფას, არამედ აძლიერებს წინადადების ექსპრესიულ ფუნქციას („ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?“, შოთა რუსთაველი, „აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს, ძველ ოცნებებზე რომელი არ წუხს?!“, გ. ტაბიძე)

ლ. კვანტალიანი

ლიტერატურა

  • თოფურია ვ. ორმაგი უარყოფა ქართულში. – „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული“, I–II. ტფ., 1921-24;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ, I961;
  • ბასილაია ნ. წინადადების ტიპები მტკიცებისა და შინაარს-ინტონაციის ანუ მოდალობის მიხედვით, თბ,, 1971; დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., 1983;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები