ურიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურიში – Echinochloa frumentacea Link. ალ. მაყაშვილის ჰერბარიუმი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტი
ბურჩხა – Echinochloa crus-galli (L.) P. Beauv.

ურიში - (Echinochloa frumentacea Link). ურიში უძველესი ფეტვნაირი პურეულია. წერილობითი წყაროებისა და ეთნოგრაფიული მონაცემებით მტკიცდება, რომ კოლხები და მათი მონათესავე ქართველური ტომები ურიშის თესვა-მოყვანასაც მისდევდნენ.

ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის გადმოცემით, VI ს.-ში. სკანდისა და შორაპნის სანახებში ადგილობრივ მოსახლეობას საკვებად რაღაც მარცვლოვანი „ელჳმოსი“ ჰქონია. ამ ისტორიკოსის ცნობით, ლაზები, ისევე როგორც უძველესი დროიდან კოლხები, „ელჳმოსით“ იკვებებოდნენ; მაგრამ „ელჳმოსი“ იმდენად დაბალი ღირსების ყოფილა, რომ ბერძენთა მეციხოვნე ჯარმა, რომელიც ჩაყენებული ყოფილა სკანდისა და შორაპნის ციხეებში, ვერ აიტანა ამ მცენარით კვება, ციხეები მიატოვა და წავიდა (ბაქრაძე, 1889; ჭყონია, 1890; ივ. ჯავახიშვილი, 1930).

ალ. მაყაშვილის (1951) მოსაზრებით, პროკოპი კესარიელის მიერ მოხსენებული „ელჳმოსი“ ურიში უნდა იყოს. ამ მარცვლეულის სახელი „ელჳმოს“ კი ნაწარმოებია ბერძნული სიტყვა „ჰელოსისაგან“ („ჰელოს“ – ჭაობი), რადგან ეს მცენარე ნესტიან ადგილებსა და ჭაობებში იზრდება (ჯავახიშვილი, 1930).

ნოქალაქევის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ. VIII-VI სს.; IV-II სს.) აღმოჩენილია ურიშის კარბონიზირებული მარცვლები. 2008 წ., ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ. IV-III სს.) გამოვლენილია ურიშის დანახშირებული მარცვლები (ბოკერია, 2010)

ამ კულტურის არსებობა დამოწმებულია დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაშიც. ურიში ერთ-ერთი უძველესი პურეულია სამეგრელოში, ეს მცენარე აქ XIX ს.-ის ბოლომდე მოჰყავდათ.

მარტვილის რაიონის სოფ. კურზუს მცხოვრებთა გადმოცემით, სამეგრელოში თესავდნენ ერთგვარ მარცვლოვან მცენარეს, რომელიც „ფატს“ (ფეტვს) ჰგავდა, მაგრამ ფეტვი არ იყო და „ფაიძასაც“, „თამაკსაც“ ეძახდნენ. ამ მცენარის პირველი სახელი „ფაიძა“ რუსულიდან ჩანს შემოსული – „Паиза“, რაც ჩინური სახელწოდების „პაიცზას“ შესატყვისია. რაც შეეხება „თამაკს“, როგორც ჩანს, ამ მცენარის ძველთაძველი მეგრული სახელია. მთიან სამეგრელოში არის სოფელი თამაკონი, სადაც თამაკი ითესებოდა (ბებია, 2003).

ურიში ერთწლოვანი კულტურაა. ის მორფოლოგიურად ძალიან ჰგავს ჩვენში ფართოდ გავრცელებულ სარეველა მცენარეს ბურჩხას – Echinochloa crus-galli (L). P. Beauv. ურიშს, ბურჩხას მსგავსად, ახასიათებს მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემა, ბარტყობის კარგი უნარი (ხშირად ათამდე ღეროს ივითარებს); ფართოფოთლიანობა და უხვი შეფოთვლა. ურიშისათვის ნიადაგს ისე ამზადებდნენ, როგორც ბრინჯისათვის. მოწეული ურიშის თავთავს ხის დანით ან ნამგლით ჭრიდნენ, ინახავდნენ სახლის სხვენზე ან ნალიაში გასაშრობად და საჭიროების შემთხვევაში ცეხვავდნენ (მაისაია, ჯინჯიხაძე, 2013).

ურიში გამოიყენებოდა საქონლის საკვებადაც. ახასიათებს მოთიბვის შემდეგ მწვანე მასის ერთდროული და სწრაფი განვითარება, რაც ვეგეტაციის პერიოდში ორჯერ მოთიბვის შესაძლებლობას იძლევა.

სამეგრელოში მცხოვრები ზოგიერთი მეურნის მონათხრობით, ურიში, როგორც საკვები პურეული, მეტად დაბალი ღირსებისაა. მის მარცვალს ძველად „ჩხვერის“ (ღომის) მსგავსად მოხარშულს ხმარობდნენ, მაგრამ ძალიან ცუდი გემოსი ყოფილა, ამ საკვებით თურმე ძირითადად ყმა გლეხები იკვებებოდნენ.

ჯ. რუხაძის (1976) მონაცემებით, ურიშს ხშირად ხელწისქვილში (მეგრულად – „სკიბუში“) ცეხვავდნენ; მისგან ფაფას (მეგრულად – „ფითი“) ან მჭადს ამზადებდნენ. ურიში მწარე გემოსი ყოფილა, მისგან გამომცხვარი პურის სტუმრისთვის მირთმევა სათაკილოდ მიაჩნდათ. სიმწარის დასაკარგად ურიშის ფაფას თაფლს ან ნიგოზს ურევდნენ.

დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ურიში ძველად სამეგრელოში ითესებოდა სამკურნალო მიზნითაც. ამ მიზნით დათესილი ურიში XX ს.-ის 50-იან წლებში ზუგდიდის რაიონის ზოგიერთ სოფელში სიმინდის ყანებში ყოფილა შერეული.

1948 წ. ურიში, სარეველა მცენარის სახით, დამოწმებულია მარტვილის რაიონის სოფ. კიწიაში (მაყაშვილი, 1951). მთხრობელთა გადმოცემით: „ურიშის მარცვალს კოლხეთში (აბაშის, მარტვილის, ზუგდიდის რაიონები) ზოგჯერ „ჩხვერის“ (ღომის) მაგივრად იყენებდნენ გრიპის წამლის „ტიბუს“ დასამზადებლად; თუ „ჩხვერის“ მარცვალი არ ჰქონდათ, მაშინ ნიორს, მწარე წიწაკას, ქონდარსა და ზაფრანას (ყვითელ ყვავილს) უმატებდნენ ურიშის მარცვლებს და ერთად წამოადუღებდნენ, ნაყენს ოფლის მოდენის მიზნით დღეში სამჯერ დაალევინებდნენ ავადმყოფს გაციების დროს“ (მაისაია და სხვ., 2005).

ამჟამად ურიში, ისევე როგორც ღომი და ფეტვი, საქართველოში აღარ ითესება.

წყარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები